კალენდარი

ოთხშაბათი, 22 აპრილი

შაბათი, 25 აპრილი

კვირა, 26 აპრილი

ორშაბათი, 27 აპრილი

პარასკევი, 1 მაისი

ახალი ამბები

გაგრამ დინამო თბილისს კვლავ მოუგო; იმერულ დერბიში ტორპედომ გაიმარჯვა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მერვე ტური დაიწყო. ორი მატჩი გაიმართა: გაგრამ დინამო თბილისს 1:0 მოუგო, ხოლო იმერულ დერბიში ქუთაისის ტორპედომ წყალტუბოს სამგურალს 6:1 სძლია...

დინამო თბ 0:1 გაგრა 

დინამო თბილისისთვის ზედიზედ მეშვიდე მოუგებელი მატჩი. გაგრამ კი ამ გამარჯვებით ბოლო ადგილიდან მეხუთეზე აინაცვლა. ასეთი სიმჭიდროვეა ქულებში...

სხვათა შორის, დინამო არენაზე ამ გუნდების ბოლო სამი დაპირისპირებიდან სამივეში გაგრამ მოიგო.

ერთადერთი გოლი 52-ე წუთზე გავიდა. დავით მუჯირმა პრესინგისას წაართვა ბურთი მეტოქეს, შემდეგ უკრაინელმა ანდრი ანდრეიჩუკმა მოკლე მონაკვეთში მშვენივრად ითამაშა, ორ კაცს გასცდა, მესამესაც, დაბალი პასი გააკეთა და ლუკა კეკელიძემ ყველას დაასწრო დარტყმა - 0:1.

ეს კეკელიძის პირველი გოლია გაგრაში და ზოგადად კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაშიც.

ტორპედო 6:1 სამგურალი 

ყველაზე უხვგოლიანი მატჩი მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. და ყველაზე დიდი სხვაობაც.

ტორპედომ სწრაფი გოლი გაიტანა, კერძოდ, კომნენ ანდრიჩმა გიორგი არაბიძის ჩაწოდებას თავური შეაგება და 1:0 გახდა.

ტაიმის ბოლოს არაბიძემ დაბალ კუთხეში ძლიერი დარტყმით გაზარდა სხვაობა.

მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როცა ალეკო ბასილაძემ შორიდან ცაციით გაიტანა...

მეოთხე გოლიც ლამაზი გამოვიდა: ვლადიმერ მამუჩაშვილის კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი და ანდრიჩის ერთი შეხებით დარტყმა.

79-ე წუთზე მოჰამედ შერიფმა 5:0 გახადა ანგარიში. შერიფმა არეულობისას ახლოდან გადაგზავნა ბურთი კარში.

მალევე, სამგურალმა ერთი გოლი მიითვალა: ნიკო ცეცხლაძის დაბალი პასი და გიორგი გოგოლაშვილის ზუსტი დარტყმა ვნახეთ.

ბოლოს კი ტორპედოს კაპიტანმა მამუჩაშვილმაც გაიტანა. მან 17 წლის ლუკა კუპრავას პასი გამოიყენა. კუპრავამ ამ სეზონში პირველად ითამაშა. შეცვლაზე შევიდა და ოთხ წუთში საგოლე გადაცემა გააკეთა.

ტორპედოსთვის ეს ზედიზედ მეოთხე წაუგებელი მატჩი იყო, სამგურალი კი მიჯრით მესამედ დამარცხდა.