რაც ეროვნული ლიგა დაიწყო, საბურთალო ცხრილის შუაში ტრიალებს. ალბათ, გუნდს უფრო მეტი ქულა ექნებოდა, რომ არა წამყვანი ფეხბურთელების ტრავმიანობა. სხვადასხვა დროს ბევრი გაუცდათ გიორგი ხარაიშვილს, თედორე გრიგალაშვილს გრიგოლ ჩაბრაძეს, ნოდარ იაშვილს... გურამ გოშთელიანი კი კვლავაც დაშავებულია.
გიორგი ჭიაბრიშვილს საბურთალოს ამბებზეც ვკითხეთ, თუმცა უფრო საერთო საფეხბურთო პრობლემებზე ვესაუბრეთ:
საბურთალოსთვის სეზონის პირველი ნახევარი რომ შევაფასოთ, ვფიქრობ, ნორმალური შედეგი გვაქვს. იყო თამაშები, როცა ხუთი-ექვსი ფეხბურთელი გვაკლდა, რამაც იმოქმედა თამაშის ხარისხზე და შესაბამისად, შედეგზეც. თუმცა წამყვანი ფეხბურთელების ტრავმებმა საშუალება მოგვცა, შედარებით ახალგაზრდები გვენახა საქმეში.
არაერთმა საბურთალოელმა ითამაშა 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე. მათი გამოსვლით უკმაყოფილო არ უნდა იყოთ...
მათ ეროვნულ ლიგაში კარგი თამაშით დაიმსახურეს ნაკრებში მოხვედრა. გამოცდილება მიიღეს და ნაკრებშიც მშვენივრად წარმოაჩინეს თავი. ლუკა ლაკვეხელიანი, ნიკოლოზ მალი, გიორგი კოხრეიძე, გიორგი ქოჩორაშვილი - ისინი ჩამოვთვალე, რომლებიც სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ევროპის ჩემპიონატზე. ყველამ დავინახეთ, რომ საბურთალოს და მთლიანად ქართულ ფეხბურთს კარგი თაობა ეზრდება.
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ამ ფეხბურთელებს უცხოეთის კლუბებიდან შემოთავაზებები აქვთ?
ინტერესის დონეზე არის. კონკრეტული წინადადება კონტრაქტზე არ ყოფილა, მაგრამ ინტერესი გაჩნდა. ისე ითამაშა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა, რომ ეჭვი არ მეპარება, სკაუტები გვარებს ჩაიწერდნენ. მართალია, ნაკრები ნახევარფინალში ვერ გავიდა, მაგრამ ჩანდა თამაშის ხარისხი, მწვრთნელის ნამუშევარი. ვერ ვიტყვი, რომ ეს საუკეთესო თაობაა ქართულ ფეხბურთში და თითქოს მსგავსი არ გვყოლია. თუმცა ამის ფონზეც არაფერი დაუთმეს ევროპის წამყვან ნაკრებებს და თავისუფლად შეიძლებოდა, მეტისთვისაც მიგვეღწია.
საბურთალოს დავუბრუნდეთ და, კონკრეტულად ვაგნერ გონსალვესზე გკითხავთ: ბელგიურ სერკლ ბრიუგეში გადავიდა. შეძლებთ მის სრულფასოვნად შეცვლას?
პირდაპირ ვიტყვი, ვაგნერ გონსალვესი განსხვავებული დონისა და ყაიდის ფეხბურთელია. მისი არყოფნა დაგვეტყობა. ვფიქრობ, ვაგნერი მთლიანად ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო.
გაზაფხული-შემოდგომის სისტემა, ათი გუნდი ოთხ წრედ - საინტერესოა თქვენი აზრი.
დადებითად ვუყურებ რამდენიმე ფაქტორის გამო. უფრო მეტი დაძაბულობაა და თუნდაც ის გავიხსენოთ, რომ ქართული კლუბები ევროტურნირებზე ყველაზე შორს სწორედ მაშინ გადიოდნენ, როცა ათგუნდიანი, ან თორმეტგუნდიანი ჩემპიონატი ტარდებოდა. ზესტაფონი, დილა, თბილისის დინამო - ამ გუნდებს ჯგუფამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ.
წლეულს კი ევროტურნირებზე ცუდი შედეგი მივიღეთ...
დიახ, ამ ზაფხულს კარგი ვერაფერი დავინახეთ, მაგრამ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. რაც მთავარია, შეცდომები სწრაფად უნდა გავაანალიზოთ. სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ყველაფერს აკეთებს კლუბების დასახმარებლად, ოღონდ დამატებით კლუბებმაც უნდა იზრუნონ, რათა განვითარდნენ. ყველაფერი იდეალურად არსად კეთდება, მაგრამ ძალისხმევა რომ არის და ეროვნულ ლიგაშიც მეტი ინტერესია, ფაქტია.
გულისხმობთ თამაშების გაშუქებას და სხვა ორგანიზაციულ მხარეებს?
თუნდაც გაშუქება რად ღირს. საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებზე უცხოური კლუბებიდან მოთხოვნა გაიზარდა. ეს იმიტომ, რომ ჩაკეტილი აღარაა და რაც თვალსაჩინოა, თუნდაც ინსტატ-ის პროგრამით შეუძლიათ გაეცნონ ფეხბურთელებს. ფედერაციამ ამ მხრივ მართლაც კარგი საქმე გააკეთა. აი, წავიდნენ კიდეც ჩვენს კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელები: ვაგნერი, საბა ლობჟანიძე, ბაჩანა არაბული, გიორგი პაპუნაშვილი, ლეანდრო... ისინი უკეთეს ჩემპიონატებში მოხვდნენ და მათი წასვლით ჩვენი ჩემპიონატის დონე ცოტა დაიკლებს, მაგრამ იმისთვის არსებობენ ახალგაზრდები, რომ ისინი შეცვალონ.
ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველო ვერ გახდება ის ქვეყანა, რომელიც ტოპ-ლიგას შექმნის. ჩვენ უნდა გავზარდოთ ფეხბურთელები, ვეცადოთ, ისინი გარკვეულ ასაკამდე შევინარჩუნოთ, მათთან ერთად მივაღწიოთ გარკვეულ წარმატებებს, შემდეგ კი გავყიდოთ. ოღონდ ტრანსფერიდან შემოსული თანხა ისევ ახალი ტალანტების გაზრდას უნდა მოხმარდეს. საამისოდ კი საჭიროა აკადემიების შექმნა, ინფრასტრუქტურის განვითარება.
© www.eliga.ge