ეროვნული ლიგა | თბილისის დინამომ ლიდერობა განიმტკიცა

News

ეროვნული ლიგა | თბილისის დინამომ ლიდერობა განიმტკიცა

9-10 მაისს, ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტურის მატჩები გაიმართა. 

თბილისის „საბურთალომ“ საკუთარ მოედანზე ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მომენტები ორივე გუნდის კართან მრავლად შეიქმნა. ანგარიში 35-ე წუთზე საბურთალოელებმა გახსნეს. გოგი ფიფიას ტექნიკური თამაშის შედეგად დასარტყმელ პოზიციაზე გიორგი ფანცულაია აღმოჩნდა და შემტევმა პრაქტიკულად ცარიელ კარში გადაგზავნა ბურთი. ფოთელებმა წონასწორობის აღდგენა მეორე ნახევარში მოახერხეს. 54-ე წუთზე მცველების შეცდომით მიკოლა კოვტალიუკმა ისარგებლა. შეხვედრა კვლავ ორმხირივი შეტევებით გაგრძელდა. კარგი შანსები ჰქონდათ ლუკა ლაკვეხელიანსა და არფანგ დაფეს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მოთამაშეებს არ გაუმართლათ. საბოლოოდ ფოთელებმა გაიტანეს. 64-ე წუთზე საკუთარი გუნდის სწრაფი კონტრიერში მიკოლა კოვტალიუკმა დააგვირგვინა, დუბლი გაიფორმა და „კოლხეთს“ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა. 

ორმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ იმარჯვა ქუთაისის „ტორპედომ“. ქუთაისურმა კლუბმა საკუთარ მოედანზე ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა მეტოქე. მატჩი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა და რომ არა ქობულეთელთა მეკარის, ილიას სტურუას კარგი თამაში უფრო დიდი ანგარიში დაფიქსირდებოდა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მომენტები სტუმრებმაც შექმნეს და გატანა მათაც შეეძლოთ. შეხვედრის ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე გავიდა. შეტევის მარჯვენა ფლანგზე გრიგოლ დოლიძემ მეტოქე ჩამოიშორა და გამჭოლი პასით თორნიკე კაპანაძეს გაატანინა. ამ გამარჯვებით ქუთაისელებმა 19 ქულა დააგროვეს და მეოთხე ადგილზე არიან. 

დრამატული გამოდგა ბათუმის „რაგბი არენაზე“ გამართული შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი „დინამო“ და გორის „დილა“ დაუპირისპირდნენ. მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და გორელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა. ანგარიში 37-ე წუთზე გაიხსნა, მიხეილ მუჯრიშვილის კარის აღება თეიმურაზ შონიამ მოახერხა. პირველ ტაიმის დარჩენილ დროში რეალური საგოლე მომენტი აღარ შექმნილა. მეორე ნახევარი მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო. გატანის კარგი შანსი ჰქონდა ვალერიან თევდორაძეს, მაგრამ შემტევს სიზუსტე არ ეყო. ბათუმელებმა მაინც გაიტანეს, 72-ე წუთზე დავით კვირკველიას შორეული გადაცემის შედეგად მეკარესთან პირისპირ იაროსლავ კვასოვი დარჩა და „დინამოს“ უკრაინელმა ბომბარდირმა ძლიერი დარტყმით გაიტანა. მეორე გაშვებული გოლის შემდეგ გორელთა თამაში რადიკალურად შეიცვლა, გუნდმა უფრო აქტიურად და რაც მთავარია შედეგიანად შეუტია. „დილამ“ ანგარიში 84-ე წუთზე შეამცირა. მაჩაიძის ჩაწოდების შემდეგ მირზა ფარტენაძემ ბურთი ცუდად გამოიტანა, გიორგი ფოფხაძემ კი, ყველას დაასწრო და რომან ტაკიძეს ახლო კუთხეში აუღებელი დაურტყა. ზივ ავრაჰამ არიეს გუნდმა გათანაბრებაც მალევე მოახერხა, 88-ე წუთზე ლეანდრო რიბეიროს გადაცემით ფლავიო ნუბიომ გაიტანა. გადამწყვეტი და გამარჯვების მომტანი გოლი კი, ნუბიოს პასით რიბეირომ შეაგდო. მსაჯის მიერ დამატებულ დროში ბრაზილიელთა გათამაშებული კომბინაციის შედეგად ლეანდრო მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და ტექნიკური დარტყმით გაიტანა. 

მოლოდინისამებრ საინტერესო გამოდგა „დინამო არენაზე“ გამართული თბილისური დერბი. „დინამომ“ „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და უშუალო კონკურენტი დამაჯერებელი ანგარიშით, 3:0 დაამარცხა. ანგარიში 28-ე წუთზე გაიხსნა, ბექა მიქელთაძის ფლანგური გადაცემით საჯარიმოში უყურადღებოდ დარჩენილმა გიორგი პაპუნაშვილმა ისარგებლა და  ერთი შეხებით გაიტანა. გატანილმა გოლმა დინამოელები კიდევ უფრო გაააქტიურა და 36-ეზე მათ მეორედაც გაიტანეს. ოთარ კიტეიშვილმა შორეული და ზუსტი დარტყმით მოახერხა რევაზ თევდორაძის კარის აღება. მეორე გოლიდან რამდენიმე წუთში ანგარიშის შემცირება ირაკლი სიხარულიძეს შეეძლო, მაგრამ ეროვნული ლიგის ბომბარდირმა ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა. ტაიმის მიწურულს დუბლის შესრულების კარგი შანსი ჰქონდა გიორგი პაპუნაშვილს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში დინამოელთა შემტევსაც სიზუსტე არ ეყო. მეორე ნახევარიც ანალოგიური სცენარით წარიმართა, მომენტები ორივე კართან შეიქმნა, თუმცა უფრო აქტიურად მასპინძლები უტევდნენ. საბოლოო ანგარიში, 64-ე წუთზე დაფიქსირდა. ბაჩანა არაბულის დარტყმული რევაზ თევდორაძემ მოიგერია, თუმცა ასხლეტილი ბურთი გულვერდ თომაშვილს მოხვდა და ასე აღმოჩნდა ლოკოს კარში. ამ გამარჯვებით „დინამო“ 27 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევართან სხვაობა 6 ქულა გაზარდა. 

კვლავ დამარცხდა საჩხერის „ჩიხურა“. ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე იმერულ დერბიში საჩხერელები „სამტრედიას“ დაუპირისპირდნენ. დაძაბული შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და სამტრედიელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. მიუხედავად ორივე გუნდის კართან შექმნილი რამდენიმე საგოლე მომენტისა პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ანგარიში 65-ე წუთზე გაიხსნა, გიორგი ბერიაშვილმა საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ბურთი, მეტოქის ორი მცველი ჩამოიშორა და დინო ჰამზიჩს ახლო კუთხეში უძლიერესი დარტყმით გაუტანა. 75-ე წუთზე კი, ბერიაშვილმა დუბლი გაიფორმა და საკუთარ გუნდს გადამწყვეტი უპირატესობა მოუპოვა. დარჩენილ დროში საჩხერლებმა ანგარიშის შემცირება მოახერხეს, მაგრამ მეორე გოლის გასატანად დრო აღარ ეყოთ და ზედიზედ მესამე შეხვედრაში დამარცხდნენ. მათი მხრიდან ერთადერთ გოლი 89-ე წუთზე გიორგი ივანიშვილმა გაიტანა. 

ეროვნული ლიგის მეთორმეტე ტურის მატჩები 13-14 მაისს გაიმართება.