კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-16 ტურის სამი მატჩი გაიმართა. თავიანთი მატჩები მოიგეს იბერია 1999-მა, რუსთავმა და სამგურალმა. სხვათა შორის, სამივემ მინიმალური სხვაობით. საინტერესოა, რომ წინა ტურის მსგავსად სამგურალმა ისევ 3:2 გაიმარჯვა და ისევ სამივე გოლი ბრაზილიელებმა გაიტანეს.
რუსთავმა სპაერს დაძაბულ შეხვედრაში მოუგო. პირველ ტაიმში ერთი გოლი ვნახეთ: რუსთაველთა განელმა შემტევმა სოლომონ კესიმ შორიდან დაარტყა, ბურთი ძელს მოხვდა, გადმოვარდნილს კი ბრაზილიელმა ჟან ალმეიდამ დაამატა და ანგარიში გახსნა.
63-ე წუთზე სპაერმა სტანდარტულით გაათანაბრა: ზურაბ გოლუბიანმა კუთხურიდან შორეულ ძელთან ჩააწოდა, გიორგი ცეცხლაძემ კი თავით გადაგზავნა ბურთი კარში.
ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა მატჩი და ისევ რუსთაველებმა გაიტანეს: გუნდის კაპიტანმა ავთანდილ გუჯაბიძემ წინ სივრცე მოძებნა, საჯარიმოს მისადგომებიდან კი დაბალი ტექნიკური დარტყმით 2:1 გახადა ანგარიში.
სხვათა შორის, ეს გუჯაბიძის მესამე გოლია სეზონში და აქედან ორი გადამწყვეტი ხასიათის: ლიდერ იბერია 1999-საც გაუტანა ბოლო წუთებზე და რუსთაველებმა მაშინაც 2:1 მოიგეს.
მოქმედ ჩემპიონს ბოლო ტურებში თამაში კარგად ვერ მისდიოდა და კონკურენტებიც წამოეწივნენ. ამჯერად კი იმარჯვეს და მეორეადგილოსანთან სხვაობა ისევ 4 ქულამდე გაზარდეს.
ერთადერთი გოლი, 25-ე წუთზე, კარგი კომბინაციის შემდეგ ვახო ბედოშვილმა გაიტანა. საგოლე პასი ნიკოლოზ დადიანმა გააკეთა, ხოლო ბედოშვილის დარტყმის მერე რიკოშეტი იყო...
ბათუმელებს ჰქონდათ მწვავე შეტევები, თუმცა იბერია 1999-საც შეეძლო სხვაობის გაზრდა. საბოლოოდ ეს ერთი გოლი გამოდგა გადამწყვეტი.
მასპინძლებზე დავწერეთ, დინამო ბათუმი კი მეხუთე ადგილზე რჩება. გუნდს ამ ტურამდე ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.
გორის დილა ორჯერ იგებდა. პირველი ნახევრის შემდეგ წინ იყო, თუმცა საბოლოოდ წყალტუბოელებმა იმარჯვეს.
მე-15 წუთზე განელმა ბლანკსონ ანოფმა შორიდან გაისროლა და დილა დააწინაურა.
ტაიმის ბოლოს კი აქეთ-იქით გოლები ვნახეთ. ჯერ სამგურალის ნახევარმცველმა ოთარ აფციაურმა მოიპოვა პენალტი და ველისოლმა ტექნიკურად შეასრულა - 1:1.
თუმცა ზედ შესვენების წინ კი დილას ფორვარდმა შოთა შეყილაძემ, როგორც სჩვევია, ლამაზი გოლი გაიტანა: ანოფის პასის მერე მიწაზე დაუშვებლად, ერთი შეხებით.
შესვენების მერე უფრო ბევრი საგოლე მომენტი შეიქმნა, თუმცა დილამ ვერცერთი ვერ გამოიყენა, აი, წყალტუბოელებმა კი თამაში მოატრიალეს: ნიკო ცეცხლაძის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და კლაუდიო სებოლინიამ კარში მიუჩინა ადგილი.
და ბოლოს ისევ სებოლინიამ გაიბრწყინა. მარცხნიდან შეიჭრა საჯარიმოში, ერთ მცველს გასცდა, ცარიელ კართან გააკეთა პასი, იქ კი ვინისიუსი დახვდა ბურთს და 2:3.
დააკვირდით, სამგურალის სამივე გოლი ბრაზილიელების ანგარიშზეა. სხვათა შორის, იგივე მოხდა წინა ტურში, როცა ასევე 3:2 გაიმარჯვეს. მაშინ იბერია 1999-ს აჯობეს.
სამგურალი მეექვსე ადგილზეა, დილა კი - მერვეზე. გორელებს ბოლო ოთხ ტურში მხოლოდ ერთი ქულა აქვთ აღებული.
იბერია 1999
ტორპედო
რუსთავი
დინამო თბ
დინამო ბთ
სამგურალი
სპაერი
დილა
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
თელავი
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
სამტრედია
კოლხეთი 1913
გორი