კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 34-ე ტური დაიწყო. ორი მატჩი გაიმართა: გაგრამ გარეჯს აჯობა, ხოლო ბათუმელებმა თელავში მოიგეს. არაერთი ლამაზი გოლიც ვნახეთ.
გაგრამ ზედიზედ მეორედ მოიგო და ისევ ოთხი გოლი გაიტანა. წინა ტურში დინამო თბილისს 4:2 აჯობეს, ამჯერად კი გარეჯთან 4:1 გაიმარჯვეს.
პირველი გოლი გიორგი ხარებაშვილმა გაიტანა საბა ზოიძის გამოზომილი პასის შემდეგ. მერე დავით მუჯირმა დაარტყა ეფექტურად ერთი შეხებით და 2:0 გახადა ანგარიში. აქ რატი არდაზიშვილის კარგი გადაცემაც აღსანიშნავია.
მე-60 წუთზე მათე ცინცაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან ცხრიანში ზუსტად დაარტყა და სხვაობა სამბურთიანი გახდა. ცინცაძემ თითქმის ანალოგიური გოლი, იგივე მანძილიდან, დინამოსთანაც გაიტანა. ძალიან ჰგავდა.
მეოთხე გოლიც კარგი იყო, დავით გოცირიძე საჯარიმოში დაუსხლტა მცველს და ტექნიკურად მშვენივრად შეასრულა. საინტერესოა, გაგრელთა სამმა ფეხბურთელმა წინა ტურშიც გაიტანა და ახლაც: მუჯირმა, ცინცაძემ და გოცირიძემ.
გარეჯმა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე მოახერხა ერთი საპასუხო ბურთის გატანა და ესეც ლამაზი გოლი გამოვიდა: ლუკა თოლორდავას თავური.
ამ მოგებით გაგრამ გაინაღდა 2026 წელს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თამაში. აი, გარეჯი კი მერვე ადგილზეა, პლეიოფის ზონაში.
ბათუმელებმა გაიმარჯვეს და მართალია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ოფიციალურად ჯერ ვერ გაინაღდეს ადგილი, მაგრამ დიდი ნაბიჯი გადადგეს. აი, თელავს კი ნამდვილად პლეი-ოფში მოუწევს თამაში ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად.
თამაშს რაც შეეხება, ზღვისპირელებიდან პირველი გოლი ნიკა კალანდარიშვილმა გაიტანა. მან თელაველთა მცველისგან მოგერიებული ბურთი ერთი შეხებით გადაგზავნა კარში.
მეორე ტაიმში ლევან ხოზრევანიძის პასს მოჰყვა დმიტრი მანდრიჩენკოს გარღვევა და ზუსტი დარტყმაც - 0:2.
68-ე წუთზე თელავმა სხვაობა შეამცირა: დავით კუტალიამ თავურით გაიტანა. კუტალია მხოლოდ ექვსი წუთის შესული იყო მინდორზე.
ბოლოს ბათუმელებმა პენალტი ვერ გაიტანეს, კერძოდ, ლუკა წულუკიძის დარტყმული ბურთი მოიგერია ლევან თანდილაშვილმა. საბოლოოდ 1:2. ბათუმელებს 13-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდათ და აი, ამჯერად მოახერხეს სამი ქულის აღება.
იბერია 1999
დილა
ტორპედო
დინამო თბ
გაგრა
დინამო ბთ
სამგურალი
გარეჯი
თელავი
კოლხეთი 1913
რუსთავი
სპაერი
მეშახტე
სამტრედია
მერანი მრ
იბერია 1999-2
სიონი
ლოკომოტივი
გონიო
დინამო-2 თბ