ახალი ამბები

2024 წლის სეზონი დასრულებულია! იბერია 1999-მა ჩემპიონის ფარი აღმართა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლო, 36 ტური გაიმართა. ადგილებიც განაწილდა. მეორეზე საბოლოოდ ქუთაისის ტორპედო გავიდა, მესამეზე კი - გორის დილა. ფლეიოფებში მონაწილეებიც გაირკვა... სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა კი ჩემპიონი იბერია 1999 დააჯილდოვა.

სამტრედია 0:1 დინამო ბთ

მატჩის ერთადერთი გოლი რევაზ ინჯგიამ გაიტანა, რომელმაც მცველ ნათან მელოს ბურთი წაართვა და ახლო კუთხეში დაარტყა. ინჯგია ზაფხულში სწორედ სამტრედიადან გადავიდა დინამო ბათუმში და გოლი არ აღნიშნა...

სამტრედია გავარდა, ბათუმელები კი მეოთხე ადგილზე გავიდნენ. იმერულმა გუნდმა მესამე წრეში ერთი პერიოდი შედეგიანად ჩაატარა, თუმცა მერე ისევ ზედიზედ წააგო მატჩები და საბოლოოდ, ბოლოზე გავიდა.  

ტორპედო 1:0 თელავი 

34-ე წუთი იყო, როცა ცოტნე ფაცაციამ მშვენიერი პასით მოძებნა ბიორნ იონსენი და მანაც ზუსტად დაარტყა. ნორვეგიელი იონსენი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 23 გოლით. და რა საინტერესოა, რომ 22 სხვადასხვა შეხვედრაში გაიტანა, ანუ მხოლოდ ერთხელ შეასრულა დუბლი და ისიც თელავთან...

ტორპედომ ამ გამარჯვებით გადაუსწრო დილას და მეორე ადგილზე გავიდა. თელავს რაც შეეხება, მეცხრე საფეხურზე დაასრულა სეზონი და ფლეიოფში რუსთავს შეხვდება.

დინამო თბ 0:1 გაგრა 

აქაც ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა... გიორგი ხარებაშვილმა სეზონში თავისი მე-11 გოლით მოაგებინა გაგრას. ხარებაშვილი გუნდის საუკეთესო მეგოლეა.

დინამო თბილისი მეშვიდე ადგილზე გავიდა. გუნდმა ბოლო 4 მატჩი წააგო, ამას დაემატა საქართველოს თასის ფინალში მარცხი სპაერთან.

გაგრას კი ამ მოგებამ ვერ უშველა და მაინც ფლეიოფში მოუწევს თამაში: ბოლნისის სიონთან.

დილა 1:2 კოლხეთი 1913

ფოთის კოლხეთი 1913-მა გორში მოიგო და მეექვსე ადგილზე გავიდა. აი, დილა კი მესამეზე დაქვეითდა, თუმცა კონფერენციის ლიგაში გასვლა ისედაც განაღდებული ჰქონდა.

მე-13 წუთზე დილა დაწინაურდა, როცა ტაირელ ვაუტერმა ოთარ ფარულავას პასი გამოიყენა. ეს ვაუტერის მე-19 გოლი იყო სეზონში და მეორე ადგილზე გავიდა ბომბარდირთა შორის,

ფოთელებმა მეორე ტაიმის რვაწუთიან მობაკვეთში ორი გოლი მიითვალეს. ჯერ გიორგი ახალაძემ ითამაშა ინდივიდუალურად და ზუსტი დარტყმით გაათანაბრა, მერე კი გაბრიელ ფერეირას ჩაწოდებული ბურთი კირილ კლიმოვმა თავურით გადაგზავნა ბურთი კარში. კლიმოვს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 10 გოლი მოუგროვდა.

იბერია 1999 1:1 სამგურალი 

იბერია 1999-მა ჩემპიონობა იზეიმა. ისტორიაში მეორედ. პირველად ეს მოხდა 2018 წელს და აი, ახლა ექვსწლიანი შესვენების მერე.

ჩემპიონები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დააჯილდოვა.

ეს მატჩის ბოლოს. თამაში კი ფრედ დასრულდა. იბერიელები პირველი ტაიმის ბოლოს ბენჟამინ ტეიდმა დააწინაურა შორიდან დარტყმით, მეორე ნახევარში კი ლუკა ხორხელმა გაიტანა დემურ ჩიხლაძის კარგი პასის შემდეგ - 1:1.

სამგურალმა მეოთხე წრე კარგად ჩაატარა და საბოლოოდ, მეხუთე ადგილზე გავიდა.