ახალი ამბები

იბერია 1999-მა და დილამ სტუმრად მოიგეს, ქართული დერბი უგოლოდ დასრულდა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-12 ტური დასრულდა. დღეს სამი მატჩი გაიმართა, ლიდერმა იბერია 1999-მა სამტრედიაში 3:0 მოიგო და საინტერესოა, რომ ბოლო 5 შეხვედრაა, გუნდს ზუსტად 3 გოლი გააქვს; გორის დილამ თელავში 1:0 იმარჯვა, ქუთაისში კი ტორპედოსა და დინამო თბილისის დაპირისპირებაში გოლი არ გავიდა.

დღეს სამი თამაში ისე ჩატარდა, სტუმრებს გოლი არ გაუშვიათ. 

თელავი 0:1 დილა 

გორის დილამ თელავში მოიგო და მეორე ადგილზე დაბრუნდა. დილას ცხრამატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, თელავს კი ბოლო ოთხ შეხვედრაში გოლი არ გაუტანია.

ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 78-ე წუთზე გავიდა, ტაირელ ვაუტერმა დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა და 0:1.

სხვათა შორის, დილამ პირველ წრეშიც 1:0 აჯობა თელაველებს და მაშინაც ვაუტერის გოლით. ნიდერლანდელმა ამ სეზონში მეხუთედ გაიტანა.

სამტრედია 0:3 იბერია 1999

ლიდერმა იბერია 1999-მა კვლავ მოიგო, ამჯერად სამტრედიაში მეორე ტაიმში გატეხა მასპინძლები.

უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ, ჯერ გიორგი კოხრეიძემ ახლოდან დარტყმით გახსნა ანგარიში. ეს მისი მეშვიდე გოლია სეზონში.

68-ე წუთზე მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთი ულამაზესი გოლი ვნახეთ, კერძოდ, ბაქარ ქარდავამ შორიდან ცხრიანში გაგზავნა ბურთი...და ბოლოს მალელმა შეიკნე სილამ დაასრულა კონტრშეტევა: საბა მამაცაშვილისა და ფლორის ჯავის გათამაშების მერე.

სამტრედია აუტსაიდერია, იბერია 1999-ს კი ლიდერობის გარდა სხვა საინტერესო სტატისტიკაც აქვს: ზედიზედ 5 მატჩია, 3 გოლი გააქვს...

ტორპედო 0:0 დინამო თბ 

დაძაბული თამაში უგოლოდ დასრულდა. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ უშედეგოდ. ტორპედოსთვის ეს ზედიზედ მეოთხე ფრე იყო, აქედან სამ შემთხვევაში კი 0:0 დაფიქსირდა.

დინამო თბილისი 54-ე წუთიდან ათი კაცით იყო, რადგან კიკე ლოპესი მეორე გაფრთხილების გამო გააძევეს. დინამომ არ წააგო და ცხრილში მეხუთე ადგილზეა. ისე კი, დინამოელებმა ბოლო 9 შეხვედრაში ერთხელ გაიმარჯვეს.

საინტერესოა ურთიერთშეხვედრების სტატისტიკაც. 2011 წლის მერე ტორპედოს კონკრეტულად საშინაო შეხვედრაში არასოდეს დაუმარცხებია დინამო თბილისი. სულ კი ეროვნულ ჩემპიონატში ამ გუნდების 91 დაპირისპირებიდან 49 დინამოელებმა მოიგეს, 17 ქუთაისელებმა, 25 მატჩი კი ფრედ დასრულდა.