კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-13 ტურის სამი მატჩი გაიმართა. ორივე დინამომ მოიგო: თბილისელებმა ლიდერ იბერია 1999-ს აჯობეს, ხოლო ბათუმელებმა მეშახტეს სძლიეს. გაგრა-რუსთავი კი ფრედ დასრულდა.
დინამო თბილისმა დედაქალაქურ დერბიში იბერია 1999-ს მოუგო. დინამოელები უკვე მეორე ადგილზე არიან: თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა ბოლო 5 მატჩიდან 4 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.
აი, იბერია 1999 კი ისევ ლიდერია, თუმცა უახლოეს მდევარს ახლა 3 ქულით უსწრებს.
გოლები პირველი ტაიმის ბოლო 12-წუთიან მონაკვეთში გავიდა. ნანა-კოფი დონკორმა ძლიერად დაარტყა და ბურთი ხარიხიდან ასხლეტით გავიდა კარში.
მეორე გოლს რაც შეეხება: როდრიგო რამუშმა კუთხური ჩააწოდა და კოტდივუარელმა აბდულაი იორომ ყველას დაასწრო - 2:0. იორომ წინა ტურშიც გაიტანა.
ასე გაიმარჯვა დინამომ აფრიკელების გოლებით.
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დებიუტი ჰქონდა 16 წლის თორნიკე კვარაცხელიას. ხვიჩას ძმა 70-ე წუთზე შევიდა მინდორზე. სხვათა შორის, ხვიჩასაც 16 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი: ისიც დინამოს მაისურით, ისიც 18 ნომრით. 2017 წლის 29 სექტემბერს ფოთის კოლხეთთან - 1:1. მაშინ დინამო თბილისს კახა კაჭარავა წვრთნიდა.
გაგრამ სამმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა და ქულა აიღო რუსთავთან.
პირველი ტაიმის შუაში რუსთავმა პენალტი ვერ გამოიყენა: ვაჟა ფაცაციას დარტყმული ბურთი მეკარე ოლეკსანდრ ვორობეიმ მოიგერია.
შესვენების მერე კი მალევე გაგრამ გაიტანა, კერძოდ, ვანდერსონ სილვამ კუთხური ჩააწოდა, ბურთი კი არავის არ მოხვედრია, ისე ჩაეხვია კარში. ქარიც დაეხმარა.
რუსთაველთაგან გამათანაბრებელი გოლი კი ნიკოლოზ ჩიქოვანმა მიითვალა. 21 წლის მცველმა შორიდან ძლიერი დარტყმით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა - 1:1.
ბათუმელები აგებდნენ, თუმცა მეორე ტაიმში თამაში შემოატრიალეს და სამი ქულა აიღეს.
34-ე წუთზე მეშახტემ კარგი შეტევა გაშალა, ბექა შუბითიძე მარჯვნიდან შეიჭრა საჯარიმოში და მის პასს ირაკლი სიხარულიძის გოლი მოჰყვა. სიხარულიძეს 133 გოლი მოუგროვდა საქართველოს უმაღლეს ლიგაში.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა მასპინძლებმა გაათანაბრეს: ლევან შოვნაძის მოგერიებულ ბურთს ლუკა წულუკიძემ კარში მიუჩინა ადგილი.
ბათუმელებმა 84-ე წუთზე კიდევ ერთხელ გაიტანეს: თორნიკე კირკიტაძემ მარჯვნიდან ჩააწოდა და შეცვლაზე შესულმა ახალგაზრდა ფორვარდმა ლევან ხოზრევანიძემ თავურით ძლიერად დაარტყა - 2:1. ხოზრევანიძისთვის მიმდინარე სეზონში პირველი გოლია.
დინამო ბათუმმა ზედიზედ მესამე თამაში მოიგო, აი მეშახტემ კი მიჯრით მეოთხედ წააგო და ბოლო ადგილზეა.
იბერია 1999
დინამო თბ
ტორპედო
რუსთავი
დილა
დინამო ბთ
სპაერი
სამგურალი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
სიონი
თელავი
არაგვი
კოლხეთი 1913
სამტრედია
ოდიში 1919
გორი