ფეხბურთის ფედერაციას ახალი პარტნიორი ჰყავს: ანალიტიკური პლატფორმა კლუბებს და მსაჯებს

News

ფეხბურთის ფედერაციას ახალი პარტნიორი ჰყავს: ანალიტიკური პლატფორმა კლუბებს და მსაჯებს

  • "ვაისკაუტი" ეროვნულ ლიგაში

7 მარტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბებს ახალი ანალიტიკური პლატფორმა, „ვაისკაუტი“ წარუდგინა. სფფ-ის სრული დაფინანსებით, 2018 წლის სეზონში სწორედ ეს კომპანია მიაწვდის კლუბებს თითოეული მატჩის ანალიზსა და გუნდებისა თუ ფეხბურთელების სხვადასხვა სტატისტიკურ მაჩვენებლებს.

„ვაისკაუტის“ წარმომადგენლებმა დღევანდელ სემინარზე დეტალურად აუხსნეს კლუბებს პროგრამის მუშაობის სპეციფიკა. საინტერესოა, რომ ეროვნული ჩემპიონატების გარდა, კლუბებს მათთვის საინტერესო სხვა ქვეყნების ჩემპიონატების მონაცემების მიღებაც შეუძლიათ და მათთვის საინტერესო მოთამაშეებზე სრულყოფილი ინფორმაციის შეგროვებაც.

ერთი სიახლეც: ამ სეზონიდან „ვაისკაუტი“ მსაჯებსაც მოემსახურება და სფფ-ის მსაჯთა განყოფილებას სრული ანალიტიკური სურათი ექნებათ ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის მატჩებზე მომსახურე მსაჯების თაობაზე.

ვიტალი სალავიოვი [WyScout]: „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბთან ერთად ვიდეო-პლატფორმა WyScout-ზე წვდომა პირველი და მეორე ლიგების მწვრთნელებს ჰქონდეთ. აქედან გამომდინარე, გვსურს გუნდების წარმომადგენლებს ავუხსნათ როგორ მუშაობს პროგრამა, როგორ შეიძელბა სტატისტიკური მონაცემების გამოყენება, როგორ უნდა მოხდეს ვიდეოს ანალიზი და მისი ფეხბურთელებისთვის მომზადება."

ოთარ გაგნიძე [დინამო თბილისი]: „პირველ რიგში მსურს ავღნიშნო, რომ მინიმალურ დონეზე აქამდეც ვიყენებდით აღნიშნულ პროგრამას და ვცდილობდით, რომ კლუბის მთავარ მწვრთნელს ამით დავხმარებოდით. დღეს უფრო ფართოდ იყო ყველაფერი ნათქვამი, აგვიხსნეს თუ როგორ შეგვიძლია გამოყენება. რა თქმა უნდა, ეს სიახლე კლუბებს და ზოგადად ქართულ ფეხბურთს ძალიან დაეხმარება.“

გიორგი ვადაჭკორია [ფიფას არბიტრი]: პირველ რიგში მადლობა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, რომ ამ პროექტში ჩართვის შესაძლებლობა მოგვცა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი განვითარებისთვის, ასევე სასწავლო პროგრამებისთვის. საშუალება გვეძლევა, რომ ახალგაზრდა მსაჯებს გავუზიაროთ გამოცდილება თუ რას ითვალისწინებს ეს პროგრამა და რა დადებითი შედეგები შეიძლება მოგვცეს მომავალში. დღევანდელ შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ ყველა დეტალი თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და რა სტატისტიკური მაჩვენებელი უნდა დაიდოს მატჩის შემდგომ ამა თუ იმ სიტუაციის განსახილველად."