კალენდარი

ორშაბათი, 28 აპრილი

სამშაბათი, 29 აპრილი

პარასკევი, 2 მაისი

შაბათი, 3 მაისი

ახალი ამბები

ფოთელებმა წყალტუბოელებს მოუგეს, დინამოების დაპირისპირება ფრედ დასრულდა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეათე ტური დასრულდა. ფოთის კოლხეთი 1913-მა წყალტუბოს სამგურალს მოუგო, ხოლო დინამოების დაპირისპირება ფრედ დასრულდა: ბათუნელებმაც და თბილისელებმაც პენალტები გაიტანეს.

კოლხეთი 1913 2:1 სამგურალი

ფოთელებმა წლეულს მეორე გამარჯვება მოიპოვეს და საინტერესოა, რომ ორივეჯერ წყალტუბოს სამგურალს აჯობეს. პირველ წრეში 1:0, ამჯერად კი 2:1.

კოლხეთი 1913 ბოლოსწინა ადგილზე რჩება, ხოლო სამგურალი მეექვსეზეა.

28-ე წუთზე ფოთელები გიორგი აბუაშვილმა დააწინაურა, რომელმაც კარგი კომბინაცია დაასრულა ზუსტი დარტყმით.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა სამგურალის მცველმა ლაშა შერგელაშვილმა საჯარიმო მშვენივრად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა,

გამარჯვების გოლიკი ისევ აბუაშვილმა მიითვალა. ინდივიდუალურად კარგი თამაშის შემდეგ ცაციით დაბალ კუთხეში და 2:1. საინტერესოა, რომ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ფოთელთა გატანილი 5 გოლიდან 4 აბუაშვილმა გაიტანა.

დინამო თბ 1:1 დინამო ბთ

დინამოების დაპირისპირება ფრედ დასრულდა. პირველ ტაიმშიც იყო მომენტები, მაგალითად მასპინძელთა ნახევარმცველმა ცოტნე ბერელიძემ შორიდან ხარიხას მოარტყა ბურთი, ჯაბა კანკავას მეკარე ლუკა ხარატიშვილმა აუღო, ხოლო ბათუმელთაგან ჯალენ ბლესას ჰქონდა მშვენიერი შანსი და კარს ააცილა ბურთი.

ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ორივე პენალტით.

71-ე წუთზე თბილისელთა საჯარიმოში მცველმა ირაკლი იაკობიძემ ხელი უბიძგა ბათუმელთა ლიეტუველ ფორვარდ გიტის პაულაუსკასს. არბიტრმა გიორგი ავაზაშვილმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა, მერე მაინც გადაამოწმა VAR-ზე, თუმცა გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. პენალტი ჯალენ ბლესამ გამოიყენა და სეზონში მეხუთე გოლი გაიტანა.

არბიტრმა მეორე პენალტიც VAR-ზე გადამოწმების მერე დანიშნა. ბათუმელთა მცველ ნიკოლოზ ბალაძის ხელი საკუთარ საჯარიმოში და... პენალტი თორნიკე მორჩილაძემ ზუსტად შეასრულა 1:1. მორჩილაძემ წინა ტურშიც გაიტანა.

ბათუმელები მეორე ადგილზე არიან. წაგება არ აქვთ. ისინი ორი ქულით ჩამორჩებიან ლიდერ იბერია 1999-ს. დინამო თბილისი კი მეოთხე საფეხურზეა.