დავით თარგამაძე: ახლა თავს მშვენივრად ვგრძნობ, ამისთვის დიდი მადლობა საბურთალოს

News

დავით თარგამაძე: ახლა თავს მშვენივრად ვგრძნობ, ამისთვის დიდი მადლობა საბურთალოს

  • დავით თარგამაძე ფეხბურთში დაბრუნების შესახებ...
  • როგორ შეეგუა ნაკრების ყოფილი წევრი საბურთალოს და რას ფიქრობს კლუბის პერსპექტივაზე

დავით თარგამაძე იმ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლის იმედი ქართველ გულშემატკივრებს განსაკუთრებულად ჰქონდა, მაგრამ მას ტრავმებმა შესაძლებლობების სრულად გამოვლენაში ხელი არაერთხელ შეუშალეს. იყო პერიოდი თარგამაძე ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახლდათ და გერმანიაში ბაიერნის წინააღმდეგ თამაშობდა. ახლა კი ნაკრების ყოფილი წევრი საბურთალოშია და ყველაფერს თავიდან იწყებს...

ტრამვით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნება, ბევრ ფეხბურთელს ფსიქოლოგიურადაც უჭირს, არსებობს გარკვეული შიშის მომენტი. შენ შემთხვევაშიც ასე იყო ?

გარკვეულწილად კი და ეს ბუნებრივიცაა. როდესაც რამდენიმე ოპერაციის შემდეგ უბრუნდები სავარჯიშო პროცესს, არის შიშის მომენტი, რომ ტრავმა კვლავ არ მიიღო, მაგრამ ეს შიში აუცილებლად უნდა დაძლიო თორემ არაფერი გამოვა. ახლა თავს მშვენივრად ვგრძნობ, ამისათვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საბურთალოს, ეს გუნდი ყველანაირად გვერდში მიდგას.

1111111

შენი ფეხბურთში დაბრუნება ყველას გვახარებს, სავარაუდოდ გექნებოდა შეთავაზებები უკრაინიდანაც, ამ ქვეყნის ჩემპიონატში ხომ არაერთი წარმატებული სეზონი ჩაატარე?

გარკვეული შემოთავაზებები მართლაც იყო, მაგრამ ამ ეტაპზე თავი შევიკავე. მირჩევნია საქართველოში ვითამაშო შინაურ გარემოში და აქ აღვიდგინო ძველი კონდიციები. ისე კი აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ რთულ პერიოდში უკრაინელები დიდ ინტერესს იჩენდნენ ჩემი ჯანმრთელობის მიმართ.

საბურთალოზე რას გვეტყვი?  თბილისური გუნდი ბევრისთვის მოულოდნელად ჩემპიონატის ლიდერია...

საბურთალო ნათელი მაგალითია იმის, თუ როგორ უნდა განვითარდეს კლუბი. პრაქტიკულად ამ მწვრთნელით და ამ  შემადგენლობით ქვედა ლიგიდან დაიწყეს და ახლა სადაც არიან თავად ხედავთ. დარწმუნებული ვარ საბურთალოს პროგრესი კვლავ გაგრძელდება და რაც მთავარია გუნდი სტაბილურობას შეიძენს.

გია ჭიაბრიშვილთან მუშაობა მართლაც ერთი სიამოვნებაა, მისი მეშვეობით გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა შექმნილი და ამის გარეშე კი რაიმე სახის წარმატებაზე ფიქრი წარმოუდგენელია. საბურთალოში სწორად რომ მუშაობენ იქიდანაც კარგად ჩანს, რომ ახალგაზრდულ და ასაკობრივ ნაკრებში ამ გუნდიდან ყოველთვის მრავლად იძახებენ ფეხბურთელებს.

Targamadze

ერთია საქართველოს ჩემპიონატში წარმატებული თამაში და მეორე ევრო ტურნირებზე ასპარეზობა, როგორ ფიქრობ ამ ფორმაციის საბურთალოს, რა პერსპექტივა აქვს ევროთასებზე?

გუნდი საკმაოდ ტექნიკურ, სწორ ფეხბურთს თამაშობს. მრავლად არიან ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეები, რომლებიც გამოცდილებას თანდათანობით იძენენ. მთავარი კომპონენტი, რაშიც მოსამატებელი გვექნება ფიზიკური კონდიციებია. ვფიქრობ ევროტურნირებამდე კიდევ უფრო შევთამაშდებით და გავძლიერდებით.

ეროვნულმა ლიგამ შენზე რა შთაბეჭდილება დატოვა? ბევრის აზრით, გუნდების რაოდენობის ათამდე შემცირებას აშკარად დადებითი შედეგი ჰქონდა...

პროგრესი რომ არის ეს უდავოა. პრაქტიკულად არ არსებობს ჩემპიონატში იოლი მატჩი. საბურთალოსთან ერთად, მინდა გამოვარჩიო ჩვენი კონკურენტები დინამო და გორის დილა, რომლებიც ასევე კარგად თამაშობენ. როგორც წლების წინ იყო, გუნდებს ახლა ელემენტარული პორობელმები აღარ აწუხებთ. 

მთავარი ინფრასტრუქტურული საკითხის მოგვარებაა, ამ მხრივაც ბევრია გაკეთებული და როგორც ვიცი ეხლაც კეთდება. თუ მივაღწევთ იმას, რომ ყველა გუნდს არამარტო სტადიონი, არამედ ნორმალური საწვრთნელი ბაზაც ექნება, სადაც ფეხბურთელებს თამაშის და ვარჯიშის შემდეგ აღდგენა შეეძლებათ, პროგრესი კიდევ უფრო აშკარა იქნება.

საინტერესოა შენი შეფასება ეროვნულ ნაკრებზე? ტრავმიანობამდე, ხომ ნაკრების წევრი იყავი?

მიუხედავად იმისა, რომ განვლილ შესარჩევში თამაში ვერ მოვიგეთ - რის გამოც ბევრი აკრიტიკებდა მთავარ მწვრთნელს, მერწმუნეთ, გუნდის პროგრესი აშკარად იგრძნობოდა - მე, როგორც ფეხბურთელს, ამის თქმა არაერთ სათამაშო კომპონენტზე შემიძლია. ფაქტია, ნაკრები ახლა გაცილებით ბრძოლისუნარიანია, კარგად ორგანიზებულია და ეს ჯერ ყაზახეთთან და შემდეგ ლატვიასთან მატჩებშიც გამოჩნდა.