ეროვნული ლიგა | მესამე ტურის წინ

News

ეროვნული ლიგა | მესამე ტურის წინ

18-19 მარტს, ეროვნული ლიგის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართება.

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, რომელიც 18 მარტს „დინამო არენაზე“ შედგება, ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და გორის „დილა“ დაუპირისპირდებიან. სეზონი ორივე გუნდმა განსხვავებულად დაიწყო, დინამოელებმა საწყისი ორი შეხვედრიდან ერთი მოიგეს, ერთი წააგეს და სამი ქულით მესამე ადგილზე არიან. გორელებს კი ერთი ფრე აქვთ ნათამაშები და ერთი ქულით ბოლო, მეათე პოზიციას იკავებენ. აღნიშნული გუნდების ბოლო დაპირისპირება 2015/16 წლების სეზონში გაიმართა და მაშინ გორელებმა მინიმალური ანგარიშით 1:0 იმარჯვეს.

მიმდინარე გათამაშების ლიდერი - თბილისის „ლოკომოტივი“ ასევე 18 მარტს თანაქალაქელ „საბურთალოს“ ესტუმრება. შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. გასულ ტურში ლოკომ თბილისურ დერბიში „დინამო“ დაამარცხა ანგარიშით 1:0, სტუმრად მოასპარეზე საბურთალოელები კი ფოთის „კოლხეთთან“ დამარცხდნენ 3:0. „ლოკომოტივს“ ორ შეხვედრაში მოპოვებული ორი გამარჯვებით 6 ქულა აქვს და გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობს, „საბურთალომ“ კი ორიდან ერთი მატჩის მოგება მოახერხა და სამი ქულით მეექვსეა.

საინტერესო შეხვედრა გაიმართება ქობულეთში. „ჩელე არენაზე“ 2016 წლის გარდამავალი სეზონის ბრინჯაოს პრიზიორი, ბათუმის „დინამო“ ჩემპიონ „სამტრედიას“ უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ სამტრედიელთათვის საჩემპიონო გასულ სეზონში აღნიშნული გუნდები ორჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ორივე შეხვედრა იდენტური ანგარიშით 1:1 დასრულდა. ახალი ჩემპიონატის საწყის ორ ტურში კი, ბათუმელები უკეთ გამოიყურებიან: ლევან ხომერიკის გუნდი 3 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს. სამტრედიელებს კი ორ ტურში ერთ ქულა აქვთ და მეცხრე ადგილზე არიან.

საჩხერის „ჩიხურა“ ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლებს. კლუბებს ერთმანეთის წინააღმდეგ 14 შეხვედრა აქვთ ჩატარებული, აქედან 9 შემთხვევაში საჩხერლებმა იმარჯვეს, 3 მატჩი ფრედ დასრულდა, 2 კი ქობულეთელებმა მოიგეს. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, საწყის ორ ტურში იმერლებმა 3 ქულის მოპოვება მოახერხეს, აჭარლებმა - ორის.

პირველ საშინაო შეხვედრას გამართავს ქუთაისის „ტორპედო“. კახა ჩხეტიანის გუნდი საკუთარ „რამაზ შენგელიაზე“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლებს. ქუთაისურმა კლუბმა სეზონი არც თუ ისე დამაჯერებლად დაიწყო და ორ შეხვედრაში მოპოვებული ერთი ქულით მერვე ადგილზეა. ფოთურმა კლუბმა კი, პირიქით კარგი სტარტი აიღო და ორი შეხვედრიდან ერთი მოიგო, ერთში კი მინიმალური ანგარიშით, 1:0 დამარცხდა. ასეა თუ ისე, ცნობილი ფაქტია, რომ „ტორპედო“ საკუთარ კედლებში განსაკუთრებით კარგად ასპარეზობს და აქედან გამომდინარე გულშემატკივრებს საკმაოდ საინტერესო შეხვედრა ელით.

ფოტო: www.fcdinamo.ge