13-14 მაისს, ეროვნული ლიგის მეთორმეტე ტურის მატჩები გაიმართება.
ფოთის „კოლხეთი“ ქობულეთის „ჩელე არენაზე“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს. ფოთელები არასტაბიტულად ასპარეზობენ, თუმცა გასულ ტურში თბილისის „საბურთალოს“ დამარცხებით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს ლიგის ყველა გუნდისთვის უხერხული მეტოქეები არიან. მეთერთმეტე ტური ტორპედოელებისთვისაც წარმატებული გამოდგა. კახა ჩხეტიანის გუნდმა ორმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და „შუქურა“ მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მოახლოვებულ მატჩს „კოლხეთი“ დიდი დანაკლისით ხვდება. დისკვალიფიკაციის გამო, ფოთელებს მიკოლა კოვტალიუკი და ავთო ენდელაძე ვერ დაეხმარებიან. იგივე მიზეზით „ტორპედოს“ ბექა ტუღუში არ ეყოლება.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე თბილისური დერბი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს „ლოკომოტივი“ და „საბურთალო“ დაუპირისპირდებიან. თანაქალაქელთა დაპირისპირება ყოველთვის საინტერესო და უხვგოლიანი მატჩებით გამოირჩევა. მათ შორის სულ 9 შეხვედრაა გამართული, საიდანაც ექვსი საბურთალოელებმა მოიგეს, ორი ფრედ დასრულდა ერთში კი, ლოკომ გაიმარჯვა. გარდა ამისა, „ლოკომოტივი“ და „საბურთალო“ მიმდინარე ჩემპიონატში ერთმანეთის უშუალო კონკურენტები არიან და ცხრილში გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ხუთი ქულაა. ბუნებრივია ეს ფაქტორი მატჩს კიდევ უფრო დიდ ინტრიგას სძენს.
ქობულეთის „შუქურა“ „ჩელე არენაზე“ საჩხერის „ჩიხურას“ მიიღებს. ქობულეთური კლუბი მიმდინარე ჩემპიონატში ყველაზე ცუდად ასპარეზობს და სამი ქულით ბოლო, მეათე ადგილს იკავებს. ირაკლი ბალაძის გუნდს ჯერ თამაში არ მოუგია. გამართული 11 შეხვედრიდან „შუქურამ“ 8 წააგო და 3 ფრედ ითამაშა. ცუდ ფორმაშია „ჩიხურაც“, საჩხერლები ზედიზედ სამი ტურია აგებენ და მეშვიდე ადგილზე დაქვეითდნენ. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, აღნიშნული შეხვედრა ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მასპინძლები პირველი გამარჯვებისთვის იბრძოლებენ, სტუმრები კი, წარუმატებელი სერიის შესაწყვეტად.
საინტერესო შეხვედრა გაიმართება სამტრედიაში. „ეროსი მანჯგალაძეზე“ ადგილობრივი „სამტრედია“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს. სამტრედიელები ნელ-ნელა ფორმაში შევიდნენ და ბოლო ტურებში ნაჩვენები კარგი თამაშის წყალობით უკვე მესამე ადგილზე არიან. აღსანიშნავია, რომ ასეთი შედეგის მიუხედავად მიმდინარე სეზონში იმერულ კლუბს საშინაო შეხვედრა არ მოუგია. გამართული 5 მატჩიდან „სამტრედიამ“ სამი წააგო და ორი ფრედ ითამაშა. რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა ბათუმელთა მხარეს. ათწლიანი პაუზის შემდეგ „დინამო“ საკუთარ ქალაქში დაბრუნდა, მაგრამ ეს დაბრუნება არც თუ ისე წარმატებული გამოდგა. ლევან ხომერიკის გუნდმა საკუთარ მოედანზე გამართული ორივე შეხვედრა დრამატულ ბრძოლაში დათმო და გულშემტკივრთა თვალში რეაბილიტაციისთვის გუნდს გამარჯვება ძალიან სჭირდება. ყველაე ზემო აღნიშნული მიზეზის გამო გულშემატკივარს დაძაბული და რაც მთავარია საინტერესო შეხვეdრა ელის.
ტურის ცენტრალურ მატჩს გორი უმასპინძლებს. „თენგიზ ბურჯანაძეზე“ ერთმანეთს ადგილობრივი „დილა“ და თბილისის „დინამო“ დაუპირისპირდებიან. დინამოელები კარგ სეზონს ატარებენ და ეროვნულ ლიგას ერთპიროვნულად ლიდერობენ. გორელებმა კი, თამაში მეორე წრიდან გამოასწორეს და მიჯრით ორი შეხვედრაც მოიგეს. ზივ ავრაჰამ არიეს გუნდს 14 ქულა აქვს და მეექვსე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში „დილა“ „დინამოსთვის“ ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქედ ითვლება. დედაქალაქელებს გორული გუნდი 2012-2013 წლების სეზონის შემდეგ არ დაუმარცხებიათ. ამ პერიოდში კლუბებმა ერთმანეთის წინააღმდეგ 5 შეხვედრა გამართეს, საიდანაც 3 მატჩი „დილამ“ მოიგო 2 კი, ფრედ დასრულდა.
ფოტო - www.fcloco.ge
News