კალენდარი

ხუთშაბათი, 28 მაისი

პარასკევი, 29 მაისი

შაბათი, 30 მაისი

პარასკევი, 12 ივნისი

შაბათი, 13 ივნისი

კვირა, 14 ივნისი

ახალი ამბები

სამგურალის ბრაზილიური გოლები და მოგება ლიდერთან; ბათუმელთა მორიგი სამი ქულა; სპაერის გამარჯვება

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-15 ტური დასრულდა. ორშაბათს სამი მატჩი გაიმართა. ცხრილის ზედა ნაწილში ვითარება დაიძაბა, რადგან ლიდერმა იბერია 1999-მა წააგო წყალტუბის სამგურალთან; დინამო ბათუმმა რუსთავს აჯობა და მეხუთე ადგილამდე აინაცვლა, ხოლო თბილისის სპაერმა ტყიბულის მეშახტე დაამარცხა.  

სამგურალი 3:2 იბერია 1999 

წყალტუბოელებმა მოქმედ ჩემპიონსა და მიმდინარე სეზონის ლიდერს მოუგეს 3:2. პირველი ტაიმის შვიდწუთიან მონაკვეთში სამგურალმა ორჯერ გაიტანა. ჯერ ბრაზილიელმა კლაუდიო სებოლინიამ მოიპოვა პენალტის უფლება და ველისოლმა გოლად აქცია. სუფთა ბრაზილიური გოლი.

მერე კი ისევ ველისოლმა გაიტანა. ამჯერადაც ერთ-ერთი მოქმედი პირი სებოლინია გახლდათ, კერძოდ, მან გააკეთა საგოლე პასი.

დაიწყო მეორე ტაიმი და რამდენიმე წუთში სებოლინიამ თავადაც გაიტანა: ნიკო ცეცხლაძის პასის მერე ტექნიკურად დაარტყა - 3:0.

მასპინძლებმა პრაგმატულად და გონივრულად ითამაშეს, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში იბერიელებმა ორი გოლი გაიტანეს. ჯერ ლუკას კაფეს მიერ მონადირებული პენალტი გიორგი ჯინჯოლავამ გაიტანა; მერე კი ისევ ჯინჯოლავამ 25-27 მეტრიდან ძლიერი დარტყმით მშვენიერი გოლი გაიტანა - 3:2.

იბერია 1999 ისევ ლიდერია, მაგრამ მხოლოდ ერთი ქულითღა უსწრებს ქუთაისის ტორპედოს. სამგურალი კი მერვე ადგილზეა, თუმცა ჩამორჩენა მცირეა: მესამეადგილოსან რუსთავთან მხოლოდ 5 ქულაა ჩამორჩენა.

სპაერი 2:1 მეშახტე 

თბილისის სპაერს კარგი სტარტის მერე ცოტა ჩავარდნა ჰქონდა, მაგრამ ბოლო ტურებში აზუკა კიღურაძის გაწვრთნილი გუნდი ისევ კარგია. ამჯერად ტყიბულის მეშახტეს 2:1 მოუგეს და ცხრილის შუაში არიან. აი, მეშახტე კი ზედიზედ მეექვსედ დამარცხდა.

პირველი ტაიმი მთავრდებოდა, როცა მასპინძლები დაწინაურდნენ: ზურაბ გოლუბიანმა ჩააწოდა და თამაზ ცეცხლაძემ თავურით გაიტანა.

მეორე ნახევარში მომენტები იყო და ისევ სპაერმა მოახერხა გატანა. გიგა სამხარაძემ შორიდან დაარტყა, მეკარე ლევან შოვნაძემ ბურთი მოიგერია და დამატებაზე ნიკა ჩაგუნავამ გადაგზავნა კარში.

მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი მეშახტემ პენალტის უფლება მიიღო და სხვაობაც შეამცირა: დიმიტრი ღურწკაიამ ზუსტად შეასრულა და 2:1.  თერთმეტმეტრიანი კი არბიტრმა გურამ მაჩიტიძემ VAR-ზე გადამოწმების მერე დანიშნა: ბურთი ხელზე მოხვდა ჩაგუნავას.

დინამო ბთ 1:0 რუსთავი 

ბათუმელებმა გაიმარჯვეს, კარგი სერია აქვთ, ბოლო 6 შეხვედრაში 14 ქულა აიღეს.

ერთადერთი გოლი ბათუმში მე-60 წუთზე გავიდა. კარგი კომბინაცია იყო: ლუკა წულუკიძემ ქუსლით გააყოლა ბურთი ლუკა ლაკვეხელიანს, რომელმაც ჩააწოდა და გიორგი კოხრეიძემ ერთი შეხებით გადაგზავნა კარში - 1:0.

კოხრეიძე ექვსი წუთის შესული იყო მინდორზე, როცა გაიტანა. კოხრეიძე 19 წლისაა, ეს მისი მეორე გოლია მიმდინარე სეზონში.  

დინამო ბათუმი პირველი წრის მერე ბოლო ადგილზე იყო, ახლა კი მეხუთეზეა. რუსთავი კი მესამე პოზიციაზეა.