ეროვნულ ლიგაში თბილისის დინამო გალიდერდა

News

ეროვნულ ლიგაში თბილისის დინამო გალიდერდა

12-13 აპრილს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის მატჩები გაიმართა.

თბილისის „ლოკომოტივმა“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გორის „დილას“ უმასპინძლა და დრამატულ შეხვედრაში ფრედ 3:3 ითამაშა. ანგარიში მე-4 წუთზე სტუმრებმა გახსნეს, დათო კირკიტაძის დარტყმული გიორგი ხიდეშელმა მოიგერია, მაგრამ ასხლეტილი ბურთი საჯარიმოში უყურადღებოდ მყოფ რიბეიროს მიუვიდა. ბრაზილიელ ლეგიონერს კი, ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლის გატანა აღარ გასჭირვებია. გაშვებული გოლის შემდეგ ლოკომ ატიურად შეუტია და მალევე, ორ წუთიან მონაკვეთში, დაწინაურებაც მოახერხა. მე-15 წუთზე, რატი არდაზიშვილის შორეული გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა მამია გავაშელიშვილმა წონასწორობა აღადგინა. 17 წუთზე კი, გავაშელიშვილის პასით ირაკლი სიხარულიძემ მოახერხა გორელთა კარის აღება. ტაიმის მიწურულს, 41 წუთზე, ლიგის ბომბარდირმა, სიხარულიძემ დუბლის გაფორმებაც მოახერხა და საკუთარი გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა მეორე ნახევარში ცვლილებები განახორციელა. ამან კი, თამაშის სცენარი რადიკალურად შეცვალა. უპირატესობა გორელებმა მოიპოვეს და ერთი ქულის აღებაც შეძლეს. 66-ე წუთზე ფლავიო ნუბიოს წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანი ზუსტად ლეანდრო რიბეირომ შეასრულა და სხვაობა შეამცირა. მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე კი, ნუბიომ თავად გაიტანა. ბრაზილიელმა თავდამსხმელმა კირკიტაძის პასი მიიღო, ბურთი კარგად დაამაშუვა, კარისკენ მობრუნდა და ბექა ქურდაძეს ახლო კუთხეში აუღებელი დაურტყა. ამ ფრით „ლოკომოტივმა“ ეროვნულ ლიგაში ლიდერობა დათმო და მეორე ადგილზე დაქვეითდა, „დილას“ კი, შვიდი ქულა დაუგროვდა და მერვე ადგილზე გადაინაცვლა.

კარგი სტარტის შემდეგ ზედიზედ მესამე მოუგებელი შეხვედრა ჩაატარა ფოთის „კოლხეთმა“. გელა სანაიამ გუნდმა ამჯერად „სამტრედიას“ უმასპინძლა. ქობულეთის „ჩელე არენაზე“ გამართული შეხვედრა იმერული კლუბის გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ანგარიში მეშვიდე წუთზე გაიხსნა, სწრაფი კონტრიერიში გოლად დავით ჩაგელიშვილმა აქცია. პირველი ნახევრის დარჩენილი დრო ორმხრივი შეტევებით წარიმართა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. მასპინძლებმა წონასწორობის აღდგენა 49-ე წუთზე მოახერხეს, რუდოლფ სუხომლინოვის შეცდომით ფოთელთა ბომბარდირმა, მიკოლა კოვტალიუკმა ისარგებლა და მიმდინარე სეზონში მეხუთე გოლი გაიტანა. გატანილი გოლის შემდეგ „კოლხეთმა“ უფრო აქტიურად შეუტია და რამდენიმე რეალური მომენტიც შექმნა. ყველაზე სახიფათო და რეალური კი, შოთა კერძევაძის შორეული დარტყმა იყო, რომელიც ომარ მიგინეიშვილმა გაჭირვებით მოიგერია. საბოლოოდ მაინც სამტრედიელებმა გაიტანეს, 87-ე წუთზე პენალტი ზუსტად ნიკა სანდოხაძემ შეასრულა და „სამტრედიას“ მნიშველოვანი სამი ქულა მოუტანა.

