ეროვნული ლიგა 2: ჯაბა დვალი

News

ეროვნული ლიგა 2: ჯაბა დვალი

ჯაბა დვალს ეროვნული ტიტულები ნამდვილად არ აკლია, მან თბილისის „დინამოში“ ორჯერ ქვეყნის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო ერთხელ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასსა და სუპერთასს დაეუფლა.

32 წლის ფეხბურთელმა „ზესტაფონის“ შემადგენლობაში ოქროს მედლები ორჯერ მოიპოვა, ხოლო თითოჯერ თასი და სუპერთასი აღმართა.

დვალს საქართველოს ფარგლებს გარეთაც უთამაშია მოლდოვურ „დაჩიაში“ და აზერბაიჯანულ აგდამის „ყარაბაღში“. აგდამელებთან ერთად აზერბაიჯანის ჩემპიონატის ოქროს მედლებიც მოიპოვა.

დვალი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბომბარდირი ორჯერ იყო - 2005-06 წლების სეზონში „დინამოს“ მაისურით 21 გოლი გაიტანა, ხოლო 2011-12 წლების სეზონში „ზესტაფონის“ რიგებში მეტოქეთა კარი 20-ჯერ აიღო.

ამჟამად, გამოცდილი ფორვარდი ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარ „სიონში“ გამოდის და ბოლნისელები რომ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებისთვის იბრძვიან, მის მიერ გატანილი გოლების დამსახურებაა. სეზონის დასკვნითი ეტაპი წინაა და დვალს პროფესიონალურ კარიერაში პირადი რეკორდის (21 გოლი სეზონში) გაუმჯობესების შანსიც აქვს.

ლიგა 2-ის ერთ-ერთი ბომბარდირი ჩვენი ჟურნალის სტუმარია...

- სეზონის დასაწყისში „სიონში“ რატომ გადახვედი? ეროვნული ლიგის კლუბებიდან წინადადება არ გქონდა?

- კონტრაქტი მოლდოვურ „დაჩიასთან“ მაკავშირებს, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერში მთავრდება. ზამთარში იყო შანსი, მოლდოვაში დავბრუნებულიყავი. შემდეგ რაღაც გუნდების ვარიანტი მქონდა, მაგრამ „დაჩიამ“ არ გამიშვა, ზოგან მე არ მოვინდომე წასვლა.

 საბოლოოდ, უთამაშებელი რომ არ ვყოფილიყავი, ნახევარი სეზონი იჯარით „სიონში“ თამაში გადავწყვიტე, ხოლო შემდეგ განათხოვრების ვადა გავახანგრძლივეთ.

- ბოლოს ქვედა ლიგაში, რომელსაც მაშინ პირველი ლიგა ერქვა, 12 წლის წინ თბილისის „დინამო 2“-ში ითამაშე. მაშინდელთან შედარებით ახლა რა მდგომარებაა ლიგა 2-ში?

- მე რომ ვთამაშობდი, პირველ ლიგაში ბევრი გუნდის დუბლშემადგენლობები გამოდიოდნენ. შეიძლება ითქვას, დუბლების ჩემპიონატი უფრო იყო. ანუ პირველი ლიგაში უმეტესად ის ფეხბურთელები თამაშობდნენ, რომლებიც უმაღლეს ლიგაში მთავარ გუნდში ვერ ხვდებოდნენ.

ახლა სულ სხვა ვითარებაა. ლიგა 2-ის ზოგიერთი გუნდი ეროვნულ ლიგაშიც თავისუფლად ითამაშებდა. მაგალითად, „რუსთავმა“ საქართველოს თასის 1/4-ფინალში თბილისის „დინამოსთან“ ფრე ითამაშა და მხოლოდ პენალტების სერიაში გავარდა. უფრო მეტიც, ლიგა 3-ის ხონის „იმერეთი“ თასის 1/2-ფინალში გავიდა...

- ეროვნულ ლიგასთან შედარებით ლიგა 2-ში თამაში გიადვილდება?

- ლიგა 2 იქნება თუ მე-5 ლიგა, თამაში ადვილი არსადაა. ხომ ამბობდნენ წლების განმავლობაში, უმაღლეს ლიგაში ფეხბურთელები დადიანო და 2 კილომეტრსაც ვერ დარბიანო. ახლა როდესაც პოლარის სისტემის შედეგები დაიდო, აღმოჩნდა, რომ ჩვენთანაც 10 კილომეტრზე ნაკლებს არ დარბიან.

ჩემი მოვალეობა გოლის გატანაა და ეს ლიგა 2-შიც არაა ადვილი. არ ვიძახი, რომ სერია ა გვაქვს, მაგრამ ადრინდელივით გასასეირნებელი მატჩები აღარ არის.  

- როგორ ფიქრობ, ეროვნულ ლიგასა და ლიგა 2-ში 10-გუნდიანმა ფორმატმა გაამართლა?

- 10-გუნდიანმა ფორმატმა გაამართლა. ადრე თუ ზოგ გუნდს თამაშზე წასასვლელი ან თუნდაც საჭმლის ფული არ ჰქონდა, მსგავსი რამ აღარ ხდება. ნელ-ნელა სტადიონებიც გვემატება, იგივე, დავით პეტრიაშვილის არენა ძალიან კარგია. 10-გუნდიან ჩემპიონატში ვინ ვის მოუგებს, წინასწარ რთული სათქმელია. ლიგა 2-შიც ძალიან კარგი გუნდებია - „ვიტ ჯორჯია“, „გაგრა“, „სამგურალი“. ამიტომ მოდუნების საშუალება არ გაქვს და სულ ტონუსში ხარ, როდესაც ზურგსუკან სუნთქვა გესმის. ფეხის დაცდენის უფლება არ გაქვს. ჩემპიონატის დონემ რომ აიწიოს, დაძაბულობა უნდა იყოს, რაც მიმდინარე სეზონში ნამდვილადაა.

- ლიგა 2-ის ბომბარდირის წოდებისთვის იბრძვი და ეს შენთვის რამდენად მნიშვნელოვანია?

- ცხადია, თავდამსხმელისთვის მთავარი გოლის გატანაა. რაც მეტი გაგაქვს, გუნდს უფრო ეხმარები წარმატების მიღწევაში. თუმცა, ჩემთვის გოლების გარდა, მთავარი გუნდის წარმატებაა. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ ფეხბურთელი ბომბარდირი გამხდარა, მაგრამ მის გუნდს შედეგი ვერ უჩვენებია. მაგალითად, მე 10:0 მოგებულ მატჩში 8 გოლის გატანას, მირჩევნია, როდესაც ანგარიში 0:0 ან 1:1-ია, გადამწყვეტი გოლი გავიტანო.

- 32 წლის ხარ და კარიერის დასრულებაზე ხომ არ ფიქრობ?

- ჩემი აზრით, სადაც არ უნდა თამაშობდე, ვიდრე შეგიძლია შედეგი აჩვენო, დატვირთვებს გაუძლო და გოლები გაიტანო, კარიერა არ უნდა დაასრულო. თუ იმის თავი გაქვს, რომ დაკისრებული მოვალეობა შეასრულო და გუნდის წარმატებაში წვლილი შეიტანო, უნდა ითამაშო!