კალენდარი

შაბათი, 11 აპრილი

სამშაბათი, 7 აპრილი

პარასკევი, 17 აპრილი

ახალი ამბები

ლამაზი თავურები... მეხუთე ტურის ხუთივე მატჩზე

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა, მეხუთე ტურის ხუთივე მატჩი პარასკევს გაიმართა და ჯამში 17 გოლი ვნახეთ. აქედან 8 თავით გავიდა, თან ლამაზი გოლები. სამ-სამი ქულა აიღეს დილამ, სამგურალმა, დინამო ბათუმმა, იბერია 1999-მა და ტორპედომ.

დინამო თბ 1:2 დილა 

გორის დილამ სტუმრად მოუგო დინამო თბილისს. ეს გორელთა ზედიზედ მეორე გამარჯვებაა.

მე-20 წუთზე დილა ლაშა მენთეშაშვილმა დააწინაურა. მან ტრეი ფულერის კარგი პასის მერე გაიტანა. სხვათა შორის, მენთეშაშვილმა წინა ტურშიც მიითვალა გოლი (ტორპედოსთან).

დინამოელებმა პირველი ტაიმის ბოლოს გაათანაბრეს. ბარნს ოსეის ჩაწოდება და გიორგი გვასალიამ თავით ზუსტად დაარტყა - 1:1.

57-ე წუთზე კი ზურაბ მუსელიანმა ლამაზი თავურით ისევ წინ გაიყვანა დილა. ეს მუსელიანის პირველი გოლია დილას მაისურით. საგოლე პასი კი მენთეშაშვილმა გააკეთა... 1:2.

დინამო თბილისისთვის ეს ზედიზედ მესამე მოუგებელი მატჩია. მანამდე კი გუნდს ერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული.

სამგურალი 2:1 რუსთავი

წყალტუბოელებმა პირველი ტაიმი წააგეს რუსთაველებთან, მაგრამ საბოლოოდ სამი ქულა აიღეს.

შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე რუსთაველთა ბრაზილიელმა ფორვარდმა ჟან სოუზა დე ალმეიდამ დააწინაურა თავისიანები. მან მეკარე არსენ სიუკაევის მიერ მოგერიებულ ბურთს დაამატა.

საინტერესოა: რუსთავს ამ სეზონში სამი გოლი აქვს გატანილი და სამივე ალმეიდამ მიითვალა.

სამგურალმა 51-ე წუთზე გაათანაბრა: ნიკა ხორხელმა ფლანგიდან კარგად შეასრულა საჯარიმო. ტექნიკურად დაარტყა და ამან მეკარე და მცველები დააბნია, ბურთი არავის არ შეხებია, ისე შევარდა კარში.

გადამწყვეტი გოლი კი მე-80 წუთზე გავიდა. წყალტუბოელთა შემტევი ნიკო ცეცხლაძე წააქცია დავიდ ოლივეირამ, დაინიშნა პენალტი და ბრაზილიელმა ველისოლმა გაიტანა - 2:1.   

გაგრა 1:2 იბერია 1999 

ამ შეხვედრაში სწრაფი გოლი ვნახეთ, კერძოდ, იბერიელთა საყრდენმა ნახევარმცველმა ბაქარ ქარდავამ შორიდან დარტყმით გაიტანა.

პირველი ტაიმის ბოლოს გაგრამ დავით მუჯირის გოლით გაათანაბრა: მუჯირმა ვანდერსონ სილვას პასის მერე, ზურგით მდგომმა მაინც მოახერხა სწრაფად მოტრიალება და ცაციით დარტყმა.

69-ე წუთზე კი მოქმედი ჩემპიონი მეორედ დაწინაურდა და როგორც აღმოჩნდა, ეს გადამწყვეტი გოლი გამოდგა გურამ გოშთელიანმა მართლაც მშვენივრად ითამაშა, ნახტომში თავურით გადაგზავნა ბურთი ოლექსანდრ ვორობეის კარში.

ტორპედო 3:0 მეშახტე 

ქუთაისელებმა დიდი ანგარიშით სძლიეს ტყიბულელებს, რომლებსაც საწყის სამ ტურში გოლი საერთოდ არ ჰქონდათ გაშვებული.

მე-17 წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილის ჩაწოდებულ ბურთს დიეგო დეისაძემ მიაყოლა თავური და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმის შვიდწუთიან მონაკვეთში კი ტორპედომ კიდევ ორჯერ იზეიმა გოლი. ჯერ ისევ მამუჩაშვილის საგოლე პასს მოჰყვა გიორგი არაბიძის დაბალ კუთხეში ზუსტი დარტყმა - 2:0; მერე კი ფელიპე პირესმა გამოიყენა არაბიძის გრძელი პასი და თავით მოახერხა გატანა.

ისე, ამ ტურში რამდენი გოლი გავიდა თავით...

დინამო ბთ 4:1 სპაერი 

დინამო ბათუმმა დამაჯერებლად გაიმარჯვა, თანაც ლიდერ სპაერთან.

ბათუმელები მე-14 წუთზე უკვე სამი ბურთის სხვაობით იგებდნენ...

ჯერ ნიკა კალანდარიშვილმა გაიტანა თავით; მერე კონტრშეტევისას თორნიკე კირკიტაძემ ჩააწოდა და დმიტრი მანდრიჩენკომ ასევე თავურით ორამდე გაზარდა სხვაობა; მალევე კიდევ ერთხელ გაიტანა მანდრიჩენკომ და ისევ კირკიტაძის გადაცემის შემდეგ... 3:0.

პირველივე ტაიმში სპაერმა სხვაობა შეამცირა. საბა გეგიაძემ ახლოდან დაამატა მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს. 3:1 და ერთ წუთში გეგიაძეს ცოტა დააკლდა დუბლის შესრულებამდე: ძელს მოარტყა ბურთი...

მეორე ნახევარში ერთი გოლი ვნახეთ, კერძოდ, მასპინძელთა ალბანელმა ლეგიონერმა უერდი მარამ საჯარიმოს მისადგომებიდან გამოზომილი დარტყმით გაიტანა - 4:1.

დინამო ბათუმს ამ ტურამდე სამი მატჩიდან სამი ფრე ჰქონდა და აი, ახლა გაიმარჯვა. ერთადერთი გუნდია, რომელიც კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ამ სეზონში არ დამარცხებულა.