ეროვნული ლიგა | მეთოთხმეტე ტურის ანონსი

News

ეროვნული ლიგა | მეთოთხმეტე ტურის ანონსი

23-24 მაისს, ეროვნული ლიგის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრები გაიმართება.

თბილისის „ლოკომოტივი“ საკუთარ მოედანზე ფოთის „კოლხეთს“ მიიღებს. ბოლო პერიოდში ორივე გუნდი არასტაბილურად ასპარეზობს. ლოკომ ზედიზედ სამი შეხვედრა წააგო, ფოთელებმა კი, ბოლო ხუთი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოიგეს. მიუხედავად მცირე ჩავარდნისა თბილისელები ცხრილის ზედა ნაწილში არიან. გიორგი დევდარიანის გუნდს 21 ქულა აქვს და მეოთხე ადგილს იკავებს. განსხვავებულ მდგომარეობაა ფოთელთა მხარეს. „კოლხეთი“ 11 ქულით მეცხრე ადგილზეა და უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ორივე გუნდისთვის აღნიშნული შეხვედრის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და აქედან გამომდინარე გულშემატკივრებს დაძაბული შეხვედრა ელით. 

საინტერესო შეხვედრას უმასპინძლებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი. გორის „დილა“ ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდება. გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოში გასამართი ევროპის 2017 წლის 19-წლამდე ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და გორული კლუბი მეტოქეს თბილისში სწორედ ამიტომ მიიღებს. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას. ორივე გუნდი კარგ ფორმაშია და მიმდინარე სეზონში საპრიზო ადგილებისთვის იბრძვის. გორელებს ოთხ მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ და დაგროვილი 18 ქულით მეექვსეზე არიან. ქუთაისელებიც ოთხი ტურია არ მარცხდებიან და 25 ქულით მეორე პოზიციას იკავებენ. მიმდინარე სეზონის პირველ წრეში გამართული „დილასა“ და „ტორპედოს“ დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. 

24 მაისს, ეროვნულ ლიგაში სამი შეხვედრა გაიმართება. 

საჩხერის „ჩიხურა“ ეროვნულ ლიგაში ივანწმინდის ცენტრალურ სტადიონზე პირველად ითამაშებს. საშინაო არენაზე დაბრუნებული იმერული კლუბი თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს. სოსო ფრუიძის გუნდმა სეზონი კარგად დაიწყო და საწყის ტურებში პირველ ადგილზეც იყო, მაგრამ ფორმიდან ამოვარდა და ახლა 17 ქულით მეშვიდე ადგილზეა. დინამოელებმა პირიქით არასტაბილური სტარტის შემდეგ შეძლეს თამაშის გამოსწორება და 13 ტურის შემდეგ ლიგას ერთპიროვნულად ლიდერობენ. დედაქალაქელბს 31 ქულა აქვთ და უახლოეს მდევარ ქუთაისის „ტორპედოს“ ექვსი ქულით უსწრებენ. საჩხერულ და თბილისურ კლუბებს შორის გამართული დაპირისპირებები ყოველთვის სანახაობრივი და უხვგოლიანი მატჩებით გამოირჩევა. ეს ფაქტორი შეხვედრას დამატებით ინტრიგას სძენს. 

ქობულეთის „ჩელე არენაზე“ აჭარული დერბი გაიმართება. ადგილობრივი „შუქურა“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს. ქობულეთელები ცუდ სეზონს ატარებენ და ეროვნული ლიგის გამოკვეთილი აუტსაიდერები არიან. გამართული 13 შეხვედრიდან გუნდმა ცხრა წააგო, ოთხი ფრედ ითამაშა და ოთხი ქულით ბოლო მეათე ადგილზეა. კარგ ფორმაში არც ბათუმელები არიან, ისინი ზედიზედ ოთხი ტურია ვერ იგებენ. „დინამომ“ აღნიშნული ოთხი შეხვედრიდან სამი წააგო და ერთი ფრედ ითამაშა. მოკლედ მოახლოვებულ შეხვედრას ორივე გუნდი ცუდ ფორმაში ხვდება, მაგრამ ამავე დროს ქულები ორივე მათგას ძალიან სჭირდება. აქედან გამომდინარე მატჩს უდიდესი სატურნირო მნიშვნელობა აქვს.

მეთოთხმეტე ტურის ბოლო და ცენტრალური შეხვედრა სამტრედიაში გაიმართება. „ეროსი მანჯგალაძეზე“ ადგილორბრივი „სამტრედია“ თბილისის „საბურთალოს“ მიიღებს. გუნდები ერთმანეთის უშუალო კონკურენტები არიან და მათ შორის სხვაობა მხოლოდ ოთხი ქულაა. სამტრედიელები 23 ქულით მესამე ადგილზე არიან, თბილისელები კი, 19 ქულით მეხუთეზე. ეროვნული ლიგის გასული ტური ორივე კლუბისთვის წარუმატებელი გამოდგა. „სამტრედია“ დრამატულ შეხვედრაში სტუმრად გათამაშების ლიდერ თბილისის „დინამოსთან 3:2 დამარცხდა. „საბურთალომ“ კი, გორის „დილას“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1:0 წააგო. გუნდებმა საკმაოდ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს, რაც მოახლოვებულ შეხვედრას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას სძენს.