ახალი ამბები

დინამოების დაპირისპირება ბათუმელებმა მოიგეს; ფოთელებმა იბერია 1999-ს სძლიეს; სამტრედია-დილა უგოლოდ დასრულდა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-16 ტური სამი მატჩი გაიმართა. ზედა სამეულის გუნდებიდან მხოლოდ დინამო ბათუმმა იმარჯვა, რომელმაც დინამო თბილისს სტუმრად მოუგო. ლიდერმა გორის დილამ სამტრედიაში უგოლო ფრე ითამაშა, ხოლო იბერია 1999 ფოთის კოლხეთი 1913-თან დამარცხდა. 

სამტრედია 0:0 დილა 

ეროვნული ლიგის აუტსაიდერისა და ლიდერის დაპირისპირება ფრედ დასრულდა. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ გოლი არ გავიდა.

13 მატჩია, დილა არ დამარცხებულა და სეზონში მერვეჯერ შეინახა კარი მშრალად. მეტიც, გორელებს ზედიზედ 4 გასვლითი შეხვედრა ჰქონდათ მოგებული. სამტრედიას კი 10-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

იბერია 1999 0:2 კოლხეთი 1913

იბერია 1999-მა ბოლო ოთხი შეხვედრიდან სამი წააგო. ამჯერად 0:2 დამარცხდა ფოთის კოლხეთი 1913-თან.

ორივე გოლი გიორგი მელქაძემ გაიტანა. მან ჯერ გიორგი ხარებავას ჩაწოდებულ ბურთს დაუხვედრა ფეხი და ანგარიში გახსნა, მერე კი თავისივე მოპოვებული პენალტი აქცია გოლად - 0:2.

ეს ფოთელთა პირველი გასვლითი მოგებაა მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. გუნდი მეხუთე ადგილზე გადავიდა, იბერია 1999 კი მეორეზე რჩება.

დინამო თბ 1:2 დინამო ბთ 

დინამოების დაპირისპირებაში თბილისელებმა პირველი ტაიმი მოიგეს, მეორეში კი  ბათუმელებმა მოატრიალეს თამაში.

პირველი ტაიმის ბოლოს ვასილიოს გორდეზიანმა საბა ხარებაშვილის ჩაწოდებულ კუთხურს მიაყოლა თავური და თბილისელები დაწინაურდნენ.

მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როცა პაატა ღუდუშაურმა არამუშა, მარჯვენა ფეხით გაიტანა ონორე გომისის პასის შემდეგ - 1:1. ეს ღუდუშაურის მეოთხე გოლია სეზონში.

53-ე წუთზე კი ალბანელმა უერდი მარამ ლევან ხარაბაძის ჩაწოდებული ბურთი გაგზავნა კარში და 1:2. ეს მარას პირველი გოლია საქართველოში და თან ასეთი ფასეული.

დინამო ბათუმი მესამე ადგილზე რჩება, თუმცა ლიდერ დილასთან ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა. დინამო თბილისი კი მეექვსე პოზიციაზეა: გუნდმა მიმდინარე სეზონში შინ პირველად წააგო, მაგრამ მთლიანობაში უკვე მეექვსედ დამარცხდა.