კალენდარი

ორშაბათი, 2 დეკემბერი

კვირა, 8 დეკემბერი

ახალი ამბები

შეხვედრა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბებთან 

18 იანვარს, სასტუმრო პარაგრაფში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას 2024 წლის სეზონში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სეზონისწინა შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხები განიხილეს. მათ შორის, საუბარი შეეხო რამდენიმე კლუბის ინიციატივას პროფესიულ კლუბთა გაერთიანების ჩამოყალიბების შესახებ. შეხვედრის შესახებ კომენტარი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გააკეთა.

დავით მუჯირი (სფფ-ის გენერალური მდივანი): "მინდა წარმატება ვუსურვო კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და ევროტურნირებზე მოასპარეზე ქართულ კლუბებს. მნიშვნელოვანი წელი გვაქვს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და წარმატება ვუსურვო ჩვენს ნაკრებს მარტის პლეი-ოფის მატჩებში. 
 
სფფ-ის მენეჯმენტი დღეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ოცივე კლუბს შეხვდა. ძალიან მნიშვნელოვანია გავუზიაროთ ერთმანეთს ის სურვილები, რაც სეზონის დაწყებისთვის გვსურს. მნიშვნელოვანი იყო კლუბების აზრის მოსმენა სხვადასხვა საკითხებზე. სასიამოვნოა, რომ ბევრი გუნდი გამოვიდა ინიციატივით. ფეხბურთის ფედერაცია და აღმასრულებელი კომიტეტი ეცდება, რომ კლუბების სურვილები მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს. 
 
ერთ-ერთი ინიციატივა პროფესიული ფეხბურთის ლიგის შექმნას ეხებოდა. რამდენიმე კლუბმა გამოთქვა სურვილი, თუმცა ამას გარკვეული დრო და შესაბამისი გარანტიები სჭირდება. ფეხბურთის ფედერაცია ხელს შეუწყობს ამ წამოწყებას, თუმცა არსებობს გარკვეული პასუხისმგებლობა და ვალდებულებები, რომელიც ამ ორგანომ უნდა აიღოს საკუთარ თავზე. თუმცა, მთავარია, რომ ოცივე კლუბი შეთანხმდეს და ერთობლივად მოქმედებდეს. მივესალმებით ამ წამოწყებას და ყველანაირად ხელს შევუწყობთ ამ პროექტის განხორციელებას".

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონი, სტარტს პირველ მარტს აიღებს. ხოლო კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2 - 6 მარტს დაიწყება. 5-წლიანი პაუზის შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას კოლხეთი 1913 ფოთი დაუბრუნდა, ხოლო რანგით მეორე დივიზიონს, წელს - სართიჭალის შტურმი, დუშეთის არაგვი და რუსთავი შეუერთდებიან.