ჩემპიონის ფრე | სამტრედია 1:1 შუქურა

News

ჩემპიონის ფრე | სამტრედია 1:1 შუქურა

4 მარტს, სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის პირველი ტურის პირველი შეხვედრა გაიმართა. მატჩს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ესწრებოდნენ.

ახალი ჩემპიონატის გახსნითი შეხვედრა საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ტერიტორიულ უპირატესობას „სამტრედია“ ფლობდა, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, "შუქურამ“ ბოლომდე იბრძოლა და მნიშვნელოვანი 1 ქულა მოიპოვა. აღსანიშნავია ისიც, რომ 68-ე წუთიდან ქობულეთელებმა 10 კაცით იასპარეზეს, რადგანაც მთავარმა არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა მეორე ყვითელი ბარათით მოედნიდან ჯეფინიო გააძევა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. მე-19 წუთზე დავით რაჟამაშვილმა ბურთი ფლანგზე მიიღო,ცენტრისკენ შემოიწია და ზუსტი შორეული დარტყმით აზამტ ჯიოევს ცხრიანში გაუტანა. გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრებიც გააქტიურდნენ. მართალია, ისინი მეტოქეს აქტიურად არ უტევდნენ, მაგრამ საკმაოდ სახიფათო კონტრშეტევებს ახორციელებდნენ. ერთ-ერთი ასეთი იერიშისას გია გურულის გუნდმა საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვა. სტანდარტიდან მეტოქის საჯარიმოში ბურთი ირაკლი კლიმიაშვილმა ჩააწოდა, იქ კი ლევან საბაძემ მეკარისა და მცველების შეუთანხმებელი მოქმედებით ისარგებლა და ბურთი დაუცველ კარში გადაგზავნა. 

შეხვედრის დარჩენილ დროში ორივე კართან რამდენიმე რეალური მომენტი შეიქმნა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და გუნდებმა თითო ქულა გაინაწილეს. ეროვნული ლიგის მეორე ტურში „სამტრედია“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლებს, ქობულეთის „შუქურა“ კი, ქუთაისის „ტორპედოს“.