კალენდარი

სამშაბათი, 21 ოქტომბერი

ოთხშაბათი, 22 ოქტომბერი

კვირა, 26 ოქტომბერი

ორშაბათი, 27 ოქტომბერი

სამშაბათი, 28 ოქტომბერი

ახალი ამბები

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 28-ე ტური დასრულდა. დღეს ორი მატჩი გაიმართა. დინამოურ დერბიში ფრე ვნახეთ: ბათუმელებმა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაუთანაბრეს თბილისელებს. სამგურალმა კი სტუმრად მოუგო კოლხეთი 1913-ს...

დინამო თბ 1:1 დინამო ბთ 

ამ ფრის მერე დინამო თბილისი და ქუთაისის ტორპედო ქულებით თანაბრად არიან, მესამე-მეოთხე ადგილებზე. ბათუმელები კი ცხრილის შუაში მეხუთეზე რჩებიან. ზღვისპირელებს რვამატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ. სხვათა შორის, ამ მატჩში პირველი ასპროცენტიანი შანსი მათ შექმნეს, როცა ლევან ხოზრევანიძის პასის მერე დაჩი აბუსელიძემ ახლოდან ააცილა.

ანგარიში 59-ე წუთზე გახსნა ირაკლი სირაძემ. ტიპიური ფორვარდული გოლი გაიტანა. დინამო თბილისი იგებდა, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე მათ კარში პენალტი დაინიშნა.

კობა რევაზაშვილმა VAR-ზე გადაამოწმა ეპიზოდი: დმიტრი მანდრიჩენკომ დაარტყა და ბურთი საჯარიმოში ხელზე მოხვდა თორნიკე მორჩილაძეს. პენალტი, ნიკა კალანდარიშვილის ზუსტი დარტყმა და 1:1.

კოლხეთი 1913 2:3 სამგურალი 

ფოთელები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ წყალტუბოელებმა გაიმარჯვეს.

სწრაფი გოლი ვნახეთ. მასპინძელთა შემტევმა დიტო ფაჩულიამ ჩააწოდა და ვინისიუსს საკუთარ კარში აეჭრა ბურთი.

მე-18 წუთზე სამგურალმა სწრაფი შეტევა განახორციელა, ირაკლი ჯანჯღავამ გააყოლა ბურთი ჟან კარლოსს, მის გარღვევასა და პასს კი მოჰყვა გუნდის კაპიტან დემურ ჩიხლაძის გოლი - 1:1.

ამის მერე კი მშვენიერი გოლი გაიტანა კოლხების შემტევმა გიორგი ხარებავამ. ცაციით შორეულ კუთხეში ისე ოსტატურად გაუშვა ბურთი, რომ ყველა მაღალი კლასის ფეხბურთელი მოაწერდა ხელს - 2:1.

მეორე ტაიმი დაიწყო და 50-ე წუთზე უკვე სამგურალი უკვე იგებდა... ერთწუთიან მონაკვეთში ორჯერ გაიტანეს. ორივეჯერ ლაშა შერგელაშვილის მარცხნიდან ჩაწოდებას მოჰყვა ეს ამბები. ჯერ ირაკლი ჯანჯღავამ გაათანაბრა თავურით. მერე კი ვინისიუსმა თავით დაუგდო ბურთი გიორგი ფანცულაიას და მანაც ახლოდან გაიტანა - 2:3.

ფანცულაიას მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 12 გოლი მოუგროვდა და ბიორნ იონსენთან ერთად ლიდერობს ბომბარდირთა დავაში.

კოლხეთი ბოლო ადგილზეა და 6 ქულით ჩამორჩება ბოლოსწინაზე მყოფ თელავს. აი, სამგურალი კი მეშვიდეზეა და 5 ქულით დაშორდა საშიშ ზონას. წყალტუბოელებმა ზედიზედ მესამედ მოიგეს.