კალენდარი

ორშაბათი, 1 დეკემბერი

პარასკევი, 5 დეკემბერი

შაბათი, 6 დეკემბერი

ახალი ამბები

ბოლოსწინა ტურის ამბები

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლოწინა ტურის ოთხი მატჩი გაიმართა. ბევრი რამ გაირკვა, თუმცა ჩემპიონის ვინაობა? ეს ბოლო ტურში გაირკვევა. დღეს მოიგეს იბერია 1999-მა, დილამ და სამგურალმა, თბილისსი დინამოსა და ქუთაისის ტორპედოს დაპირისპირება კი ფრედ დასრულდა.    

გარეჯი 0:4 იბერია 1999 

ლიდერმა დიდი ანგარიშით მოიგო. პირველ ტაიმში ორი ლამაზი გოლი გაიტანა ამირან ძაგანიამ, რომელიც წინა შეხვედრებშიც გადამწყვეტ მომენტებში მსნელად მოევლინა გუნდს. ძაგანიამ გარეჯთან ორივეჯერ გიორგი ჯინჯოლავას ჩაწოდების მერე გაიტანა, ორივეჯერ თავურით.

პირველივე ტაიმში, როცა 0:1 იყო, გარეჯი ათი კაცით დარჩა, რადგან სერგო კუხიანიძე უხეშობისთვის გააძევეს.

მეორე ნახევარში ნიკოლოზ დადიანმა გამოზომილი დარტყმით სხვაობა გაზარდა, ბოლო გოლი კი გურამ გოშთელიანმა გაიტანა თავურით.

იბერია 1999 ბოლო ტურში გაგრას თუ მოუგებს, ჩემპიონი გახდება. გარეჯი კი მერვე ადგილზე გავიდა და პლეიოფში თამაში მოუწევს, რათა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს.

კოლხეთი 1913 1:4 დილა 

გორელებმა ბოლო ადგილზე მყოფ ფოთელებს აჯობეს. დილა ისევ მეორე საფეხურზეა. იმდენივე ქულა აქვს, რამდენიც ლიდერ იბერია 1999-ს, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში აგებს.

დღევანდელ გოლებს რაც შეეხება, პირველი შოთა შეყილაძემ გაიტანა საჯარიმოში შექმნილი არეულობის მერე; შემდეგ ერთწუთიან მონაკვეთში ჯერ ოთარ ფარულავას შორიდან დარტყმით გაიზარდა სხვაობა, რასაც მოჰყვა განელი სირილ ედუძის გოლი - 0:3.

მეორე ტაიმში კოლხეთი 1913-მაც გაიტანა, კერძოდ, 19 წლის გიორგი კვირკველიამ დაბალ კუთხეში ძლიერი დარტყმით. ეს კვირკველიას პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

58-ე წუთზე ფოთელთა კოტდივუარელი მცველი სულეიმან მეიტე გააძევეს, მერე კი დილამ სამბურთიანი სხვაობა აღადგინა: აბუბაქარ კონტემ საჯარიმოს მისადგომებიდან გაისროლა და 1:4.

სამგურალი 4:0 დინამო ბთ

ამ მატჩის დაწყებამდე გაირკვა, რომ ორივე გუნდი ასცდებოდა ფლეიოფს. თუ მანამდე მცირე საფრთხე ჰქონდათ, კონკურენტ გარეჯის წაგებამ ყველანაირი ნერვიულობა მოუხსნათ.

სამგურალმა დიდი ანგარიშით გაიმარჯვა. ორივე ტაიმში ორ-ორი გოლი გაიტანა ბათუმელებს.

ჯერ ვნაეთ ლაშა შერგელაშვილის საფირმო საჯარიმო, ბურთმა უცნაური ტრაექტორია მოხაზა და მეკარე მათე თურმანიძემ ვერ მოიგერია.

კარგი იყო დემურ ჩიხლაძის გოლიც: მან შორიდან ზუსტი დარტყმით 2:0 გაადა ანგარიში.

81-ე წუთზე გიორგი ფანცულაიამ ახლოდან გაიტანა, ასისტენტობა კი მას ჯეფერსონ ჯერალდომ გაუწია. ეს ფანცულაიას მე-17 გოლია სეზონში. ბოლოს კი ბრაზილიელმა ველისოლმა იმოქმედა კარგად და საბოლოოდ - 4:0.

დინამო თბ 2:2 ტორპედო 

გაირკვა, რომ ქუთაისის ტორპედო მესამე ადგილზე დაასრულებს სეზონს, დინამო თბილისი კი - მეოთხეზე.

მე-14 წუთზე განელმა ბარნს ოსეიმ ოსტატურად იმოქმედა და დინამოელები დააწინაურა.

ტაიმის ბოლოს არბიტრმა გურამ მაჩიტიძემ VAR-ზე გადამოწმების შემდეგ დანიშნა პენალტი. ჩათვალა, რომ დინამოელთა მცველმა აბდულაი იორომ წესები დაარღვია კომნენ ანდრიჩის წინააღმდეგ. პენალტი ბიორნ იონსენმა შეასრულა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში წლეულს მე-20 გოლი გაიტანა. იონსენი პირველზეა და სამი გოლით უსწრებს ფანცულაიას.

64-ე წუთზე ტორპედომ მშვენიერი კომბინაცია გაითამაშა, მარცხნიდან ცოტნე ნადარაია ჩაერთო შეტევაში, გააკეთა პასი და ნიკა ნინუას საკუთარ კარში აეჭრა ბურთი.

და ბოლო წუთი იყო, როცა დინამოელთაგან მეორე განელმაც გაიტანა. ეს გახლდათ ნანა-კოფი დონკორი, რომელსაც დებიუტი ჰქონდა მთავარ გუნდში: რვა წუთის შესული იყო მინდორზე, კარგად იმოქმედა საჯარიმოში, ცრუ მოძრაობის მერე დაარტყა და ბურთი რიკოშეტით შევარდა კარში - 2:2.

ისე, წლეულს დინამოურ-ტორპედოულ დაპირისპირებებში სრული თანაფარდობაა. ერთხელ თბილისელებმა მოიგეს 2:0, ერთხელ ქუთაისელებმა ასევე 2:0, ორი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა: 1:1 და 2:2.  

ტური 1 დეკემბერს ამ მატჩით დასრულდება 

გაგრა-თელავი 

გაირკვა ისიც, რომ პლეიოფში თელავი თბილისის სპაერს შევდება. აი, გარეჯი ვის შეხვდება, ჯერ უცნობია.