კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-13 ტური დაიწყო. სამი მატჩი გაიმართა და სამივე სტუმრებმა მოიგეს: ქუთაისის ტორპედომ, გაგრამ და თბილისის იბერია 1999-მა. მოქმედი ჩემპიონი 9-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს...
ქუთაისის ტორპედომ სწრაფი გოლი გაუტანა დილას და როგორც აღმოჩნდა, ეს გამოდგა გადამწყვეტი. პაატა ღუდუშაურმა მარცხნიდან დაბალი პასი გააკეთა და მოჰამედ შერიფმა დასწრებაზე ერთი შეხებით გადაგზავნა კარში. ეს შერიფის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში...
მომენტი კიდევ არაერთი იყო, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. ტორპედო მეხუთე ადგილზეა და 5 ქულით ჩამორჩება მესამეადგილოსან დილას.
გაგრას პირველ წრეში სამგურალთან 0:2 ჰქონდა წაგებული, ამჯერად კი ზუსტად იგივე ანგარიშით აჯობა წყალტუბოელებს.
მე-2 წუთზე, კერძოდ, 65-ე წამზე ვანდერსონ სილვამ ჩააწოდა და სამგურალის მცველმა ჯუდ არტურმა თავის კარში თავით გაიტანა. ბოლოს კი, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში გიორგი ხარებაშვილმა საშუალო მანძილიდან დაბალი დარტყმით 0:2 გახადა ანგარიში.
გაგრამ ორი ქულით გაუსწრო სამგურალს. ეს გუნდები მეექვსე და მეშვიდე ადგილებზე არიან.
მოქმედმა ჩემპიონმა ისევ მოიგო და უკვე 9-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. იბერია 1999 დაუმარცხებელია.
ამ ტურამდე დაუმარცხებელი იყო დინამო ბათუმიც, თუმცა სერია შეწყდა.
თავიდან ბათუმელები იგებდნენ: ლუკა წულუკიძის მშვენიერ შორეულ გადაცემას მოჰყვა ლიეტუველი გიტის პაულაუსკასის დასწრებაზე თამაში და 1:0.
ხუთ წუთში დინამო ბათუმს მეორე გოლამდე ცოტა დააკლდა, კონკრეტულად კი, გიორგი მაკარიძემ მოიგერია რთული ბურთი. ამას მოჰყვა იბერიელთა სწრაფი კონტრშეტევა, იური ტაბატაძის გარღვევა, პასი და ირაკლი სიხარულიძის გოლი - 1:1. ეს სიხარულიძის 128-ე გოლია უმაღლეს ლიგაში და ყველა დროის ბომბარდირებში მესამეზე გადავიდა. ამ ტურამდე მესამე-მეოთხე პოზიციებს იყოფდა ჯაბა დვალთან ერთად.
39-ე წუთზე სტუმრები წინ გავიდნენ. გიზო მამაგეიშვილმა ჩააწოდა და იური ტაბატაძემ თავურით გაიტანა. ეს მისი მეექვსე გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. სხვათა შორის, ბათუმელებს თბილისშიც გაუტანა.
პირველივე ტაიმში მოახერხეს ბათუმელებმა გათანაბრება: ალბანელმა უერდი მარამ შორიდან ძლიერი დარტყმით... 2:2.
მეორე ტაიმშიც ვნახეთ გახსნილი თამაში, გოლი კი ერთი გავიდა: 82-ე წუთზე იბერია 1999-ის მცველმა გიორგი ჯინჯოლავამ შორიდან დაარტყა, რიკოშეტიც იყო და მეკარე ლუკა ხარატიშვილი უძლური გახდა. 2:3... ეს ჯინჯოლავას პირველი გოლია მიმდინარე სეზონში.