ეროვნული ლიგის პრეზენტაცია მედიათეკაში

News

ეროვნული ლიგის პრეზენტაცია მედიათეკაში

3 მარტს თბილისის მედიათეკაში ეროვნული ლიგის პრეზენტაცია გაიმართა. ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ჯღარკავამ მედიის, კომერციული სექტორისა და საფეხბურთო კლუბების წარმომადგენლებს ჩემპიონატთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს.

ვაკის მედიათეკაში წარმოდგენილი გახლდათ ლიგის ახალი შეფუთვა, მათ შორის ლოგო, პრომო-ვიდეო და მუსიკალური გაფორმება, ასევე ახალი საიტი (www.eliga.ge), ლიგის ფენტეზი და ახალი სატელევიზიო პროექტი.

ლიგის გაშუქება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციტივით, ეროვნული ლიგის ყველა ტურის,  ყველა შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას გულისხმობს. ფეხბურთის გულშემატკივარს ტურის ცენტრალური შეხვედრების ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხზე რეგულარულად შეეძლება. სატელევიზიო პროექტის მიხედვით, მაყურებელი ყველა ორშაბათს, 23:00 საათზე ტურის გამორჩეული მომენტების ნახვას შეძლებს, თვეში ერთხელ კი, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეროვნული ლიგის სპეციალური გადაცემა გავა. ტურის სხვა შეხვედრების ჩვენება ეროვნული ლიგის ვებ-გვერდზე მოხდება. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა პრეზენტაციის დაწყებამდე, ეროვნული ლიგის, როგორც ახალი და მნიშვნელოვანი პროექტის, შესახებ ისაუბრა და კლუბებს წარმატებები უსურვა. 

პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმაც: "ყველას დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ახალი ეროვნული ლიგა იქნება ძალიან საინტერესო, სანახაობრივი უპირველესად ქომაგებისთვის, რადგან ფეხბურთი არის გულშემატკივრისთვის. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კარგი პროდუქტი შევთავაზოთ საზოგადოებას, რომელიც ძალიან საინტერესო იქნება გულშემატკივრისთვის და შემდგომ უკვე კომერციული სექტორისათვის."

"ხვალ სტარტს აიღებს ეროვნული ლიგა უამრავი სიახლით: განახლებული ფორმატით, განახლებული ბრენდინგით, სრული გაშუქებით, სატელევიზიო პროექტით. მინდა, წარმატება ვუსურვო კლუბებს და დარწმუნებული ვარ, რომ წინ ძალიან საინტერესო ეროვნული ლიგა გველოდება,"-განაცხადა დავით მუჯირმა. 

პრეზენტაციის დასრულებისას ნიკა ჯღარკავამ, ფეხბურთის ფედერაციის სახელით, მადლობა გადაუხადა ლოგოს ავტორს- ლადო კობახიძეს, ლიგის მუსიკის ავტორებს - ზურა ჯავახიასა და თორნიკე ქარჩხაძეს, ფენტეზის ავტორებს დიმა ნებიერიძესა და ლევან კეჭაყმაძეს, ვიდეოს ავტორს- გიორგი ჯაფარიძეს და ფედერაციის პარტნიორებს -საზოგადოებრივ მაუწყებელს, ომედიასა და GFM Studio-ს.