თბილისის „ლოკომოტივის“ ფრით თანაქალაქელმა „დინამომ“ ისარგებლა და მეშვიდე ტურის შემდეგ ეროვნული ლიგის სათავეში მოექცა. თბილისურმა კლუბმა საკუთარ „დინამო არენაზე“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 5:0 დაამარცხა. აჭარულ კლუბს პირველი გოლი გიორგი პაპუნაშვილმა გაუტანა, დინამოელთა ათიანმა მე-14 წუთზე ოთარ კიტეიშვილის კარგი გადაცემა მიიღო მეკარესთან პირისპირ გასულს გატანა არ გასჭირვებია. კახა კაჭარავას გუნდმა უპირატესობის განმტკიცება მეორე ნახევარში მოახერხა. 55-ე წუთზე „შუქურას“ ბაჩანა არაბულმა გაუტანა. მეორე გოლიდან ზუსტად ექვს წუთში არაბულმა მეკარესთან პირისპირ პაპუნაშვილი დატოვა, ამ უკანასკნელმა კი, ბურთი საბა ლობჟანიძეს დაუგორა და შემტევმაც ცარიელ კარში შეაგდო. 72-ე და 78-ე წუთებზე „დინამოს“ ბომბარდირმა, ბაჩანა არაბულმა დუბლი გაფორმება მოახერხა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და მიმდინარე სეზონში ხუთი გოლი დაუგროვდა. თავდამსხმელმა ორივე შემთხვევაში გიორგი ჩაკვეტაძის საგოლე გადაცემით გაიტანა.

დამაჯერებლად იმარჯვა თბილისის „საბურთალომ“. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა „მიხეილ მესხზე“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა მეტოქე. ანგარიში 28-ე წუთზე ირაკლი ბიძინაშვილმა გახსნა. ახალგაზრდა ნახევარმცველი მეკარესთან პირისპირ ვაგნერ გონსალვესმა დატოვა, ბიძინაშვილმა კი, ძლიერი დარტყმით მოახერხა ანატოლი ტიმოფეევის კარის აღება. საბურთალოელებმა მეორედ მე-60 წუთზე გაიტანეს, საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტი დარტყმით თავი გიორგი კოხრეიძემ გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ფორვარდმა ეროვნულ ლიგაში მესამე გოლი გაიტანა და სამივე შემთხვევაში ის შეცვლაზე შემოვიდა.

ტურის ბოლო და ცენტრალური შეხვედრა ქუთაისში გაიმართა. ადგილობრივმა „ტორპედომ“ „რამაზ შენგელიაზე“ საჩხერის „ჩიხურა“ მიიღო და დაძაბულ შეხვედრაში 2:1 დაამარცხა მეტოქე. ანგარიში სტუმრებმა გახნეს. მე-9 წუთზე გადმოვარდნილ ბურთზე ყველას გიორგი ივანიშვილმა დაასწრო და როინ კვასხვაძეს საშუალო დისტანციიდან აუღებელი დაურტყა. ქუთაისელებმა მალევე გააათანაბრეს, მე-14 წუთზე პენალტიდან გიორგი კუხიანიძემ გაიტანა. მატჩი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა და მომენტები ორივე კართან იქმნებოდა. გადამწყვეტი გამოდგა მეორე ტაიმის საწყისი წუთები, 52-ე წუთზე ლევან კაკუბავამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია. ამის შემდეგ სრული სათამაშო უპირატესობა მასპინძლებმა იგდეს ხელთ. „ტორპედოს“ აქტიურმა შეტევებმა შედეგი 81-ე წუთზე გამოიღო, გრიგოლ დოლიძის ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით გიორგი კუხიანიძემ გაიტანა, დუბლი გაიფორმა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

ეროვნული ლიგის მომდევნო, მერვე ტურის მატჩები 21-22 აპრილს გაიმართება.

ფოტო: www.fcdinamo.ge