კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-13 ტური დასრულდა. ამჯერად მასპინძლების დღე იყო: დინამო თბილისმა თელავს აჯობა, ხოლო საგარეჯოს გარეჯმა ფოთის კოლხეთი 1913-ს მოუგო...
სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. 27-ე წუთზე საბა ხარებაშვილმა მარცხნიდან გაუკეთა კარგი პასი ვახტანგ სალიას, რომლის გადაცემას ვალერიან გვილია გამოეხმაურა და ანგარიში გახსნა. ეს გვილიას პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში... მისი პირველი სეზონია საქართველოში.
ტაიმის ბოლო წუთებში ცოტნე ბერელიძემ მეკარესთან პირისპირ დატოვა თორნიკე მორჩილაძე და მანაც ზუსტად დაარტყა - 2:0.
თუმცა თელავმა ზედ შესვენების წინ შეამცირა სხვაობა: ტატო ჟივიძის გადაცემას დინამოელი საბა ხვადაგიანის ავტოგოლი მოჰყვა.
დინამო თბილისმა ბოლო 5 ტურში 11 ქულა აიღო, მეოთხე ადგილზეა და მეორეადგილოსან დინამო ბათუმს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. თელავი კი ბოლოზეა.
გარეჯმა ზედიზედ მეორედ მოიგო და ბოლო ადგილიდან მერვეზე აინაცვლა. თუმცა ცხრილის ქვედა ნაწილში ქულებში სიმჭიდროვეა.
მე-18 წუთზე საგარეჯოელები ვახო ბედოშვილის გოლით დაწინაურდნენ. მან ბაჩანა მოსაშვილის პასის შემდეგ ძლიერად დაარტყა და ზოგადად კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი მიითვალა.
პირველივე ტაიმში, ბედოშვილმა პენალტიც მოიპოვა, რომელიც ლევან პაპავამ გამოიყენა - 2:0.
მეორე ტაიმში ვნახეთ მშვენიერი გოლები... ისევ ბედოშვილი. მან დაახლოებით 30 მეტრიდან თავზე გადაუგდო ბურთი მეკარე იაროსლავ კოტლიაროვს.
73-ე წუთზე ფოთელთა ბომბარდირმა გიორგი აბუაშვილმა შორიდან ტექნიკური დარტყმით შეამცირა სხვაობა. კოლხეთი 1913-ს სულ 7 გოლი აქვს გატანილი და აქედან 6 აბუაშვილმა მიითვალა...
გარეჯმა მაინც დიდი ანგარიშით გაიმარჯვა. კონტრშეტევაზე ვალერი ოლხოვმა კარგი პასი გაუკეთა მათე ქომეთიანს, რომელსაც კოტლიაროვმა პირველი დარტყმული აუღო, მაგრამ დამატებაზე ხელი ვერავინ შეუშალა. 4:1.
და ქომეთიანისთვისაც პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.