- ინტერვიუ ეროვნული ლიგა 2-ის პირველი წრის საუკეთესო მოთამაშესთან
30 წლის იაგო დეისაძე ეროვნული ლიგა 2-ის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ნორჩი დინამოს შემტევმა 9 მატჩში 6 გოლი გაიტანა და ჯერჯერობით ისაა საუკეთესო ბომბარდირიც.
ჩვენთან ინტერვიუში დეისაძე საინტერესო ამბებს ჰყვება:
უპირველესად, დიდი მადლობა ყურადღებისთვის და აღიარებისთვის. ეროვნულ ლიგა 2-ში არაერთი კარგი ფეხბურთელი თამაშობს და მათ შორის გამორჩევა სასიამოვნოა.
პირადად ვის დაასახელებდი საუკეთესოდ?
ეროვნულ ლიგაში ოთარ კიტეიშვილს და სწორედ ის გახდა კიდეც საუკეთესო. ეროვნულ ლიგა 2-ში კი გამორჩევა გამიჭირდება.
30 წლის ასაკში ასეთი პროგრესი არცთუ ხშირია. შენს კარიერას რომ გადავხედოთ, თავიდან იყავი თბილისის მერანში, მერე კი თითქმის სულ რანგით მეორე და მესამე ლიგებში გაქვს ნათამაშევი. რატომ?
ბევრი მიზეზი იყო. თურქეთში წაგვიყვანა მენეჯერმა, იქ არაფერი გამოვიდა და მერე არც აქ მოინდომეს უმაღლესლიგელებმა ჩემი აყვანა. 2012 წელს ლანჩხუთის გურია გადავიდა უმაღლესში, მეც იმ გუნდში ვიყავი და პირველი ლიგის ბომბარდირი გავხდი. ნახევარ სეზონში 14 გოლი გავიტანე. მაინც დაიშალა ის გუნდი. ნორჩი დინამო რომ შეიქმნა, ჩემს უფროს ძმას, იაკობ დეისაძეს დავუდექი გვერდში. ყველაფერი კარგად მიდის, შარშან ლიგა 3-დან გადმოვედით და აქაც ლიდერთა შორის ვართ. კიდევ იყო სხვა მიზეზები და იმიტომაც გვეშლება ხელი.
კონკრეტულად?
საიდან არ ჩამოჰყავდათ ადრე ფეხბურთელები ტორპედოში, თვითონ ქუთაისელებს კი არ აფასებდნენ. არც პირველი ვარ და არც ბოლო, რომელიც ასეთ უყურადღებობას წააწყდა. ჩემი ძმა რომ არა, ალბათ, ქვედა ლიგაც სანატრელი მექნებოდა.
ახლა თუ გაქვს ეროვნული ლიგის გუნდებიდან წინადადებები?
ახლა კი არის, მაგრამ ნორჩი დინამოდან წასვლაზე არ ვფიქრობ.
გუნდმა საკმაოდ მოუმატა, ბოლო ოთხი მატჩი მოიგო და მიზანი ალბათ ეროვნულ ლიგაში გადასვლა იქნება...
თავიდან არ იყო ეს მიზანი. ითქვა, რომ ხუთეულში მოხვედრა კარგი იქნებოდა, ახლა კი, მადა ჭამაში მოდისო. კარგი შემადგენლობა გვყავს. თანაბარი ჩემპიონატია და ვერ გაიგებ, ვინ როდის ვის მოუგებს. გამოკვეთილი ფავორიტი არავინაა. ერთადერთი, ბათუმის დინამოს თუ დაასახელებ, რადგან მეტი ფინანსური საშუალება აქვს. კარგია, რომ ასეთი ჩემპიონატია, მოდუნების საშუალება არ გეძლევა...
ნორჩი დინამოს საშუალო ასაკი სხვებისას აღემატება. ეს დამატებითი პლუსია?
ალეკო გოგობერიშვილი და სევასტი თოდუა 40 წელს გადაცილდნენ, მაგრამ კარგად თამაშობენ და რატომ არ უნდა ითამაშონ?! არ უჭირთ და აქედან ჩანს, რომ ესე იგი, მათზე იმედის დამყარება სწორი გადაწყვეტილებაა.
გატანილი 6 გოლიდან რომელს გამოარჩევ? როგორც სილამაზით, ასევე მნიშვნელობითაც...
სილამაზით ცხინვალთან გატანილი. გადმოვარდნილ ბურთს ერთი შეხებით დავარტყი. მნიშვნელობით გამოვარჩევ თელავში გატანილს. ვაგებდით, გავათანაბრე, საბოლოოდ კი მოვიგეთ.