კალენდარი

პარასკევი, 22 ნოემბერი

შაბათი, 23 ნოემბერი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

ახალი ამბები

ცხელი ამბები თელავში, ქუთაისსა და სამტრედიაში

გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე ტურის სამი მატჩი. იბერია 1999-მა ქუთაისში ხუთგოლიან შეხვედრაში სძლია ტორპედოს, თელავმა ოთხბურთიანი სხვაობით მოუგო დინამო თბილისს, ხოლო სამტრედია-კოლხეთი ფრედ დასრულდა...

სამტრედია 1:1 კოლხეთი 1913 

ორივე გუნდმა პირველი ქულა აიღო სეზონში. ფოთელები უფრო ახლოს იყვნენ მოგებასთან. პირველი ტაიმის ბოლოს ლაშა კოხრეიძემ ეფექტური დარტყმით დააწინაურა სტუმრები, საპასუხო გოლი კი სამტრედიელთა გამოცდილმა მარცხენაფლანგელმა დავით უბილავამ გაიტანა 86-ე წუთზე.

მანამდე კოლხეთი 1913 ათი კაცით დარჩა, რადგან ფრანგი მცველი მაჰამატ ტიამი გააძევეს უხეშობის გამო (VAR-ზე გადამოწმების შემდეგ).

ტორპედო 2:3 იბერია 1999 

გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა თბილისის იბერია 1999-მა ქუთაისში სძლია ტორპედოს. 0:3 იყო და საბოლოოდ 2:3 დასრულდა.

ზედ შესვენების წინ, სტუმართა შემტევმა გიორგი კოხრეიძემ ჩახვეული დარტყმით წინ გაიყვანა თავისიანები. მეორე ტაიმის საწყის წუთებში ისევ კოხრეიძემ გაიტანა შოთა ნონიკაშვილის პასით, ხოლო 84-ე წუთძე ნონიკაშვილმა პენალტით უფრო სოლიდური სახე მისცა იბერია 1999-ის უპირატესობას. სამბურთიანი სხვაობა.

თამაში დაიძაბა, რადგან დარჩენილ დროში ტორპედომ ორი გოლი გაიტანა და მცირე დრო კიდევ ჰქონდა. ჯერ გიორგი არაბიძის პასს მოჰყვა ნიკოლა ნინკოვიჩის ცხრიანში დარტყმა და 1:3, მერე კი ბიორნ იონსენმა ახლოდან დაამატა ცოტნე ნადარაიას დარტყმულს.

იბერია 1999 ჯერჯერობით ერთადერთი გუნდია, რომელსაც ქულა არ დაუკარგავს.

ქუთაისურ მატჩს საქართველოს ნაკრების მთვარი მწვრთნელი ვილი სანიოლიც დაესწრო თანაშემწეებთან ერთად. 

თელავი 4:0 დინამო თბ 

თელავმა 4:0 მოუგო დინამო თბილისს. პირველი გოლი დაჩი ცნობილაძემ გაიტანა თავურით... ტაიმის შუაში ცნობილაძის კარგ პასს მოჰყვა თორნიკე მორჩილაძის ასევე კარგი შესრულება და 2:0. ტაიმის ბოლოს კი თორნიკე ახვლედიანმა შორიდან ძლიერი დარტყმით მშვენიერი გოლი მიითვალა - 3:0.

საინტერესოა, რომ მორჩილაძეც და ახვლედიანიც დინამოში თამაშობდნენ.

მეორე ტაიმში კიდევ ერთი ბურთი გავიდა: შეცვლაზე შესული 19 წლის გიორგი ხაბულიანი სისწრაფის ხარჯზე აღმოჩნდა დასარტყმელ პოზიციაზე და ახლოდან გაიტანა მიხეილ მაქაცარიას.

დინამო თბილისს საქართველოს ჩემპიონატში ოთხბურთიანი სხვაობით ბოლოს 2011 წელს ჰქონდა წაგებული: ზესტაფონთან 1:5.