ტორპედოს დამაჯერებელი მოგება და ჩიხურას ფრე მარიბორთან!

News

ტორპედოს დამაჯერებელი მოგება და ჩიხურას ფრე მარიბორთან!

  • ტორპედო 3:0 ვიკინგური
  • ჩიხურა 0:0 მარიბორი

ქუთაისის ტორპედომ ევროპის ლიგის პლეი-ოფის მატჩი, ფარერის კუნძულების გუნდთან - ვიკინგურთან ითამაშა და მეტოქე რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დამაჯერებლად - 3:0 დაამარცხა.

პირველი გოლი მატჩში სტანდარტული სიტუაციიდან თორნიკე კაპანაძემ გაიტანა და ქუთაისელები დააწინაურა - 1:0. შემდეგ, მიმდინარე ევროთასებზე გიორგი ქიმაძემ სახლის მატჩში შერიფის მსგავსად, ვიკინგურსაც გაუტანა და სხვაობა ორამდე გაზარდა - 2:0. საბოლოო ანგარიში კი ლევან კუტალიამ თავური დარტყმით დააფიქსირა - 3:0.

ტორპედო1

ლევან კუტალია მატჩის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ტორპედოელთა შემტევეს ჰაერის უკმარისობა აწუხებდა. კუტალია გუნდს ფარერებზე აღარ გაჰყვება და მზადებას (თუ ქუთაისელები ვიკინგურს გაცდებიან) შემდეგი ეტაპისთვის განაგრძობს.

"რთულია, ეთამაშო გუნდს, რომელიც მთელი მატჩი დაცვაში დგას..." თქვა მატჩის შემდეგ კახაბერ ჩხეტიანმა. "კარგი ანგარიშია 3:0, მაგრამ წყნარად ყოფნის საშუალება და უფლება არ გვაქვს. წინ განმეორებითი მატჩია და იქაც უნდა მოვიგოთ!" აცხადებს ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელი.

მიშიკო
საჩხერელთა მიშიკო სარდალიშვილი მარიბორის მცველების წინააღმდეგ

დრამატული აღმოჩნდა საჩხერის ჩიხურას თბილისური მატჩი სლოვენიური მარიბორის წინააღმდეგ. სოსო ფრუიძის გუნდმა მატჩის მიმდინარეობისას რამდენიმე რეალური მომენტი ვერ გამოიყენა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, სადაც ირაკლი ბუღრიძეს ორჯერ შეეძლო მასპინძელთა დაწინაურება.

თუმცა მომენტები მარიბორსაც ჰქონდა. "მე მაინც მგონია, გუნდისთვის ერთიანი სულისკვეთება ყველაზე დიდი ძალაა..." განაცხადა თამაში შემდეგ სოსო ფრუიძემ. საპასუხო მატჩებს ტორპედო და ჩიხურა 2 აგვისტოს გამართავენ.