ტორპედომ სამტრედია დაამარცხა და მეორე ადგილი განიმტკიცა

News

ტორპედომ სამტრედია დაამარცხა და მეორე ადგილი განიმტკიცა

27-28 მაისს, ეროვნული ლიგის მეთხუმეტე ტურის მატჩები გაიმართა.

ტურის პირველ შეხვედრაში სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს ფოთის „კოლხეთი“ და გორის „დილა“ დაუპირისპირდნენ. დაძაბული შეხვედრა გატანილი გოლები გარეშე 0:0 დასრულდა. გუნდებმა დაბალ ტემპში ითამაშეს და სახიფათო მომენტებიც იშვიათად იქმნებოდა. ამ ფრით სატურნირო ცხრილში არაფერი შეცვლილა. ფოთელებს 15 ქულა დაუგროვდათ და კვლავ მეცხრე ადგილზე არიან, გორელები კი, 19 ქულით მეშვიდე პოზიციას იკავებენ.

ქობულეთის „შუქურამ“ მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქობულეთელები სტუმრად თბილისის „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდნენ და დამაჯერებლად 3:0 დაამარცხეს მეტოქე. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული შეხვედრა „შუქურას“ მთავარი მწვრთნელის რანგში გიორგი შაშიაშვილისთვის პირველი იყო. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ის ქობულეთელთა უპირატესობით წარიმართა და მასპინძლებმა მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. ანგარიში მე-13 წუთზე გაიხსნა, ირაკლი კლიმიაშვილის მოწოდებული კუთხურის შემდეგ თავური დარტყმით ირაკლი კალანდაძემ გაიტანა. აჭარლებმა მეორე გოლის გატანაც მალევე მოახერხეს. მე-16 წუთზე მცველების შეცდომით ალექსანდრე გურულმა ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილს გატანა არ გასჭირვებია. შეხვედრის საბოლოო ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს დაფიქსირდა. მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში ლევან კუტალიამ 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმით ეროვნულ ლიგაში მეოთხე გოლი გაიტანა. მეორე ნახევარში ლოკო ბევრს ეცადა მეტოქის კართან რამდენიმე არც თუ ისე სახიფათო მომენტიც შექმნა, მაგრამ თამაშის შემობრუნება ვერ მოახერხა და ზედიზედ მეხუთედ დამარცხდა. 

მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო საჩხერის „ჩიხურამ“. იმერული კლუბი „საბურთალოს“ ესტუმრა და დაძაბულ შეხვედრაში 2:1 დაამარცხა მეტოქე. მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და სახიფათო მომენტები ორივე გუნდის კართან მრავლად შეიქმნა. ანგარიში მე-10 წუთზე გაიხსნა, მიშიკო სარდალიშვილის წაქცევის გამო დანიშნული პენალტი ზუსტად დიმიტრი ტატანაშვილმა შეასრულა. სწრაფმა გოლმა საბრთალოელებზე არ იმოქმედა და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა წონასწორობა მალევე აღდგინა. 23-ე წუთზე ვაგნერ გონსალვეშის გამჭოლი გადაცემის შემდეგ ბურთი საკუთარ კარში შოთა კაშიამ ჩაჭრა. მატჩი იგივე სცენარით გაგრძელდა და გატანას ორივე გუნდი ცდილობდა. საბოლოოდ მიზანს საჩხერელებმა მიაღწიეს. 30-ე წუთზე ლევან კაკუბავას გადაცემის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე გიორგი ივანიშვილი აღმოჩნდა. შემტევის პირველი დარტყმა მეკარემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას კვლავ ივანიშვილმა დაასწრო და პრაქტიკულად ცარიელ კარში გაიტანა. მეორე ნახევარში ტერიტორიულ უპირატესობას „საბურთალო“ დაეუფლა და „ჩიხურა“ ძირითადად კონტრშეტევებზე მოქმედებდა. იმერლებმა თავი კარგად დაიცვეს, ანგარიში შეინარჩუნეს და აქტივში მორიგი სამი ქულა ჩაიწერეს. 

მოლოდინისამებრ დაძაბული და საინტერესო გამოდგა ქუთაისის „ტორპედოსა“ და „სამტრედიას“ დაპირისპირება. გულშემატკივრებმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილეს. პირველ ნახევარში სრულ სათამაშო უპირატესობას ქუთაისელები ფლობდნენ და შეიძლება ითქვას, რომ სამტრედიელებს მათ კართან რეალური მომენტი არ შეუქმნიათ. ანგარიში ტორპედოელებმა გახსნეს. მე-12 წუთზე გიორგი გურულმა გამჭოლი გადაცემით მეკარესთან ერთი ერთზე შოთა ბაბუნაშვილი დატოვა და ვეტერანმა ნახევარმცველმაც მარტივად გაიტანა. მატჩი „ტორპედოს“ შეტევებით გაგარძელდა, კარგი შანსები ჰქონდა თორნიკე კაპანაძეს, მაგრამ ქუთაისელთა ბომბარდირს გადამწყვეტ მომენტში არ უმართლებდა. მეორე ტაიმი განსხვავებული სცენარით წარიმართა. „სამტრედიამ“ აქტიურად შეუტია და მომენტები ორივე კართან იქმნებოდა. გატანის კარგი შესაძლებლობა ჰქონდა დავით ჩაგელიშვილის, მაგრამ სამტრედიელთა შემტევმა ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა. საბოლოო ანაგრიში მატჩის ბოლო წუთზე დაფიქსირდა, მეტოქის საჯარიმოში წარმოქმნილი არეულობით გიორგი ბერიაშვილმა ისარგებლა და როინ კვასხვაძეს ახლო მანძილიდან აუღებელი დაურტყა. 

ტურის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთის წინააღმდეგ თბილისისა და ბათუმის „დინამოები“ წარსდგნენ. შეხვედრა თბილისელთა სრული უპირტესობით წარიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით, 4:0 დასრულდა. დედაქალაქელებმა თავიდანვე აქტიურად შეუტიეს და მეექვსე წუთზე ბაჩანა არაბულს ანგარიშის გახსნაც შეეძლო, მაგრამ შემტევმა ვერ გაიტანა. თამაშს თბილისური გუნდი აკონტროლებდა და ბათუმულები კონტრშეტევებზე თამაშს ცდილობდნენ. მასპინძელთა შეტევებმა შედეგი 35-ე წუთზე გამოიღო, გიორგი თევზაძის გამოზომილი ჩაწოდების შედეგად ახლო მანძილიდან ბექა მიქელთაძემ გაიტანა. პირველი ტაიმის დარჩენილ დროში საინტერესო არაფერი მომხდარა. ბათუმელებს წონასწორობის აღდგენა მეორე ნახევრის სტარტზევე შეეძლოთ, მაგრამ გელა გოგიტიძის შორეული დარტყმა ძელმა მოიგერია. თამაში აჭარელთა აქტიურობით გაგრძელდა, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე აღარ მისულა. საბოლოოდ კვლავ თბილისელებმა გაიტანეს. 66-ე წუთზე საბა ლობჟანიძემ შეაგდო. გოლის შემდეგ თბილისის „დინამომ“ სრული სათამაშო უპირატესობა მოიპოვა მეტოქეს კიდევ ორი უპასუხო ბურთი გაუტანა. 71-ე წუთზე მეტოქის კარი გიორგი გველესიანმა აიღო. მე-80-ზე კი, ლობჟანიძემ დუბლი გაიფორმა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 

ეროვნული ლიგის მომდევნო მე-16 ტურის მატჩები 1-2 ივნისს გაიმართება.

ფოტო: www.fctorpedo.ge