საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებამ ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის პირველი ტურის განრიგი დაამტკიცა. საიუბილეო, 30-ე ჩემპიონატი 1 მარტს ეროვნული ლიგა 2-ის ორი მატჩით დაიწყება, ეროვნული ლიგა კი ერთი დღით გვიან აიღებს სტარტს. ეროვნულ ლიგას მოქმედი ჩემპიონი, ქუთაისის "ტორპედო" გახსნის საშინაო მატჩით - იმერლები "რამაზ შენგელიას სტადიონზე" გორის "დილას" უმასპინძლებენ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალ ჩემპიონატშიც აქტიურად გააგრძელებს გაშუქებაზე მუშაობას და, რა თქმა უნდა, სატელევიზიოს გარდა, ეროვნული ლიგის ყველა მატჩის ინტერნეტ-ტრანსლაციას განახორციელებს. გარდა ამისა, სიახლეა ის, რომ მოხდება ეროვნული ლიგა 2-ის ყველა ტურის ცენტრალური მატჩის ჩვენებაც.
News