კალენდარი

კვირა, 4 ოქტომბერი

შაბათი, 10 ოქტომბერი

კვირა, 11 ოქტომბერი

შაბათი, 17 ოქტომბერი

კვირა, 18 ოქტომბერი

ახალი ამბები

იბერია 1999-ის ზედიზედ სამი მოგება; დილას გამარჯვება სპაერთან

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 27-ე ტური დასრულდა. ორშაბათს ორი მატჩი გაიმართა. ზედა ოთხეულის გუნდების დაპირისპირება ვნახეთ, რომელშიც იბერია 1999-მა რუსთავს მოუგო, ხოლო გორის დილამ სპაერს აჯობა. 

რუსთავი 0:2 იბერია 1999

უმნიშვნელოვანესი მატჩი იყო და იბერიელებმა ამ სეზონში პირველად მოუგეს რუსთავს. წინა ორი წრის შეხვედრა გიორგი ცეცაძის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

დღევანდელ გოლებზე: იბერია 1999 პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე დაწინაურდა, კერძოდ, გიორგი ჯინჯოლავამ ჩააწოდა და ვაჰიდ სელიმოვიჩმა თავურით გაუტანა პაპუნა ბერუაშვილს - 0:1.

დაძაბული თამაში გამოდგა, მომენტებიც შეიქმნა, გოლი კი ისევ იბერიელებმა გაიტანეს: ჯინჯოლავას პასის მერე ამირან ძაგანია ჯერ დავიდ ოლივეირას გასცდა, მერე მამუკა კაპანაძესაც და ახლო კუთხეში ძლიერი დარტყმით გაიტანა.

იბერია 1999-მა ბოლო სამი მატჩი მოიგო. ახლა ქულებით გაუთანაბრდა მეორეადგილოსან რუსთავს და ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. თუმცა ახლა ადგილებზე წერა პირობითია, რადგან ოთხი გუნდი გამოკვეთილია და მათ შორის ქულებში სხვაობა მცირეა.

სპაერი 1:4 დილა

გორის დილა სპაერთან აგებდა, მაგრამ პირველივე ტაიმში ოთხი უპასუხო გოლი გაიტანა და დიდი ანგარიშითაც გაიმარჯვა.

მე-11 წუთი იყო, როცა სპაერის ნახევარმცველმა გოჩა ცირდავამ კუთხური ჩააწოდა, ბურთი ყველას ასცდა და თემურ ცალუღელაშვილმა თავით გადაგზავნა კარში.

პირველი ტაიმის შუაში დილამ შოთა შეყილაძის გოლით გაათანაბრა. შეყილაძემ ორი მცველი მოატყუა და დაფარული დარტყმით გაიტანა.

31-ე წუთზე შეყილაძემ კარგი პასი გაუკეთა მოჰამედ კანტეს და მანაც დაბალ კუთხეში შეასრულა.

ტაიმის ბოლოს დილამ კიდევ ორჯერ გაიტანა. ჯერ ოთარ ფარულავას კუთხურს მოჰყვა ლაშა მენთეშაშვილის თავური - 1:3.

და ისევ კანტე. მან საკუთარ ნახევარზე წაართვა ბურტი მეტოქეს, გზად კიდევ ორ ფეხბურთელს გასცდა და მართალია, მეკარე ბუხუტი ფუტკარაძემ პირველი დარტყმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ისევ კანტე გაჩნდა და 1:4...   

ადგილები არ შეუცვლიათ: დილა მეხუთეზეა, ხოლო სპაერი - ბოლოსწინაზე.