კალენდარი

ორშაბათი, 2 დეკემბერი

კვირა, 8 დეკემბერი

ახალი ამბები

დინამოების დაპირისპირება ბათუმელებმა მოიგეს

გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის ბოლო მატჩი. ბათუმში დინამოების დაპირისპირება შედგა: მასპინძლებმა 2:0 მოუგეს თბილისელებს.  

დინამო ბთ 2:0 დინამო თბ 

ბოლო ხუთი წელია, ეს კლუბები ხდებიან ჩემპიონები. 

ამჯერადაც საინტერესო გამოდგა მათი დაპირისპირება. მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმელებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანეს დინამო თბილისს. 

34-ე წუთი იყო, როცა ბათუმელთა სენეგალელმა შემტევმა ონორე გომისმა დაიწყო შეტევა, კარგი პასი გაუკეთა გიორგი წიტაიშვილს, რომლის დარტყმული ბურთი გიორგი ლორიამ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე თავად გომისმა მოახერხა ზუსტად დარტყმა და ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა. 1:0.

მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მეორე ტაიმის შუაში კი ისევ ბათუმელებმა გაიტანეს: ჟან ვიქტორის ჭკვიანურ პასს მოჰყვა ლევან კუტალიას ტექნიკურად შესრულება და 2:0. ეს კუტალიას პირველი გოლია ბათუმელთა მაისურით. ლევანი 2019 წელს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბრდირი გახდა, ოღონდ მაშინ დინამო თბილისში თამაშობდა. 

საინტერესოა, რომ დღეს დინამო თბილისში თორნიკე ოქრიაშვილის დებიუტი შედგა. 70-ე წუთზე შევიდა მინდორზე. ოქრიაშვილს ერთი წელი არ ჰქონდა ნათამაშები, ბოლოს შარშან გაგრაში იყო. 32 წლის თორნიკეს საქართველოს ნაკრებში 50 მატჩი აქვს ჩატარებული და 13 გოლიც გაიტანა. 

ცხრილს რაც შეეხება, დინამო ბათუმი ლიდერია, ხოლო თბილისელები მეექვსე ადგილზე არიან. ამ ორ კლუბს შორის სხვაობა 10 ქულამდე გაიზარდა. დინამო თბილისმა მიმდინარე სეზონში სამი გასვლითი მატჩიდან სამივე წააგო და თან გოლიც არ გაუტანია...