კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 33-ე ტური დაიწყო. სამი მატჩი გაიმართა. დინამო თბილისმა შინ ფრედ ითამაშა ქუთაისის ტორპედოსთან. გორის დილამ სტუმრად აჯობა თბილისის სპაერს, ხოლო გორის დილამ გაგრას სძლია. ორივე შეხვედრა ერთნაირი ანგარიში დასრულდა - 2:3...
დინამო თბილისმა ოქროს ქულები დაკარგა. თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა და 1:1 ითამაშა.
ტორპედოელები სწრაფი გოლით დაწინაურდნენ, კერძოდ, ხორვატმა დინო სკორუპმა დაახლოებით 30 მეტრიდან დაარტყა და მეკარე ლუკას ფლორესმა ვერ მოიგერია.
თბილისელებმა 76-ე წუთზე გაათანაბრეს: ნიკა ნინუას მორიგი საგოლე პასი და ჰალიდ დოლტმურზიევის ერთ შეხებაში დარტყმა - 1:1. სხვათა შორის, ამ გუნდების წინა დაპირისპირებაც 1:1 დასრულდა და დოლტმურზიევმა მაშინაც გაიტანა.
ისევ დღევანდელზე: გოლიდან რამდენიმე წუთში დინამომ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა. არბიტრმა კობა რევაზაშვილმა VAR-ზე გადაამოწმა ეპიზოდი, იქ გამოჩნდა, რომ დოლტმურზიევის დარტყმული ბურთი ქუთაისელთა მცველ მატეო შიმიჩს ხელზე მოხვდა.
პენალტი ნიკა ნინუამ დაარტყა და ოთო გოშაძემ მოგერია ბურთი...
დინამო თბილისი ამ დროისთვის მეორე ადგილზეა და ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერ იბერია 1999-ს, თუმცა ამ ტურში დინამო ბათუმსაც სათამაშო აქვს და რუსთავსაც.
აუტსაიდერმა ტყიბულის მეშახტემ თბილისში მოუგო სპაერს.
ჯერ სპაერი იგებდა, კერძოდ, მარცხენა მცველმა გიგა სამხარაძემ პენალტით გახსნა ანგარიში.
პირველივე ტაიმში მეშახტემ გაათანაბრა: გიორგი გეგიას თავურის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე კი ცოტნე ფაცაციამ იმარჯვა და 1:1.
მეორე ტაიმში სპაერი კიდევ ერთხელ დაწინაურდა, თამაზ ცეცხლაძემ ბოლომდე იბრძოლა და თავით გაიტანა.
აი, 63-ე წუთზე კი ბრწყინვალე გოლი ვნახეთ ცოტნე ფაცაციას შესრულებით. მეშახტეს ნახევარმცველმა ბურთიც კარგად მიიღო, აკენწლა და ჰაერშივე, შემობრუნებით დაარტყა - 2:2.
რამდენიმე წუთში კი ტყიბულელები წინ გავიდნენ: გიორგი პაპუაშვილის პასს მოჰყვა ბექა გაბისკირიას დაბალ კუთხეში დარტყმა - 2:3. მეშახტემ მოიგო, თუმცა მეცხრეადგილოსანს 8 ქულით ჩამორჩება.
ორივე გუნდს ცუდი სერია ჰქონდა, თუმცა დილამ ამჯერად გატეხა ნავსი და გაიმარჯვა. გორელებმა ხუთგოლიან შეხვედრაში აჯობეს გაგრას, რომელიც მეცხრე ადგილზეა და თან საქართველოს თასის ფინალშია გასული.
დილა მუჰამედ დიუფმა დააწინაურა, ხოლო მალე გაგრამ გაათანაბრა გურამ გოშთელიანის გოლით. ორივე გოლი კარგი კომბინაციის შედეგი იყო.
44-ე წუთზე დიუფმა დუბლი შეასრულა. მან ამჯერად თავურით გაიტანა.
მეორე ნახევარში, შვიდწუთიან მონაკვეთში, კიდევ ორი გოლი ვნახეთ. ჯერ გაგრას მარცხენაფლანგელმა ვანდერსონმა პენალტით გაათანაბრა, ხოლო შემდეგ დილას ათიანმა ოთარ ფარულავამ გამოიყენა შოთა შეყილაძის პასი და ახლოდან გაიტანა - 2:3.
იბერია 1999
დინამო თბ
დინამო ბთ
რუსთავი
ტორპედო
დილა
სამგურალი
სპაერი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
გორი
კოლხეთი 1913