კალენდარი

პარასკევი, 18 ოქტომბერი

შაბათი, 19 ოქტომბერი

კვირა, 20 ოქტომბერი

კვირა, 27 ოქტომბერი

ორშაბათი, 28 ოქტომბერი

ახალი ამბები

თბილისური დერბი დინამომ მოიგო, გაგრამ ზედიზედ მესამედ იმარჯვა, ორი მატჩი ფრედ დასრულდა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-13 ტურის ოთხი მატჩი გაიმართა. თბილისურ დერბიში დინამომ ლიდერ იბერია 1999-ს აჯობა, გაგრამ კი ზედიზედ მესამედ მოიგო (ამჯერად სამტრედიასთან). დილამ შინ ფრედ ითამაშა ტორპედოსთან და კიდევ, ფოთელები ორი ბურთის სხვაობით აგებდნენ სამგურალთან, მაგრამ 3:3 ითამაშეს.

გაგრა 2:1 სამტრედია 

გაგრამ ზედიზედ მესამედ მოიგო, სამტრედიამ კი პირიქით - მიჯრით მესამედ წააგო.

გაგრელთა ნახევარმცველმა გიორგი პაპუაშვილმა საჯარიმო შეასრულა და ძლიერი დარტყმით გახსნა ანგარიში. ეს მე-14 წუთზე მოხდა. პაპუაშვილისთვის მეორე გოლია სეზონში და ორივე სამტრედიელებს გაუტანა.

მეორე ტაიმში სამტრედიელთა გამოცდილმა ფეხბურთელმა ლევან ხმალაძემ პენალტით გაათანაბრა.

74-ე წუთზე კი გაგრამ გადამწყვეტი გოლი მიითვალა. შეცვლაზე შესულების მეშვეობით: დავით ნაჭყებიას პასს მოჰყვა ზაზა ციცქიშვილის ზუსტი დარტყმა და 2:1. ეს ციცქიშვილის პირველი გოლია ამ სეზონში.

გაგრა მეშვიდე ადგილზეა, სამტრედია - ბოლოზე.

დინამო თბ 1:0 იბერია 1999

დინამო თბილისმა გვატემალელი ოსკარ სანტისის გოლით მოუგო ლიდერ იბერია 1999-ს. მე-19 წუთზე სანტისმა მარცხენა ფლანგზე კარგად იმოქმედა, დრიბლინგი შორიდან დარტყმით დაასრულა და მეკარე ლაზარე კუპატაძემ ბურთი ვერ მოიგერია - 1:0.

ეს სანტისის სადებიუტო გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე იბერია 1999-ს მცველი გიორგი ჯგერენაია გაუძევეს.

დინამო თბილისი მეხუთე ადგილზეა, ლიდერს 12 ქულით ჩამორჩება.

დილა 1:1 ტორპედო 

ფრეების სერია გაგრძელდა. დილამ ზედიზედ მესამე ფრე ითამაშა, ტორპედომ კი სულაც მეხუთე. სხვათა შორის, ეს გორელთა მიჯრით მეათე წაუგებელი შეხვედრაა.

პირველ ტაიმში ქუთაისელთა ფორვარდმა ბიორნ იონსენმა ძელს მოარტყა ბურთი, თუმცა ზედ შესვენების წინ გიორგი არაბიძის ჩაწოდებულს მოჰყვა ნიკა სანდოხაძის ზუსტი თავური და სტუმრები წინ გავიდნენ.

მეორე ნახევარში დილას კაპიტანმა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელმა ნიკა გაგნიძემ მშვენიერი მოჭრილი დარტყმით გაათანაბრა - 1:1.

დილა მეორე ადგილზეა და ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერ იბერია 1999-ს, ტორპედო კი მეოთხე საფეხურზეა.

კოლხეთი 1913 3:3 სამგურალი 

ექვსგოლიანი ფრე. კოლხეთი 1913 ჯერ 0:2-ს, მერე 1:3-საც აგებდა წყალტუბოს სამგურალთან, მაგრამ საბოლოოდ გაათანაბრა.

შედეგად, ფოთელები მეექვსე ადგილზე არიან, ხოლო სამგურალი ბოლოსწინაზე დარჩა.

პირველი გოლი ასე გავიდა: ლუკა ხორხელმა კუთხური ჩააწოდა და ნიკა კალანდარიშვილმა თავური მიაყოლა. 37-ე წუთზე კი ალექსანდრე ვერულიძემ გამოიყენა გიორგი ფანცულაიას პასი და სხვაობა ორბურთიანი გახდა.

57-ე წუთზე ფოთელთა ნახევარმცველმა გიორგი ხარებავამ შორიდან დაბალ კუთხეში დაარტყა და სხვაობა შეამცირა - 1:2.

თუმცა მალევე ლუკა ხორხელმა ტექნიკური დარტყმით გაიტანა და სამგურალი თითქოს ახლოსაც იყო გამარჯვებასთან.

გავიდა კიდევ ორი წუთი და ფოთელებმა ისევ დაძაბეს თამაში: გიორგი აბუაშვილმა მშვენიერი ჩახვეული დარტყმით ცხრიანში მოათავსა ბურთი, ხოლო ბოლოს, 89-ე წუთზე ისევ აბუაშვილმა გაიტანა: თავური და 3:3.