კალენდარი

პარასკევი, 22 ნოემბერი

შაბათი, 23 ნოემბერი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

ახალი ამბები

დილა - ახალი ლიდერი; სამგურალის მოგება გაგრასთან; დინამო თბილისის ფრე სამტრედიაში

გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტურის სამი მატჩი. ლიდერი შეიცვალა: გორის დილამ სტუმრად 4:1 მოუგო იბერია 1999-ს და პირველ ადგილზე გადავიდა. დინამო თბილისმა ბოლო ოთხ შეხვედრაში მესამე 0:0 ითამაშა (ამჯერად სამტრედიაში). წყალტუბოში კი სამგურალმა სზლია გაგრას, რომელსაც ამ ტურამდე სამმატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა.

სამგურალი 2:0 გაგრა 

წყალტუბოს სამგურალმა პირველ ტაიმში გატანილი ორი გოლით აჯობა გაგრას და ქულებით გაუთანაბრა: ორივეს 13-13 აქვს. ცხრილში გუნდები მეშვიდე-მერვე ადგილზე არიან. გაგრას ზედიზედ სამი მოგება ჰქონდა და ეს სერია შეწყდა.

პირველი გოლი გიორგი ფანცულაიამ გაიტანა: ლუკა ხორხელის ჩაწოდებულ კუთხურს მიაყოლა ქუსლით ერთ შეხებაში დარტყმა. ლამაზი გოლი იყო.

მერე კი ალექსანდრე ვერულიძემ საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმით გაუტანა ოლეკსანდრ ვორობეის. ვერულიძემ წინა ტურშიც მიითვალა გოლი (კოლხეთი 1913-თან 3:3).

სამტრედია 0:0 დინამო თბ 

სამტრედიაში გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა. იყო მომენტები, მაგალითად, დინამოელმა ოსკარ სანტისმა და ვახტანგ სალიამ ძელს მოარტყეს ბურთი. თუმცა საბოლოოდ 0:0.

სამტრედია ბოლო ადგილზეა და რვამატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. დინამო თბილისი კი მეხუთე ადგილზეა და ლიდერ გორის დილას 13 ქულით ჩამორჩება. სხვათა შორის, დინამოელებმა ზედიზედ ოთხი მატჩი ჩაატარეს გოლგაუშვებლად, მაგრამ აქედან სამი 0:0 დაასრულეს...

იბერია 1999 1:4 დილა 

ლიდერისა და მეორეადგილოსნის დაპირისპირება...

დილამ თბილისში 4:1 სძლია იბერია 1999-ს და პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

სწრაფი გოლი ვნახეთ: იბერიელთა მცველმა სოლომონ აგბალაკამ საჯარიმოში ფეხი გამოსდო დილას შემტევ აბუბაქარ კონტეს და არბიტრმა ირაკლი ხერხაძემ VAR-ზე გადამოწმების მერე დანიშნა პენალტი. ნიდერლანდელმა ტაირელ ვაუტერმა პენალტი ზუსტად შეასრულა - 0:1.

მე-20 წუთზე ლამაზი გოლი გავიდა: დილას 20 წლის მცველმა ზურაბ რუხაძემ შორიდან ძლიერად დაარტყა. ეს რუხაძის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში...

და პირველ ტაიმში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა დილას სასარგებლოდ: დერეკ აკვიაგას ხელზე მოხვდა ბურთი... ნიკა გაგნიძემ დაარტყა თერთმეტმეტრიანი, ლაზარე კუპატაძემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ტაირელ ვაუტერმა იმარჯვა და სეზონში მეშვიდე გოლი გაიტანა - 0:3.

მეორე ტაიმი... დილას შემტევმა კიფონ ლაიდსმანმა თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა და შოთა ნონიკაშვილმა შეამცირა სხვაობა. ვაუტერის მსგავსად, ნონიკაშვილისთვისაც მეშვიდე გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

დილამ მეტი აღარ გაუშვა, პირიქით, ბოლოს, 97-ე წუთზე მეოთხე გოლი გაიტანა: შოთა შეყილაძემ კონტრშტევაზე მშვენივრად ითამაშა და დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა - 1:4. შეყილაძის მეხუთე გოლია სეზონში.