ახალი ამბები

ტური 20: სტუმრების უპირატესობით

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-20 ტურის სამი მატჩი გაიმართა. აქედან ორში სტუმრებმა გაიმარჯვეს, ერთი თამაში კი ფრედ დასრულდა. დინამო თბილისისთვის და ფოთის კოლხეთი 1913-ისთვის კარგი დღე იყო.

სამტრედია 1:3 კოლხეთი 1913 

აუტსაიდერმა სამტრედიამ შინ წააგო ფოთის კოლხეთი 1913-თან. ლაშა კოხრეიძემ საწყის 20 წუთში დუბლი შეასრულა: ჯერ გიორგი ახალაძის, მერე კი ირაკლი ჯიჯავაძის პასით. კოხრეიძეს სეზონში 6 გოლი მოუგროვდა და აქედან 4 სამტრედიას გაუტანა.

მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი ქველაძემ შეამცირა სხვაობა, ხოლო 79-ე წუთზე ფოთელთა ნახევარმცველმა საბა ფირანაშვილმა შორიდან დარტყმით 1:3 გახადა ანგარიში.

სამტრედიას მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს. კოლხეთი 1913 კი მეექვსე საფეხურზეა: 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

თელავი 0:1 დინამო თბ 

დინამო თბილისმა თელავში მოიგო და მეხუთე ადგილზე დაბრუნდა. ერთადერთი გოლი დომინიკ რაიტერმა გაიტანა, რომელმაც ლევან თანდილაშვილის შეცდომით ისარგებლა და ცარიელ კარში გაიტანა. ეს მოხდა 21-ე წუთზე.

რაიტერი ავსტრიელია და ამ ზაფხულს შეუერთა დინამოელებს. ეს მისი პირველი გოლია საქართველოში.

მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ 0:1. თელავი ბოლოსწინა ადგილზეა.

გაგრა 1:1 დინამო ბთ

დინამო ბათუმმა ზედიზედ მესამე ფრე ითამაშა და მეოთხე ადგილზე დარჩა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი 7 ქულით ჩამორჩება ლიდერ გორის დილას, თან დილას ამ ტურში სათამაშო აქვს (სტუმრად სამგურალთან).

ბათუმელები იგებდნენ ალბანელი უერდი მარას შორიდან გატანილი ლამაზი გოლით. თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს გაგრელთა ნახევარმცველმა გიორგი პაპუაშვილმა ასევე შორიდან კიდევ უფრო ლამაზი გაიტანა - 1:1.

გაგრა მერვე ადგილზეა.