კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-17 ტური დასრულდა. დღის სამი მატჩიდან ორში მასპინძლებმა მოიგეს დიდი ანგარიშით, ხოლო ერთი თამაში ფრედ დასრულდა. გაგრამ თელავს აჯობა, სამგურალმა ცუდი სერია შეწყვიტა და დინამო ბათუმთან გაიმარჯვა, გარეჯი-იბერია 1999 კი ფრედ დამთავრდა...
გაგრას ზედიზედ სამი ფრე ჰქონდა, ამჯერად კი 3:0 მოუგო თელავს და მეექვსე ადგილი გაიმყარა. თელავს რაც შეეხება, 11-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ და ამ 11 შეხვედრაში ორი ქულა აიღეს.
ამ მატჩში ბევრი საგოლე მომენტი შეიქმნა. პირველი გოლი 54-ე წუთზე გავიდა, კერძოდ, ბრაზილიელმა პედრო ბორჟესმა 17-18 მეტრიდან ძლიერი დარტყმით გახსნა ანგარიში.
84-ე წუტზე გიორგი ხარებაშვილმა კუთხურიდან ცაწოდებული ბურთი თავით გადაგზავნა კარში, ბოლოს კი შეცვლაზე შესულმა ილია კაციაშვილმა შეასრულა კარგი დარტყმა და 3:0. ეს კაციაშვილის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
ბოლო 7 შეხვედრიდან სამგურალს 6 წაგებული ჰქონდა, ამჯერად კი დინამო ბათუმთან მშვენიერი მატჩი ჩაატარა და 3:0 მოიგო.
პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა გიორგი ფანცულაიამ. მან ჯერ ოსტატურად გადაუგდო ბურთი თავზე მეკარე ლუკა ხარატიშვილს, მერე კი ლუკა ხორხელის პასს მიაყოლა ზუსტი დარტყმა... ფანცულაიას მიმდინარე სეზონში 5 გოლი მოუგროვდა.
ისე, 1:0-ზე დინამო ბათუმმა პენალტი ვერ გამოიყენა. მოჰამედ ფოფანა წააქციეს, პენალტი უერდი მარამ დაარტყა და მეკარე ნოდარ ყალიჩავამ აიღო ბურთი.
სამაგიეროდ, თერთმეტმეტრიანი სამგურალმა გაიტანა, კონკრეტულად კი ლუკა ხორხელმა. სწორედ ლუკამ მოიპოვა ეს პენალტი... არბიტრმა კობა რევაზაშვილმა VAR-ზე გადაამოწმა ეპიზოდი. საბოლოოდ 3:0. და ხორხელისთვის ეს მეექვსე გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
დინამო ბათუმი პირველ წრეში ბევრად ძლიერად თამაშობდა, მეორეში კი მოუკლო, რისი მიზეზი ტრავმებიცაა.
მოქმედი ჩემპიონი და ლიდერი სწრაფი გოლით დაწინაურდა. ლუკა სილაგაძემ ამირან ძაგანიასგან მიიღო ბურთი, მარცხნიდან შეირბინა საჯარიმოში და დაბალი დარტყმით 0:1 გახადა ანგარიში.
იბერია 1999 ახლოს იყო მორიგ გამარჯვებასთან, თუმცა გარეჯმა ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინა და ბოლოს, 86-ე წუთზე გაათანაბრა კიდეც: ვახო ბედოშვილმა მარჯვენა ფლანგზე კარგად ითამაშა, საჯარიმოში შეჭრილმა კი ზუსტი პასი გააკეთა და შეცვლაზე შესულმა გიორგი გოგოლაშვილმა ახლოდან გაიტანა - 1:1.
გოგოლაშვილისთვის ეს პირველი გოლია წლევანდელ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. გარეჯი მერვე ადგილზეა. გუნდმა ზედიზედ მესამე მატჩი დაასრულა ფრედ. აი, იბერია 1999 კი 6-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. ეს მათი ზედიზედ 29-ე წაუგებელი მატჩია...