9-10 მაისს, ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტურის მატჩები გაიმართება.
9 მაისს ტურის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისის „საბურთალო“ და ფოთის „კოლხეთი“ დაუპირისპირდებიან. თბილისური კლუბი კარგ ფორმაშია და 16 ქულით ლიგაში მეოთხე ადგილზე იმყოფება. საპირისპირო მდგომარეობა აქვთ ფოთელებს. მათ ახალი სეზონი კარგად დაიწყეს, მაგრამ უკვე ევქსი ტურია ვერ იგებენ და შვიდი ქულით მეცხრე პოზიციაზე არიან. საბურთალოელები აღნიშნულ შეხვედრას დიდი დანაკლისით ხვდებიან. დისკვალიფიკაციის გამო მათ ზურაბ არზიანი და ვაგნერ გონსალვესი დააკლდებათ. იგივე მიზეზის გამო „კოლხეთს“ თამაზ ჟიშკარიანი ვერ დაეხმარება.
ამავე დღეს ქუთაისის „ტორპედო“ საკუთარ მოედანზე ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლებს. ზედიზედ მოგებული სამი შეხვედრის შემდეგ ქუთაისელები ისე კარგად ვეღარ გამოიყურებიან და უკანასკნელ ორ ტურში გოლიც კი ვერ გაიტანეს. ცუდ ფორმაშია ქობულეთური კლუბიც. ირაკლი ბალაძის გუნდს მიმდინარე სეზონში ჯერ თამაში არ მოუგია და სამი ქულით ბოლო, მეათე ადგილზეა. აქედან გამომდინარე, შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ქუთაისელები ლიდერთა სამეულში მოხვედრისთვის იბრძვიან, ქობულეთლები კი, უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად.
10 მაისს ეროვნულ ლიგაში სამი შეხვედრა გაიმართება.
ბათუმის „დინამო“ „რაგბი არენაზე“ გორის „დილას მიიღებს. სატურნირო ცხრილში გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა და ეს შეხვედრას დამატებით ინტრიგას სძენს. გასული ტური კლუბებისთვის განსხვავებული გამოდგა. საკუთარ ქალაქში დაბრუნებულმა, ბათუმურმა კლუბმა გადაჭედილ სტადიონზე თბილისის „ლოკომოტივი“ მიიღო და დრამატულ შეხვედრაში 1:2 დამარცხდა. გორელებმა კი, საკუთარ მოედანზე საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლეს და 2:0 დაამარცხეს მეტოქე. აღსანიშნავია, რომ „დილას“ „დინამოსთვის“ 2007 წლის მერე არ მოუგია. მას მერე გუნდებს შორის შვიდი შეხვედრა გაიმართა. საიდანაც ოთხი ბათუმელთა გამარჯვებით დასრულდა, სამი კი, ფრედ.
ტურის ცენტრალირ დაპირისპირებას „დინამო არენა“ უმასპინძლებს. თბილისურ დერბიში ერთმანეთს ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველ-მეორე ადგილოსნები - „დინამო“ და „ლოკომოტივი“ დაუპირისპირდებიან. ორივე კლუბი შესანიშნავ ფორმაშია და დამაჯერებლად ასპარეზობს. დინამოელებს ზედიზედ შვიდი შეხვედრა აქვთ მოგებული. ლოკოს კი, უკვე შვიდი ტურია არ წაუგია. პირველ წრეში გამართული თბილისური დერბი ტრადიციულად დაძაბული გამოდგა და ლოკომოტიველთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. იმ შეხვედრაში გასული ერთადერთი გოლი ნოდარ ქავთარაძის ანგარიშზეა.
საინტერესო შეხვედრაა მოსალოდნელი ზესტაფონში. საჩხერის „ჩიხურა“ „დავით აბაშიძეზე“ „სამტრედიას“ უმასპინძლებს. იმერული დერბი ყოველთვის დაძაბულია, მაგრამ ამ შემთხვევაში მატჩს სატურნირო თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა აქვს. საჩხერლებმა ჩემპიონატი კარგად დაიწყეს, მაგრამ ბოლო ტურებში წარუმატებლად ასპარეზობენ და მეექვსე ადგილზე დაქვეითდნენ. სამტრედიელთა მხარეს კი, განსხვავებული მდგომარეობაა. გასული სეზონის ჩემპიონები ეროვნული ლიგის საწყის ტურებში არასტაბილურად თამაშობდნენ, მაგრამ ბოლო პერიოდში თამაში გამოასწორეს და 17 ქულით მესამე ადგილზე არიან.