ზამთრის თასი 2018 - ლოკომოტივი ჩემპიონია!

Photo

ზამთრის თასი 2018 - ლოკომოტივი ჩემპიონია!

14 იანვარს, ზამთრის თასი 2018-ის ფინალური შეხვედრა გაიმართა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ერთმანეთს ეროვნული ლიგის წარმომადგენელი „ლოკომოტივი“ და ეროვნულ ლიგა 2-ში ახლად გადმოსული „შევარდენი“ დაუპირისპირდნენ. 

შეხვედრა ლოკომოტიველთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათი დამაჯერებელი გამარჯვებით - 4:0 დასრულდა. ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა მატჩი პირველი წუთებიდან აქტიური შეტევებით დაიწყო და თეიმურაზ შონიამ უკვე მე-7 წუთზე მოახერხა ანგარიშის გახსნა. ამ მომენტიდან ზუსტად 2 წუთში დავით ოდიკაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და „ლოკომოტივმა“ ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. პირველი ტაიმის დასრულებამდე ლოკომ მეტოქის კარში კიდევ ერთი გოლი გაიტანა. მე-12 წუთზე გიორგი გაბაძემ სხვაობა სამამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში მეორე ნახევარში დაფიქსირდა, მე-18 წუთზე გიორგი ნადირაძის კარი გიორგი კიკნაძემ აიღო.

ფინალურ შეხვედრამდე გულშემატკივარმა მესამე ადგილისთვის მატჩი იხილა. „ნორჩი დინამოსა“ და "ვიტ ჯორჯიას“ შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 5:5 დასრულდა. პენალტების სერია კი დინამოელებმა უკეთ შეასრულეს და მეტოქე ანგარიშით - 4:3 დაამარცხეს. 

ზამთრის თასი 2018-ის საუკეთესო მოთამაშედ თბილისის „ლოკომოტივის“ კაპიტანი დავით უბილავა დასახელდა. ბომბარდირი კი 8 გატანილი გოლით თბილისის „ნორჩი დინამოს“ შემტევი, გიორგი ჯინიკაშვილი გახდა.

ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. გუნდებსა და გამორჩეულ მოთამაშეებს კუთვნილი ჯილდოები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორმა, ზაზა დოლიძემ გადასცეს. თბილისის „ლოკომოტივმა“ ჩემპიონის თასთან ერთად 15 000 ლარი მიიღო, მეორე ადგილოსან „შევარდენს“ 10 000 ლარი გადაეცა, მესამე ადგილზე გასულ „ნორჩ დინამოს“ კი - 5000.