8-9 აპრილს, ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის მატჩები გაიმართება.
ტურის ცენტრალური შეხვედრა 9 აპრილს ქობულეთის „ჩელე არენაზე“ შედგება. ბათუმის „დინამო“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს. მიმდინარე სეზონში გუნდებს თანაბარი 9-9 ქულა აქვთ. კლუბები ერთმანეთს ბოლოს 2016 წლის გარდამავალი ჩემპიონატის ბრინჯაოს ფინალში დაუპირისპირდნენ და ის შეხვედრა ბათუმელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე იმერული დერბი გაიმართება. ადგილობრივი „სამტრედია“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს. გუნდებმა მიმდინარე სეზონში უკვე ითამაშეს ერთმანეთის წინააღმდეგ. მარტვილში გამართულ სუპერთასის შეხვედრაში სამტრედიელებმა 2:1 გაიმარჯვეს. რაც შეეხება ეროვნული ლიგის გათამაშებას, სატურნირო ცხრილში გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა. „სამტრედია“ შვიდი ქულით მეექვსეა, „ტორპედო“ კი ექვსი ქულით - მეშვიდე.
საჩხერის „ჩიხურა“ ზესტაფონის „დავით აბაშიძეზე“ თბილისის „საბურთალოს“ მიიღებს. გასული ტური ორივე გუნდისთვის წარუმატებელი გამოდგა. საჩხერლები თბილისში „დინამოსთან“ დამარცხდნენ 2:1, საბურთალოელებმა კი, „სამტრედიას“ უმასპინძლეს და ანალოგიური ანგარიშით - 1:2 დათმეს შეხვედრა. მატჩს დამატებით ინტრიგას ისიც მატებს, რომ „ჩიხურასა“ და „საბურთალოს“ შორის სხვაობა ორი ქულაა.
8 აპრილს ეროვნულ ლიგაში ორი შეხვედრა გაიმართება.
ქობულეთის „შუქურა“ სამტრედიის „ეროსი მანჯგალაძეზე“ თბილისის „ლოკომოტივს“ მიიღებს. ხუთი ტურის შემდეგ თბილისელები გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობენ, ქობულეთებს კი, ორი ქულა აქვთ და ბოლო - მეათე ადგილს იკავებენ. აჭარული კლუბი ერთადერთია ეროვნულ ლიგაში, რომელსაც ჯერ არ მოუგია. დედაქალაქურ კლუბს კი ჩემპიონატში ყველაზე მეტი გოლი გააქვს. მიუხედავად ზემოაღნიშნული მიზეზებისა, „შუქურა“ პირველი გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლებს და აქედან გამომდინარე, გულშემატკივრებს დაძაბული და საინტერესო შეხვედრა ელით.
გორის „დილა“ ფოთის „კოლხეთს“ ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოში გასამართი 19-წლამდე ევროპის 2017 წლის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და „დილას“ სწორედ ამიტომ უწევს მეექვსე ტურის შეხვედრის ზესტაფონში გამართვა. გუნდები მოახლოვებულ შეხვედრას მსგავსი სატურნირო მდგომარეობით ხვდებიან. გორელებს ხუთი ქულა აქვთ და მეცხრე პოზიციას იკავებენ, ფოთელებს კი ექვსი და მერვე ადგილზე არიან.
ფოტო: www.fcdinamo.ge
News