ახალი ამბები

ერთი გოლის ფასი: ბათუმელები და გორელები მაქსიმუმით, ფოთელები ნანატრი მოგებით...

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მესამე ტურის დარჩენილი სამი თამაში გაიმართა. სამივე მასპინძლებმა მოიგეს და სამივემ - მინიმალური სხვაობით. ჯერ ადრეა ქულებზე საუბარი, მაგრამ მაინც დავწეროთ, რომ უდანაკარგოდ ორი გუნდია: გორის დილა და დინამო ბათუმი. ფოთის კოლხეთი 1913-მა ხუთწელიწადნახევრიანი შესვენების შემდეგ პირველად გაიმარჯვა უძლიერესთა ლიგაში...

კოლხეთი 1913 2:1 გაგრა

ფოთელებმა 2018 წლის 21 სექტემბრის შემდეგ პირველად მოიგეს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. მაშინ თბილისის ლოკომოტივს მოუგეს 1:0. წლეულს დაბრუნდნენ და აი, მესამე ტურში მოახერხეს გამარჯვება: გაგრასთან 2:1.

ჯერ გაგრა იგებდა გიორგი ლომთაძის კარგი შესრულებით: მან მოკლე მონაკვეთში კარგად ითამაშა და ტექნიკურად დაარტყა.

კოლხეთი 1913-მა პირველივე ტაიმში გაათანაბრა, კერძოდ, დავით მეგრელიშვილის შორიდან დარტყმული ბურთი ლევან კაკუბავას მოხვდა და ასხლეტით შევარდა კარში.

57-ე წუთზე კი ლაშა კოხრეიძემ დასწრებაზე ითამაშა კარგად და ასე დაასრულა გიორგი მელქაძე-დემეტრე გვასალიას კომბინაცია. 2:1. ფოთელებს თითო მოგება-ფრე-წაგება აქვთ, გაგრა კი ჯერ უქულოდაა.

დილა 1:0 თელავი 

გორის დილამ ნიდერლანდელი ტაირელ ვაუტერის შესრულებული ზუსტი საჯარიმო დარტყმით მოუგო თელავს.

გორელებს სამი თამაშიდან სამივე მოგება აქვთ და გოლიც არ გაუშვიათ, ხოლო ვაუტერმა სამივე შეხვედრაში გაიტანა...

ამ საჯარიმო დარტყმას, რომელსაც გოლი მოჰყვა, წინ უძღოდა თელავის მეკარე ბექა ქურდაძის გაძევება. არბიტრმა ალეკო აფციაურმა ქურდაძეს ჯერ ყვითელი ბარათი უჩვენა, მაგრამ VAR-ზე გადაამოწმა და წითლით შეცვალა (ბოლო იმედის ჯარიმა, საჯარიმოდან გარეთ ხელით თამაში).

დინამო ბთ 1:0 სამგურალი 

სერია გაგრძელდა, ჩემპიონმა მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მესამედაც მოიგო, სამგურალი კი კვლავ დამარცხდა.

1:0 ბათუმში... ეს ერთადერთი გოლი ზედ შესვენების წინ მამუკა კობახიძემ გაიტანა თავურით. ეს ბათუმელთა კაპიტანმა წინა ტურშიც გაიტანა.

წყალტუბოელებს ამ სეზონში გოლი ჯერ არ გაუტანიათ.