4 მარტს, ეროვნული ლიგა 2-ს პირველი ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა.
„რუსთავმა“ საკუთარ სტადიონზე ლანჩხუთის „გურია“ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ მარცხდებოდა, მეტოქეს ანგარიშით 3:1 მოუგო. მატჩის პირველი გოლი 21-ე წუთზე გავიდა, რუსთაველთა კარი გიორგი კაშიამ აიღო. მასპინძლებმა წონასწორობის აღდგენა მეორე ნახევარში მოახერხეს, 57-ე წუთზე გოლი ბესიკ ჩიმაკაძემ გაიტანა. ამ მომენტიდან ზუსტად 5 წუთში საკუთარი გუნდი დათა სიჭინავამ დააწინაურა. 74-ე წუთზე კი სიჭინავამ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა „ვიტ ჯორჯიამ“. ვეტერინარები საკუთარ „მცხეთა პარკზე“ წყალტუბოს „სამგურალს“ დაუხვდნენ და 3:0 დაამარცხეს მეტოქე. ანგარიში მე-10 წუთზე გურამ გურეშიძემ გახსნა. მან საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესი დარტყმით მოახერხა გოლის გატანა. მასპინძლებმა მეორე ბურთი მეორე ტაიმის სტარტზევე გაიტანეს, 53-ე წუთზე ზურაბ ღირდალაძემ ზუსტი დარტყმით მეკარეს მარჯვენა დაბალ კუთხეში გაუტანა. შეხვედრის ბოლო გოლი კი 76-ე წუთზე გავიდა: შოთა დავლაშელიძემ მეტოქის საჯარიმოში ბურთი ტექნიკურად მიიღო და მეორე მოძრაობით დავით კუპატაძისგან შორეულ კუთხეში გადაგზავნა.
უგოლო ფრით დასრულდა მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა, სადაც მარტვილის „მერანმა“ „გაგრას“ უმასპინძლა. რამდენიმე მომენტი ორივე გუნდის კართან შეიქმნა, მაგრამ გოლის გატანა ვერცერთმა მოახერხა და კლუბები თითო ქულას დასჯერდნენ.
მინიმალური ანგარიშით 1:0 იმარჯვა ბოლნისის „სიონმა“. ბოლნისელები თბილისში „ბენდელას“ სტადიონზე „ზუგდიდს“ შეხვდნენ და მეორე ნახევრის 52-ე წუთზე ზურაბ თევზაძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხეს მეტოქე.