10-11 მარტს, ეროვნული ლიგა 2-ის მეორე ტურის მატჩები გაიმართა.
„ცხინვალმა“ რუსთავის „ფოლადზე“ მარტვილის „მერანს“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. ანგარიში მე-20 წუთზე მარტვილელთა უკრაინელმა ლეგიონერმა სერგეი ტრეტიაკმა გახსნა. სტუმრებმა უპირატესობის განმტკიცება მეორე ტაიმში მოახერხეს, 48-ე წუთზე მათმა შემტევმა ვანო კურდღელაშვილმა საჯარიმოს მისადგომებთან რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და ცხინვალელთა მეკარეს აუღებელი დაურტყა. 55-ე წუთზე კურდღელაშვილმა დუბლი გაიფორმა და საკუთარი გუნდი უპირატესობა კიდევ უფრო დამაჯერებელი გახადა. საბოლოო ანგარიში 67-ე წუთზე დაფიქსირდა, „მერანს“ პრესტიჟის გოლი თამაზ მაქაცარიამ გაუტანა.
„მცხეთა პარკზე“ ერთმანეთს „გაგრა“ და ბოლნისის „სიონი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა, მოლოდინისამებრ, საინტერესო გამოდგა და ბოლნისელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. საკუთარი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი როლი ჯაბა დვალმა ითამაშა - ფორვარდმა დუბლი შეასრულა. დვალმა გოლების გატანა 45-ე და 84-ე წუთებზე მოახერხა. ორ ტურში მოპოვებული ორი გამარჯვებით „სიონი“ მეორე ადგილზეა, „გაგრას“ კი ერთი ქულა აქვს და მე-8 ადგილს იკავებს.
მეორე ტურის ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა მარტვილში გაიმართა. წყალტუბოს "სამგურალმა“ „რუსთავი“ „მურთაზ ხურცილავაზე“ მიიღო და 4:2 დაამარცხა მეტოქე. იმერლებმა მატჩის საწყის წუთებზე მოიპოვეს საკმაოდ სოლიდური უპირატესობა, მე-16 და 22-ე წუთებზე რუსთაველთა კარი, შესაბამისად, თენგიზ ბრეგვაძემ და გაგა ჩხეტიანმა აიღეს. მე-60 წუთზე სტუმრებმა ერთი ბურთი გაქვითეს, მათმა ბომბარდირმა დათა სიჭინავამ საჯარიმო დარტყმით გაიტანა. გაშვებული გოლიდან ზუსტად ორ წუთში „სამგურალმა“ ორბურთიანი სხვაობა აღადგინა- "რუსთავს“ ამჯერად ბაქარ ლაღაძემ გაუტანა. მალევე, 65-ე წუთზე გაგა ჩხეტიანმა დუბლი გაიფორმა და მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტა. შეხვედრაში წერტილი დათა სიჭინავამ დასვა: რუსთაველთა შემტევმა გოლის გატანა მე-80 წუთზე მოახერხა.
დრამატული გამოდგა ტყიბულის „მეშახტისა“ და ლანჩხუთის „გურიას“ დაპირისპირება, რომელიც იმერელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. შეხვედრაში ანგარიში გურულებმა გახსნეს: მე-10 წუთზე გოლით გიორგი კაშია გამოირჩა. ტყიბულელებმა გათანაბრება პირველ ნახევარში მოახერხეს, 35-ე წუთზე „გურიას“ ლუკა ჭოხონელიძემ გაუტანა. კახი გოგიჩაიშვილის გუნდმა გამარჯვების მოპოვება მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხა. გამარჯვების გოლი მურად აფხაზავას ანგარიშზეა.
ტურის ბოლო შეხვედრა ზედა ეწერის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. „ზუგდიდმა“ „ვიტ-ჯორჯიას“ უმასპინძლა და 3:0 დამარცხდა. ვეტერინართა მხრიდან ჰეთ-თრიკი ზურაბ ღირდალაძემ შეასრულა. შემტევმა მე-8, 45-ე და 55-ე წუთებზე გაიტანა. თბილისურმა კლუბმა ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშება შესანიშნავად დაიწყო, საწყის ორ ტურში თენგიზ კობიაშვილის გუნდმა ექვსი გოლი გაიტანა, არც ერთი არ გაუშვია და მოპოვებული ექვსი ქულით პირველ ადგილზეა.
News