კალენდარი

კვირა, 24 მაისი

ორშაბათი, 25 მაისი

ხუთშაბათი, 28 მაისი

პარასკევი, 29 მაისი

შაბათი, 30 მაისი

ახალი ამბები

მე-14 ტურის ორი მატჩი: ექვსგოლიანი ფრე და რუსთავის გამარჯვება

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-14 ტური დასრულდა. ხუთშაბათს ორი მატჩი გაიმართა და აქედან ერთი უხვგოლიანი გამოდგა: სპაერმა 3:3 ითამაშა დინამო ბათუმთან. რუსთავმა კი 1:0 მოუგო წყალტუბოს სამგურალს და სამეულში დაბრუნდა.

სპაერი 3:3 დინამო ბთ 

პირველი ტაიმის ბოლოს ბათუმელებმა ზედიზედ ორჯერ გაიტანეს. ჯერ გურამ ჯაფარიძემ სიზუსტეზე გათვლით დაარტყა და ანგარიში გახსნა; ზედ შესვენების წინ კი ნიკა კალანდარიშვილის მშვენიერ გარღვევასა და პასს მოჰყვა ალბანელი უერდი მარას ზუსტი დარტყმა - 0:2.

შესვენების მერე მალევე მოახერხა სპაერმა სხვაობის შემცირება, კერძოდ, ლაშა კოხრეიძემ თავურით გაიტანა.

67-ე წუთზე ლევან ხოზრევანიძემ გაიტანა. მან მარას პასის მერე კარგად იმოქმედა, ერთ მცველს გასცდა და დაბალ კუთხეში დარტყმით აღადგინა ორბურთიანი სხვაობა. ხოზრევანიძემ წინა ტურშიც გაიტანა.

დარჩენილ დროში სპაერმა თამაშის გადარჩენა შესძლო. ჯერ გიორგი ბუნტურის ზუსტი თავური ვნახეთ, 83-ე წუთზე კი ნიკოლოზ კენჭაძემ გაიტანა... კენჭაძის თავური მეკარე ლაზარე კუპატაძემ მოიგერია, მაგრამ მეორე დარტყმულზე უკვე ვერაფერს იზამდა.

საინტერესოა, ორივეჯერ ზურაბ გოლუბიანმა ჩააწოდა, ორივეჯერ თითქმის ერთი და იგივე ადგილიდან.

ბათუმის დინამოს ოთხმატჩიანი, სპაერს კი სამმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ბათუმელებმა ბოლო 4 შეხვედრაში 10 ქულა აიღეს.

რუსთავი 1:0 სამგურალი 

რუსთავმა სამგურალს სოლომონ კესის გოლით აჯობა. განელმა ფორვარდმა მე-20 წუთზე  სტუმართა მცველ რიანს მოუგო პოზიცია, ის ერთი შეხებაც მშვენიერი იყო და დარტყმაც კარგი მიაყოლა - 1:0.

ეს კესის მეორე გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

მომენტი ბევრი არ შექმნილა, საბოლოოდ, რუსთავმა მშრალად შეინახა კარი და ამ მოგებით ქუთაისის ტორპედოს გაუთანაბრდა ქულებით: ორივეს 23-23 ქულა აქვს. გიორგი ცეცაძის გაწვრთნილი გუნდი მესამე ადგილზეა და 4 ქულით ჩამორჩება ლიდერ იბერია 1999-ს.