კალენდარი

კვირა, 26 ოქტომბერი

ორშაბათი, 27 ოქტომბერი

სამშაბათი, 28 ოქტომბერი

კვირა, 2 ნოემბერი

ორშაბათი, 3 ნოემბერი

სამშაბათი, 4 ნოემბერი

ახალი ამბები

ფანცულაია გოლებს აგროვებს; სამგურალმა, გარეჯმა და თელავმა გაიმარჯვეს

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 29-ე ტური დასრულდა. სამი მატჩი გაიმართა: საგარეჯოს გარეჯმა სტუმრად ბათუმელებს მოუგო, თელავმა ფოთში გაიმარჯვა, ხოლო წყალტუბოს სამგურალმა დინამო თბილისს აჯობა. გაგრძელდა სერიები, მაგალითად, სამგურალისთვის ეს ზედიზედ მეოთხე მოგებაა.

დინამო ბთ 1:4 გარეჯი

გარეჯმა კვლავ მაგარი მეორე ტაიმი ჩაატარა. წინა ტურში იყო, გორის დილასთან პირველი ნახევარი 0:2 წააგო და შესვენების მერე სამი უპასუხო გოლი გაიტანა, დღეს კი ბათუმში მოაწყო გოლების კასკადი. 

საკვანძო მომენტი გამოდგა 49- წუთზე ბათუმელთა მეკარის, მათე თურმანიძის, გაძევება. თურმანიძემ საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა და არბიტრმა აკაკი ფარჯიკიამ VAR-ზე გადამოწმების მერე უჩვენა წითელი ბარათი თურმანიძეს. კარში მეორე მეკარე საბა ისმაილოვი დადგა და პირველივე დარტყმისას უძლური იყო: ნიკოლოზ გალახვარიძემ საჯარიმო შეასრულა და 0:1. ერთ წუთში ისევ გალახვარიძემ გაიტანა ახლო მანძილიდან და დუბლი შეასრულა. საინტერესოა, რომ წლეულს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მას გოლი არ ჰქონდა გატანილი და ახლა ერთბაშად ორი მიითვალა.

62-ე წუთზე ბათუმელებმა სხვაობა შეამცირეს. 18 წლის გიორგი კოხრეიძემ ცაციით დაარტყა და თავისი სადებიუტი გოლი გაიტანა. 

თუმცა რამდენიმე წუთში გარეჯი ისევ ჰანდიკაპით გავიდა წინ: დავით სხირტლაძემ მშვენიერ მოძრაობებს დარტყმაც კარგი მიაყოლა. ბოლოს კი ვნახეთ პენალტი: სერგო კუხიანიძემ თავისივე მოპოვებული პენალტი დაარტყა და ანგარიში 1:4 გახდა. 

ბათუმელები მეხუთე ადგილზე რჩებიან, გარეჯი კი მერვეზეა. 

კოლხეთი 1913 0:1 თელავი

თელავმა ფოთში იმარჯვა. ერთადერთი გოლი ესპანელმა ინიგო მარტინმა გაიტანა პენალტით. თერთმეტმეტრიანი კი იმიტომ დაინიშნა, რომ მეკარე დემეტრე ბულისკერიამ არჩილ დათუაშვილი წააქცია. 

კოლხეთი 1913 აუტსაიდერია და 9 ქულით ჩამორჩა მეცხრეზე მყოფ თელავს. ფოთელებმა ზაფხულის შესვენების მერე აშკარად მოუკლეს, დიდწილად კი ეს განაპირობა გიორგი აბუაშვილის ფაქტორმა: გუნდის აშკარა ლიდერი იყო.

მოკლედ, ისე მოხდა, რომ ამ ტურში კახეთის გუნდებმა ზღვისპირეთში გაიმარჯვეს. 

სამგურალი 2:1 დინამო თბ 

სამგურალმა ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო და მეექვსე ადგილზეა. აი, დინამო კი მეოთხე ადგილზე დარჩა. 

წყალტუბოელთა ფორვარდმა გიორგი ფანცულაიამ კვლავ მშვენივრად ითამაშა და დუბლი გაიფორმა. მიმდინრე სეზონში 14 გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა დავაში ლიდერობს. 

ფანცულაიას პირველი გოლი იყო ძალიან ლამაზი: ლაშა კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი ერთი შეხებით ქუსლით გადაგზავნა გიორგი ლორიას კარში. პირველი ტაიმის ბოლოს კი ფანცულაიამ ველისოლის პასის მერა დასწრებაზე ითამაშა კარგად და ანგარიში 2:0 გახდა.

56-ე წუთზე დინამოელებმა სხვაობა შეამცირეს და თამაში დაძაბეს. ნიკა ნინუამ ძელს მოარტყა ბურთი, იქ კიდევ არეულობა შეიქმნა და ონორე გომისმა ძლიერი დარტყმით გაიტანა - 2:1.