კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლოსწინა, 35-ე ტურის ოთხი მატჩი გაიმართა. გაირკვა ჩემპიონიც: თბილისის იბერია 1999. გუნდი ისტორიაში მეორედ გახდა ჩემპიონი. პირველად ეს მოხდა 2018 წელს.. .ასევე გაირკვა, რომ გავარდა სამტრედია.
იმერულ დერბიში წყალტუბოელებმა გაიმარჯვეს.
მე-15 წუთზე ლევან კუტალიას წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა სამგურალის კაპიტანმა თედო კიკაბიძემ. ეს მისი პირველი გოლია მიმდინარე სეზონში. ისე, პენალტი VAR-ზე გადამოწმების მერე დანიშნა ალეკო აფციაურმა.
ტორპედომ პირველივე ტაიმში ასევე პენალტით გაატანაბრა, კერძოდ, ბიორნ იონსენი წააქციეს და თავად ნორვეგიელმა ზუსტად დაარტყა - 1:1. ეს იონსენის 22-ე გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და ახლოსაა საუკეთესო ბომბარდირობასთან. დილას შემტევ ტაირელ ვაუტერს 4 გოლით უსწრებს.
მატჩი ფრედ სრულდებოდა, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ლევან კუტალიამ თავურით გაიტანა და სამგურალს მოაგებინა. დემურ ჩიხლაძის კუთხური და კუტალიას თავური - 2:1. ლევანი ბოლო ტურებს ძალიან შედეგიანად ატარებს და სეზონში 11 გოლამდეც ავიდა.
სამგურალი მეხუთე ადგილზე გავიდა, ტორპედოს კი ისედაც მიზერული საჩემპიონო შანსი ჰქონდა და ტიტულის გარეშე დარჩა.
კოლხეთი 1913-მა 3:0 მოუგო დინამო თბილისს. საწყის 24 წუთში უკვე 2:0 იყო... ორივეჯერ მარცხნიდან ჩაწოდებულ კუთხურს მოჰყვა გოლი: ჯერ გიორგი ახალაძემ გაიტანა, მერე კი ერეკლე ჯიჯავაძემ.
ბოლო წუთებზე კი გიორგი აბუაშვილმა გაიტანა-სოლო გოლი. თბილისის დინამოს აკადემიის აღზრდილმა მარცხნიდან გარღვევის მერე დაარტყა და ბურთი ხარიხიდან ასხლეტით შევარდა კარში - 3:0. აბუაშვილი ფოთელთა საუკეთესო ბომბარდირია 10 გოლით.
კოლხეთი 1913 მეშვიდე ადგილზეა. დინამო თბილისი კი მეექვსეზეა. ამ ორ გუნდს შორის სხვაობა ერთი ქულაა. კოლხეთი 1913 სამი ქულით უსწრებს გაგრას და ბოლო ტური გაარკვევს, ამ ორი გუნდიდან რომელს მოუწევს გადათამაშებაში მოხვედრა.
გორის დილამ სტუმრად 2:0 სძლია მეოთხეადგილოსან დინამო ბათუმს. გორელებმა ტორპედოს გაუსწრეს და მეორე ადგილზე გადავიდნენ.
ორივე გოლის დროს კარგად გაითამაშეს ბურთი სტუმრებმა. ჯერ ნიდერლანდელმა ტაირელ ვაუტერმა გაიტანა ჟოაუ ნობრეგას პასის შემდეგ; მეორე ტაიმის დასაწყისში კი ოთარ ფარულავას გადაცემასმოჰყვა ირაკლი ბუღრიძის ზუსტი დარტყმა და 0:2.
ვაუტერისთვის ეს მე-18 გოლია სეზონში, ბუღრიძისთვის კი მე-6.
ტორპედოს წაგების მერე, იბერია 1999-ს ფრეც ხელს აძლევდა, რომ ჩემპიონობა გაენაღდებინა. თუმცა თავიდან აგებდა...
პირველი ტაიმი გაგრამ მოიგო ზურაბ ჭავჭანიძის თავურით. ეს ჭავჭანიძის პირველი გოლია სეზონში.
მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როცა იბერიელებმა გაათანაბრეს, კერძოდ, შეცვლაზე შესულმა გიზო მამაგეიშვილმა შორიდან ეფექტური დარტყმით გაიტანა. 84-ე წუთზე კი გიზოს პასს მოჰყვა შეიკნე სილას კარგი თამაში, მეკარესთან პირისპირ გასვლა და ზუსტი დარტყმა - 1:2.
ეს სილას მე-14 გოლია მიმდინარე სეზონში.
იბერია 1999 ჩემპიონი გახდა!
გუნდს სეზონის პირველ ნახევარში გიორგი მიქაძე წვრთნიდა, ზაფხულიდან კი ლევან კორღალიძე ჩაუდგა სათავეში.
შვიდგოლიანი მატჩი. თელავმა 5:2 მოუგო სამტრედიას და პლეი-ოფი მოუწევს, რათა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს. ან რუსთავთან მოუწევს, ან ბოლნისის სიონთან.
აი, სამტრედია კი გავარდა...
არადა, თავიდან სამტრედია იგებდა ერიკ ბარიოსის თავურით. თუმცა პირველივე ტაიმში თელაველებმა ორი გოლი გაიტანეს და ორივე მარჯვენა ფლანგიდან დაწყებული შეტევით: ჯერ თორნიკე მორჩილაძემ, მერე კი თემურ გოგნაძემ - 2:1.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა მასპინძლებმა სხვაობა გაზარდეს, კერძოდ, ფირუზ მარაქველიძემ დაასრულა თავისივე დაწყებული კონტრშეტევა. ისევ მარჯვნიდან.
ამას მოჰყვა დეიან გეორგიევიჩის გოლი. მან ახლო მანილიდან დაამატა მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს... მალევე, სამტრედიელთა შემტევმა ფრანსუა ეკონგოლომ გამოიყენა მეკარესთან პირისპირ გასვლა და ანგარიში 4:2 გახდა.
ბოლო გოლი კი ისევ გეორგიევიჩმა მიითვალა. სერბმა პენალტი ზუსტდ შეასრულა და სეზონში მეექვსე გოლი გაიტანა.
ჩემპიონები
19 - დინამო თბ (1990, 1991, 1991-92, 1992-93, 1993-94, 1994-95, 1995-96, 1996-97, 1997-98, 1998-99, 2002-03, 2004-05, 2007-08, 2012-13, 2013-14, 2015-16, 2019, 2020, 2022)
4 - ტორპედო (1999-2000, 2000-01, 2001-02, 2017)
2 - იბერია 1999 (2018, 2024)
2 - ვიტ ჯორჯია (2003-04, 2008-09)
2 - რუსთავი (2006-07, 2009-10)
2 - ზესტაფონი (2010-11, 2011-12)
2- დინამო ბათუმი (2021, 2023)
1 - სამტრედია (2016)
1 - დილა (2014-15)
1 - სიონი (2005-06)