გაიმართა კონფერენციის ლიგის ძირითადი ეტაპის წილისყრა და გაირკვა ის ექვსი გუნდი, რომლებსაც თბილისის იბერია 1999 შეხვდება.
სერბეთის ცრვენა ზვეზდასთან (შინ);
დანიის კოპენჰაგენთან (გასვლა);
ესპანეთის ხეტაფესთან (შინ);
ბელგიის სენტ-ტრუიდენთან (გასვლა);
შვედეთის მიალბისთან (შინ);
ჩეხეთის იაბლონეცთან (გასვლა);
კონფერენციის ლიგის ძირითად ეტაპზე 36 კლუბია: 8 საუკეთესო პირდაპირ გავა. 9-24 ადგილამდე გასულები კი რვა წყვილს შექმნიან და იმ პირდაპირ გასულ რვას მიემატებიან. ანუ, როგორც ჩემპიონთა ლიგაშია. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე 8 ტურია, კონფერენციის ლიგაში - 6.
თანაბარი ქულების შემთხვევაში პრიორიტეტული იქნება ბურთების შეფარდება.
ახლა მეტოქეებზე.
ცრვენა ზვეზდა... სერბეთის ბოლო 9 წლის უცვლელი ჩემპიონი. დიდი კლუბი, რომელმაც 1991 წელს ჩემპიონთა თასი მოიგო.
იბერია 1999 მეოთხე ქართული კლუბი იქნება, რომელსაც ცრვენა ზვეზდა შეხვდება. აქამდე ფოთის კოლხეთს, ქუთაისის ტორპედოსა და თბილისის დინამოს გადაეყარა ევროტურნირებზე. სამივე შემთხვევაში ცრვენა ზვეზდა გავიდა შემდგომ ეტაპზე.
კოპენჰაგენი დანიის სუპერლიგაში მეშვიდე ადგილზე გავიდა, თუმცა ქვეყნის ყველაზე წარმატებული კლუბია და 16-გზის ჩემპიონია. კოპენჰაგენი აქამდე ორ ქართულ კლუბს შეხვდა და ორივე გამოთიშა: ქუთაისის ტორპედო და თბილისის ლოკომოტივი.
ხეტაფე... ევროპის ტოპ-ხუთი ლიგის წარმომადგენელი, ესპანეთის პრიმერადივიზიონის მეშვიდეადგილოსანი. ხეტაფეში, როგორც იცით, საბა საზონოვი თამაშობს. ის ამ ზაფხულს ტორინოდან გადავიდა მადრიდის გარეუბნის კლუბში.
სენტ-ტრუიდენი ბელგიაში მესამე ადგილზე გავიდა, რაც ბევრისთვის მოულოდნელი იყო. 22 წელია, რაც სენტ-ტრუიდენს ევროტურნირებზე არ უთამაშია.
მიალბი... შვედეთის მოქმედი ჩემპიონი. ისტორიაში პირველად მოიპოვა ეს ტიტული. მიალბი პატარა სოფელშია ბაზირებული. შვედური ზღაპარი. მიალბი შვედეთის მიმდინარე ჩემპიონატში ცხრილის შუაგულშია.
იაბლონეცი... ჩეხეთის მეხუთეადგილოსანი, სადაც ვახტანგ ჭანტურიშვილი თამაშობს. სწორედ ჭანტურიშვილმა გაუტანა გადამწყვეტი გოლი გლაზგო რეინჯერსს. იაბლონეცს გლაზგოში 0:1 ჰქონდა წაგებული, შინ კი 73-ე წუთზე ქართველის გოლით დაწინაურდა. მერე კი იყო პენალტების სერია და ჩეხური გუნდის გამარჯვება.
რუსთავი
დინამო თბ
იბერია 1999
დინამო ბთ
ტორპედო
სამგურალი
დილა
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
მერანი მრ
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
სამტრედია
კოლხეთი 1913
გორი