იმერული დერბი ტორპედოს გამარჯვებით დასრულდა

News

იმერული დერბი ტორპედოს გამარჯვებით დასრულდა

4-5 ნოემბერს ეროვნულ ლიგაში 33-ე ტურის მატჩები გაიმართა. 

რამდენიმე თვიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა ფოთის „კოლხეთმა“. ფოთელებმა საკუთარ მოედანზე გორის „დილას“ უმასპინძლეს და 23 მაისის შემდეგ პირველად მოიგეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გავიდა. 43-ე წუთზე „კოლხეთის“ უკრაინელმა ლეგიონერმა, იგორ ბორვკომ ალეკსანდრ დერებჩინსკისთან კედელი გაითამაშა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ერთი შეხებით გაიტანა. ამ გამარჯვებით ფოთელებმა მეცხრე ადგილი განიმტკიცეს და გადათამაშებაში ასპარეზობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს. 

მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა თბილისის „ლოკომოტივმა“. თბილისელებმა საკუთარ მოედანზე ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლეს და ფრედ 2:2 ითამაშეს. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა და მაყურებელმა საინტერესო სანახაობა იხილა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, მე-19 წუთზე მარსელინიომ საკუთარი გუნდის სწრაფი კონტიერიში დაასრულა შედეგიანი დარტყმით. გაშვებული გოლის შემდეგ ლოკო გააქტიურდა და მალევე გაათანაბრა. 26 წუთზე გიორგი რეხვიაშვილი შეტევის მარცხენა ფლაგიდან საჯარიმოში შეიჭრა და გიორგი სომხიშვილს ძლიერი დარტყმით გაუტანა. პირველი ნახევრის დარჩენილ დროში მომენტები ორივე კართან შეიქმნა, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა. მეორე ტაიმი ანალოგიური სცენარით წარიმართა, ორივე გუნდი ბევრს უტევდა. 57-ე წუთზე ჯეფინიომ მცველების უყურადღებობით ისარგებლა და ქობულეთელები მეორედ დააწინაურა. ამის შემდეგ სათამაშო უპირატესობას „ლოკომოტივი“ დაეუფლა, „შუქურა“ კი, ძირითადად კონტრშეტევებზე ცდილობდა საკუთარი თამაშის აგებას. ლოკომოტიველთა შეტევებმა შედეგი 72-ე წუთზე გამოიღო, ლუკა სილაგაძის გამჭოლი გადაცემით ცარიელ კარში გიორგი დიასამიძემ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ სილაგაძისთვის ეს ეროვნულ ლიგაში სადებიუტო შეხვედრა იყო. მოპოვებული ქულით „შუქურამ“ უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნების შანსი დაიტოვა.

მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა „დავით პეტრიაშვილი არენაზე“. თბილისის „საბურთალომ“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა და ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. საბურთალოელთათვის აღნიშნულ შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. საჩხერლებს კი, პირიქით სატურნირო მოტივაცია თითქმის არ ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, სოსო ფრუიძის გუნდმა მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და დამსახარებული გამარჯვება მოიპოვა. ანგარიში მე-13 წუთზე „ჩიხურამ“ გახსნა. დიმიტრი ტატანაშვილმა ლაზარე კუპატაძის შეცდომით ისარგებლა და ირაკლი ლექვთაძეს გაატანინა. გაშვებული გოლის შემდეგ „საბურთალომ“ შეტევა სცადა, მაგრამ თამაშს საჩხერელები აკონტროლებდნენ და თბილისელებს შეტევების ორგანიზება ძალიან უჭირდათ. მასპინძლებმა წონასწორობა მატჩის მეორე ნახევარში აღადგინეს, 70-ე წუთზე ნოდარ იაშვილის ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით დავით ვოლკოვმა გაიტანა. თბილისელებმა მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს და მალევე „ჩიხურამ“ გამარჯვების გოლი გაიტანა. მე-80 წუთზე ლევან კაკუბავამ საჯარიმოს მისადგომებიდან მოჭრილი დარტყმით აიღო მეტოქის კარი. მარცხის მიუხედავად „საბურთალო“ მეოთხე ადგილზე რჩება. „ჩიხურას“ კი, ოთხეულში მოხვედრის თეორიული შანსი გაუჩნდა. 

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა თბილისის „დინამომ“. თბილისელებმა საკუთარ მოედანზე ბათუმის „დინამო“ მიიღეს და ანგარიშით 4:0 მოიგეს. მთელი მატჩის განმავლობაში სათამაშო უპირატესობას დედაქალაქელები ფლობდნენ. ანგარიში მე-19 წუთზე გაიხსნა, ლევან გეგეჭკორმა საშუალო მანძილიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა. შეხვედრა შედარებით დაბალ ტემპში გაგრძელდა და პირველ ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა. თბილისელებმა უპირატესობის განმტკიცება მეორე ტაიმის სტარტზევე მოახერხეს, 49-ე წუთზე გეგეჭკორის ჩაწოდების შედეგად თავური დარტყმით ბექა მიქელთაძემ გაიტანა. თამაში კვლავ მშვიდ რიტმში გაგრძელდა, ბურთს მასპინძლები აკონტრლებდნენ სტუმრები კი, კონტრშეტევებით ცდილობდნენ მომენტების შექმნას. საბოლოოდ თბილისის „დინამომ“ მატჩის მიწურულს მეტოქეს კიდევ ორჯერ გაუტანა. 79-ე და 82-ე წუთებზე გატანილი გოლებით მიქელთაძემ ჰეთ-ტრიკი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. 

უშუალო კონკურენტის მსგავსად უპრობლემოდ მოიგო ქუთიასის „ტორპედომ“. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართულ იმერულ დერბიში ქუთაისელები „სამტრედიას“ დაუპირისპირდნენ და 2:0 დაამარცხეს მეტოქე. აღსანიშნავია, რომ ანგარიში მატჩის რეალურ სურათს არ ასახავს და მასპინძლებს კიდევ უფრო დიდი სხვაობით მოგება შეეძლოთ. ტორპედოელთა მხრიდან ორივე გოლი თორნიკე კაპანაძის ანგარიშზეა. ფორვარდმა პირველად მე-13 წუთზე გაიტანა. აუტის მოწოდების შემდეგ კაპანაძე ხელსაყრელ სიტუაციაში აღმოჩნდა და მახვილი კუთხიდან აიღო მიგინეიშვილის კარი. მეორე გოლი 70-ე წუთზე გავიდა. სამტრედიელთა მცველების უყურადღებობით გიორგი ქიმაძემ ისარგებლა და საჯარიმოში შეჭრილმა კაპანაძეს ცარიელ კარში გაატანინა. მოპოვებული სამი ქულით „ტორპედომ“ თბილისის „დინამოსთან“ არსებული ოთხქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა და ჩემპიობისთვის ბრძოლას განაგრძობს. „სამტრედია“ კი, საჩემპიონო რბოლას საბოლოოდ ჩამოშრდა და პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ უჩა სოსიაშვილის გუნდი ეროვნულ ლიგას მესამე ადგილზე დაასრულებს. 

33-ე ტურის დასრულების შემდეგ ეროვნულ ლიგაში სანაკრებო პაუზა გამოცხადდა და მორიგი, 34-ე ტურის მატჩები 18 ნოემბერს გაიმართება.

ფოტო - www.fctorpedo.ge