კალენდარი

ოთხშაბათი, 21 მაისი

შაბათი, 24 მაისი

კვირა, 25 მაისი

ოთხშაბათი, 28 მაისი

ხუთშაბათი, 29 მაისი

ახალი ამბები

ტური 16: დაძაბულობა, ერთი გოლის ფასი

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-16 ტური დაიწყო და სამი მატჩი გაიმართა. სამივე მასპიძლებმა მოიგეს ერთბურთიანი სხვაობით. დაძაბული თამაშები იყო, ვნახეთ სადებიუტო გოლები, თამაშის მოტრიალება, პენალტები...

დილა 4:3 სამგურალი

გორის დილა ორი ბურთით აგებდა წყალტუბოს სამგურალთან, მაგრამ საბოლოოდ 4:3 მოიგო.

მე-16 წუთზე უკვე 0:2 იყო. ჯერ გიორგი ფანცულაიამ გამოიყენა თავისივე მოპოვებული პენალტი, მერე კი ლუკა ხორხელმა გაზარდა სხვაობა. ხორხელმაც თავად გამოიმუშავა პენალტი და გოლად აქცია...

42-ე წუთზე დილამაც გაიტანა: თედო კიკაბიძემ ჩააწოდა და ჟან-მარკ ტიბუემ თავურით ზუსტად დაარტყა.

გავიდა რამდენიმე წუთი და ოთარ ფარულავამ გარღვევა გოლით დასრულა. ტაიმი ასე დასრულდა - 2:2.

დილა 78-ე წუთზე დაწინაურდა. შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა შექმნეს გოლი: სირილ ედუძი მარცხნიდან შეიჭრა საჯარიმოში, დაბალი პასი გააკეთა და არუნა უატარამ ახლოდან კარგად დაარტყა - 3:2.

ბოლოს ისევ სირილ ედუძის პასს მოჰყვა აბუბაქარ კონტეს შესრულება და მეოთხე გოლი. ეს ტიპიური კონტრშეტევა იყო. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე სამგურალმა სხვაობა შეამცირა, კერძოდ, ლუკა ხორხელმა დუბლი შეასრულა - 4:3.

დილა მეორე ადგილზეა და 8 ქულით ჩამორჩება ლიდერ იბერია 1999-ს. გორელებმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგეს და ამ სამ შეხვედრაში 10 გოლი გაიტანეს. სამგურალმა კი ზედიზედ მეხუთედ წააგო და ბოლოსწინა საფეხურზეა.

იბერია 1999 1:0 დინამო თბ 

მოქმედმა ჩემპიონმა კვლავ მოიგო. იბერია 1999-მა ამირან ძაგანიას გოლით აჯობა დინამო თბილისს.

ძაგანია ორი წუთის შესული იყო მინდორზე, როცა გიზო მამაგეიშვილის პასის მერე საჯარიმოს მისადგომებიდან შორეულ კუთხეში დარტყმით გაიტანა. ეს მოხდა 70-ე წუთზე. ეს ძაგანიას პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

იბერია 1999 წაუგებლად და 8-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. დინამო თბილისი მეოთხე პოზიციაზეა.

ტორპედო 2:1 კოლხეთი 1913 

ქუთისელებმა ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგეს და მესამე ადგილზე გადავიდნენ. ფოთელები კი მერვეზე რჩებიან.

28-ე წუთზე ცოტნე ფაცაციამ კუთხური ჩააწოდა, ფოთელთა მცველმა სულეიმან მეიტემ ხელით ითამაშა და პენალტი დაინიშნა, რომელიც ბიორნ იონსენმა გამოიყენა - 1:0.

წუთნახევარში გათანაბრდა ანგარიში. ფოთელთა ნახევარმცველმა გიორგი აბუაშვილმა ითამაშა კარგად, გარღვევას დარტყმაც მიაყოლა, ტორპედოს მეკარე ფილიპ კლიაიჩმა მოიგერია, იქ არეულობაში კი გიორგუ მოისწრაფიშვილმა იმარჯვა და ზუსტი დარტმით 1:1 გახადა ანგარიში. ეს მოისწრაფიშვილის პირველი გოლია მიმდინარე სეზონში.

დაძაბული თამაში იყო და მომენტებიც არ აკლდა. გოლი კი არ გადიოდა, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ტორპედომ თავისი გაიტანა. სტუმართა ფეხბურთელმა დავით ზურაბიანმა შეტევში ჩართული სოლომონ კვერკველია წააქცია. არბიტრმა კოტე გიორგაძემ VAR-ზე ნახა მომენტი და პენალტი დანიშნა. იონსენმა შანსი ხელიდან არ გაუშვა, გაიტანა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში წლეულს 7 გოლი მოუგროვდა. ეს შვიდივე ბოლო ერთთვიან მონაკვეთში მიითვალა...